„თავისი სეგმენტი ან იპოვეს, ან ეძებენ, ამაზე მუშაობენ, ფანჩატურებზე უარს ამბობენ“
თამთა ჩაჩანიძე
(23.10.2025)

გახარიას პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი ახლაც არალეგიტიმურია, თუმცა პარალელურად პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის აჭარის უმაღლეს საბჭოშიც „გახარია - საქართველოსთვის" წევრები ბოიკოტს წყვეტენ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტიას ურჩევს, რომ ასეთი განცხადებებით „უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ თავს" , რადგან „ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან".

ენმ-ში კი ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარტიას „თემუ-დან გამოწერილი ჩინური ქოცები" უწოდეს.

„გახარიას პარტიის ეშინია არა მხოლოდ „ოცნებას", არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც", რადგან ყველა დაინახავს, რომ ისინი შედიან არა იმიტომ, რომ „ოცნებას" ანგარიში გაუწიონ, არამედ იმიტომ, რომ ებრძოლონ",- ამბობს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, მანდატების გამოყენება გახარიას პარტიის რეიტინგზე მომავალში დადებითად აისახება.

„გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლა რეიტინგზე უაღრესად დადებითად აისახება. აშკარად ჩანს, რომ მისი ამომრჩელის დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო, რომ თავის დროზე არ შევიდა პარლამენტში. ბოიკოტმა და 4 ოქტომბრის წინასწარ დაგეგმილმა რევოლუციამ ბევრი რამ გამოაშკარავა და აშკარად ჩანს, რომ საზოგადოებაში მოთხოვნილება გახარიასნაირ პარტიებზეა. ეს არ ნიშნავს, რომ გახარიაზეა მოთხოვნა. „ქართულ ოცნების" მიმართ მიუღებლობაა, იმიტომ, რომ აგრესორია, მოძალადეა, ადამიანის უფლებებს არღვევს. „ნაცმოძრაობის" მიმართ კი იმიტომ, რომ ავანტურისტი, ვოლიუნტარისტია, რევოლუციას ეპოტინება, არჩევნები ჩააგდო.

„ბუნებრივია ვიღაცა „ოცნებასაც" აძლევს ხმას და ენმ-საც, მაგრამ საკმაოდ დიდი სეგმენტია, რომელსაც ამ ორიდან არცერთი არ უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ მას გახარია, ან „ლელო" უნდა, მაგრამ მას უნდა რაღაც სხვა.

„ჩემი აზრით, გახარიას პარტიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ მესამე სეგმენტზე იმუშაოს. დაანებოს თავი ანგარიშწორებას „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობასთან". მათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. როგორც ვხედავ, მათი ამოცანაა, ენმ-ს იგნორირება გაუკეთონ და „ოცნებას" ებრძოლონ და ებრძოლონ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. მათ ეს დაამტკიცეს, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და რევოლუციურ აღტყინებას არ შეუერთდნენ. მათ თავისი სეგმენტი ან იპოვეს, ან ეძებენ, ამაზე მუშაობენ, ფანჩატურებზე უარს ამბობენ და იმაზე, რომ სხვა პარტიებს ანგარიში გაუწიონ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, „ოცნება" გახარიას პარტიას აკნინებს, რადგან ეშინია მისი. ზაქარეიშვილის თქმით, გახარიას პარტიის ეშინია ენმ-საც.

„ეშინიათ, იქ აშკარად ბრძოლა გაჩაღდება. გახარიას პარტიის ეშინია არა მხოლოდ „ოცნებას", არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც", რადგან ყველა დაინახავს, რომ ისინი შედიან არა იმიტომ, რომ „ოცნებას" ანგარიში გაუწიონ, არამედ იმიტომ, რომ ებრძოლონ. მათ არჩევნებამდე აღიარეს, რომ პარლამენტში არშესვლით შეცდომა დაუშვეს. ჩანს, რომ ისინი იბრძოლებენ იქ, სადაც კი ბრძოლა შეიძლება -ადგილობრივი არჩევნები იქნება, პარლამენტი, თუ გონივრული აქციები.

„გახარიას პარტია ენმ-ს იგნორირებას მოახდენს, რადგან საკუთარი თავი თვითონ ჩარეცხეს, ბოიკოტმა და რევოლუციამ მათ ძალიან ბევრ პოტენციურ ამომრჩეველს თვალები აუხილა. ახლა აშკარად გახარიას პარტიის მთავარი ამოცანა „ქართული ოცნებაა", მაგრამ თუ პარლამენტში არ შეხვედი, მის მანკიერ მხარეებს ვერ აჩვენებ, ამიტომაც მე მათი მესმის. ძალიან რთულ ბრძოლაში შევიდნენ, იქნება ლანძღვა-გინება ყველა მხრიდან, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა მათი ამომრჩეველია, რადგან დაკარგეს ამომრჩეველი.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარტო გახარიამ არა, ამომრჩეველი ყველამ დაკარგა, მაგალითად „ოცნებამ" საპარლამენტი არჩევნებზე მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო, ახლა მიიღო 1 მილიონ 106 ათასი. გახარიამ საპარლამენტო არჩევნებზე 161 521 ხმა, ახლა კი 49 820 ხმა. ამომრჩეველი სახლში დარჩა, ეს ხმები სხვაგან არ წასულა, შესაბამისად გახარიამ მუშაობა დაიწყო შემდგომი არჩევნებისთვის. ყველაზე შორს ეს იქნება 2028 წლის ქოტომბერში და სულ ახლოს, შეიძლება ნებისმიერ დროს იყოს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მოხვდეს გახარიას პარტია იმ სარჩელში, რომლის შეტანასაც აანონსებს „ოცნება" საკონსტიტიუციო სასამართლოში, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„შეიძლება მოხვდეს. ჯერ ერთი ნებისმიერი პარტიის მოხვედრა იქნება ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული, მაგრამ ერთია სიაში მოხვედრა და მეორე, საბოლოო აკრძალვა იქნება თუ არა. აქ წავა თამაში, გაიწელება დრო და შეიძლება იქამდეც გაიწელოს, რომ 2028 წლისთვის აკრძალონ პარტიები - ხვალ და ზეგ ეს არ მოხდება. ამასობაში ივანიშვილიც ბერდება, რუსეთიც მარცხდება, უამრავი რაღაცეები ხდება ჩვენს გარშემო.

„ოცნება" რასაც არ უნდა აკეთებდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეს ყველაფერი გამოუვათ, ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი ის იქნება, რაც უნდათ, რომ მოასუფთავონ პოლიტიკური ველი. სულ არაა გამორიცხული, რომ ის პარტიები, რომლებსაც აკრძალავენ, უფრო გაძლიერდნენ. სად წავა ეს ხალხი, ხომ არ დახვრეტენ? პოლიტიკაში აეკრძალებათ ყოფნა, მაგრამ სხვადასხვა ფორმებით მაინც მოახდენენ გავავლენის გაძლიერებას. საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ერთი პარტია იყო და ჩამოიშალა, თავისთავად ეს გზა არის არაფრისკენ, ეს გზა არის მარცხისკენ. ამიტომ ნურავის ნუ შეეშინდება აკრძალვების და აქციების დარბევების, უნდათ ბრძოლა, ბოლომდე იბრძოლონ. „ოცნება" ძალიან სუსტია, მისი სიძლიერე მხოლოდ სუსტ ოპოზიციაში და შეთხელებულ აქციებშია, თუ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ნებისმიერ ფონზე - არჩევნებში, აქციებზე, პარლამენტში, საკრებულოებში. ყველგან სერიზული ცენტრები შეიქმნება და გახარიას პარტია ძალიან სოწრად იქცევა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე