
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის 329-ე დღეს გზა ვეღარ გადაიკეტა - პოლიციამ რამდენიმე ათეული დემონსტრანტი, მათ შორის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალმა კანონმა ამოქმედება დაიწყო, ოპოზიცია კი ამბობს, რომ "გუშინ კანონს არ უმუშავია". აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა თავად ოპოზიციის შიგნითაც გააჩინა ბზარი. "ლელოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგიერთი მომიტინგის ქცევამ პროტესტი ფაქტობრივად დაასრულა.
328 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მოქალაქეების მიერ ყოველ ღამე იკეტებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 22 ოქტომბერს დაკავებულებს შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც. გარდა ამისა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქალის, მიმართ, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანის სახურავზე ავიდა.
წინა კვირას ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებით, აქციაზე სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. განმეორებით იგივეს გაკეთება კი სისხლის სამართლის დანაშაულია და 1 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
პრემიერმა 22 ოქტქომბრის აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მოქმედება დაიწყო.
„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, რეალური პროტესტი არ არსებობს.
„[გზას] ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა. ანუ ყველას დაკავებაც არ ხდება, ასე გამოდის, 50 კაცი კეტავს ქუჩას, აქედან 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აქციის მონაწილეებს „საგამზირედ განწირულ მსხვერპლებს" უწოდებს.
„მოგიწოდებთ, დააკვირდეთ, ვისი დაკავება ხდება პოლიციიდან, ესენი არიან ზუსტად საგამზირედ განწირული მსხვერპლები, მათი ორგანიზატორების მხრიდან. ადგილობრივი ორგანიზატორები დგანან ტროტუარზე, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და მათ აქეზებენ ხოლმე. „-განაცხადაპაპუაშვილმა.
„პროტესტი არ დასუსტდება"
ოპოზიციაში მმართველი გუნდის განცხადებებს ემიჯნებიან და აღნიშნავენ, რომ 22 ოქტომბერს არათუ კანონმა, არამედ „უზრდელმა პოლიციამ" იმუშავა, განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ვანო წერეთელმა.
„როგორც არ უნდა შეაფასოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, რაც არ უნდა მოიფიქროს და მოიგონოს, გუშინ კანონს არ უმუშავია, გუშინ იმუშავა უზრდელურმა, თავხედურმა და ძალა გადამეტებულმა პოლიციამ რუსთაველის გამზირზე. არსებობს კადრები, როგორ აპატიმრებენ, მანქანაში ტენიან ვაჟა გაფრინდაშვილს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს და ექიმს, რომელსაც აგინებენ - „შედი მანქანაში, შენი ექიმი..." და მერე მოაყოლეს ამას უშვერი სიტყვები. ანუ ამ ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი", - განაცხადა ვანო წერეთელმა.
წერეთელმა ისიც თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეთა დაკავებით პროტესტი არ სუსტდება.
„ადამიანების დაპატიმრების მთავარი საფუძველი გზის გადაკეტვა არ არის. გუშინ პოლიციამ მოიტაცა და დააკავა ისინიც, ვინც ქუჩაში არ იდგენენ და იდგენენ ტროტუარზე. ამიტომ ჩვენ პოლიციის მიზეზებს ვერ გამოვიკვლევთ, როდის და რატომ დაიჭერენ ადამიანებს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, ყოველდღიურად დავუპირისპირდეთ სრულიად ახალი მეთოდებით, კონკრეტულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებით, თუ წინასწარ დაგეგმილი ხერხებით და სტრატეგიებით იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს", - განაცხადა წერეთელმა.
"ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ანა ბერიშვილი სოციალურ ქსელში აქციის იმ მონაწილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე, პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და ამბობს, რომ სუს-ის პროვოკატორია. მისივე თქმით, ამით ქართველი ხალხის ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი დასრულდა.
"ეს გოგო იყო სუსის პროვოკატორი!!! სხვანაირად გამორიცხულია მისი ამ პროვოკაციული მოქმედების გარეშე პოლიცია ვერ ბედავდა გზაზე არ გადაეშვა ხალხი და იქვე დაეკავებინათ, ახლა მორალური უპირატესობა მოიპოვეს და დაამთავრეს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი ქართველი ხალხის"- წერს ანა ბერიშვილი.
გუშინ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა.
„ორი საქართველო: მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ VS კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან!" , - წერს ზურაბიშვილი.
რა მოხდა
დაახლოებით 20:00 საათისათვის რამდენიმე მოქალაქე რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გადავიდა. ერთი-ერთი მათგანი გზაზე დაწვა, მეორე - მწერალი ირაკლი ლომოური - თავის მიტანილ სკამზე დაჯდა, კიდევ ერთი ადამიანი კი გზის შუაში, ასფალტზე დაჯდა.
შემდეგ პარლამენტის წინ პოლიციის ეკიპაჟი მივიდა და მათ მოუწოდა, გზა გაეთავისუფლებინათ. ამ დროს ერთ-ერთი გოგო პოლიციის მანქანის სახურავზე ავიდა. იგი მანქანიდან პოლიციის მოწოდებების შემდეგ ჩამოვიდა. მალევე გზაზე უფრო მეტი დემონსტრანტი გადავიდა.
მოგვიანებით ადგილზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა მობილიზდა და დაიწყო დემონტრატების დაკავებები.დაკავებულებს შორისაა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე.
„ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? - ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები"-წერს გამყრელიძე და გაფრინდაშვილს და სხვა დაკევბულებს სოლიდარობას უცხადებს.
„თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალქეს"-წერს გამყრელიძექ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



