თამთა ჩაჩანიძე
(23.10.2025)

სუს-ის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, თუმცა მიუხედავად ამისა, „ოცნებაში" ყოფილი პრემიერის ღია კრიტიკისგან თავს იკავებენ, ოპოზიციაში პროცესს „სპეკტაკლს" უწოდებენ, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო სამართალთან".

„აუტკივარ თავს არავინ აიტკიებს და მოერიდება აზრის გამოთქმას, სჯობს არაფერი თქვა, ე მანდ რამე ხიფათს არ გადაეყარო. როგორც კი მიუსჯიან, მერე შეიცხადებენ. თუ მიუსჯიან, ეგ კიდევ საკითხავია. ან მიუსჯიან ან არა, მაგრამ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი ზედმეტი არ თქვან", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა და უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას.

„გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, მე საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი, ახსნა გარკვეული დეტალები. სხვა დეტალებზე, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს.

„გააჩნია, რა ნაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატებიც აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, უფრო დეტალურები ვიქნებით",- განაცხადა გელაშვილმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე.

„ადამიანურად ძალიან დასანანია ის, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ",- აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ სჯობს ამ საკითხზე შინაარსობრივი კომენტარი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გააკეთონ.

„ხედავთ, სამართალდამცავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმე - ისინი თავის დროზე იტყვიან რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ამბობს, „ღარიბაშვილის არდაჭერა ადასტურებს, რომ ამ სპექტაკლისეულ პროცესს მიზნად კორუფციასთან ბრძოლა არ აქვს - თვალყურს ვადევნებთ „ოცნების" ერთი „კლანის" მეორე „კლანზე" გამარჯვების პროცესს".

ენმ-ს ლიდერი გიორგი ბარამიძეც ფიქრობს, რომ „ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო კანონიერებასთან, სამართალთან, კორუფციასთან ბრძოლასთან, სახელმწიფო ინტერესებთან, ეს კლანის, ბანდის შიგნით მიმდინარე პროცესია".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებაში" ღარიბაშვილის მიმართ ღია კრიტიკისგან თავშეკავებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, თუ არცერთმა არ იცის ღარიბაშვილის საქმე სადამდე მივა.

„ოცნებაში ბუნებრივია თავშეკავება იქნება მარტივი მიზეზის გამო, ჯერ ერთი არცერთმა მათგანმა არ იცის ღარიბაშვილის საქმე საბოლოო ჯამში სადამდე მივა და რამდენს შეიწირავს, ან არ შეიწირავს, ამიტომ გაურკვეველი სიტუაციაა და სჯობს არც მწვადი დაწვან და არც შამფური. ღარიბაშვილი პრემიერობიდან ერთხელ უკვე იყო გაშვებული, დააბრუნეს პრემიერად და ახლა რაღაც ისეთი რომ წამოგცდეს, გამორიცხული ხომ არაა უეცრად პირიქით გაამართლონ და უთხრან, რომ მთელი ეს კობახიძე-მდინარაძის კლანია დამნაშავე ამ ყველაფერში, პირიქით მოხდეს და მერე რა უნდა ქნან?

„ამიტომაც აუტკივარ თავს არავინ აიტკიებს და მოერიდება აზრის გამოთქმას, სჯობს არაფერი თქვა, ე მანდ რამე ხიფათს არ გადაეყარო. როგორც კი მიუსჯიან, მერე შეიცხადებენ. თუ მიუსჯიან ეგ კიდევ საკითხავია. ან მიუსჯიან ან არა, მაგრამ ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არაფერი ზედმეტი არ თქვან და შეფასებისგან თავი შეიკავონ",- განაცხადა ძაბირაძემ.

ღარიბაშვილის ცოლის ძმა, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია.

"უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ. დრო ყველაფერს აჩვენებს....

„ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს...", - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე