
საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის 1-ლი ნოემბრიდან ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, რომლითაც საჯარო სამსახურში ორ ან მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე ერთდროულად მუშაობა იკრძალება. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ეს ანაზღაურებად სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეხება და ახალი კანონის თანახმად, პედაგოგები, რომლებიც აქამდე ორ, ან მეტ სკოლაში მუშაობდნენ, საბოლოოდ მაინც მოუწევთ ერთ სკოლაში მოღვაწეობის გაგრძელება.
თუმცა, კანონი მცირე შეღავათს ითვალისწინებს - პედაგოგი მხოლოდ დირექტორების თანხმობით შეძლებს, მაგალითად, ორ სკოლაში მუშაობას. თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს და ერთჯერადად გაიცემა. შესაბამისად, პედაგოგებს ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ მიეცემათ ერთდროულად ორ სკოლაში მუშაობის შესაძლებლობა.
განათლების სფეროს წარმომადგენელთა აზრით, გარდა იმისა, რომ ამის შედეგად თავად მასწავლებლებისგან წამოვა უკმაყოფილების ძლიერი ტალღა, ეს კადრების მწვავე დეფიციტსაც შექმნის. როგორც განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, მასწავლებელს ორ და მეტ სკოლაში მუშაობისკენ თავად სახელწიფომ უბიძგა, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, თითქმის 14 ათასი პედაგოგი სამ ნაკადად გაუშვეს სამსახურიდან. ამან სკოლებში საკადრო დეფიციტი გააჩინა, რადგანაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგების მომზადება პრაქტიკულად არ ხდება. გამონაკლისია დაწყებითები კლასების მასწავლებლები, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.
ამას გარდა, ნიკოლაიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ საჯარო მოხელეებს ეხება და სკოლის პედაგოგები კი არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. შესაბამისად, ეს სიახლე მათი უმრავლესობისათვის სრული მოულოდნელობა იყო, რაც უკმაყოფილებას კიდევ უფრო აძლიერებს.
სამინისტროს განცხადება და კანონი
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებ გვერდზე ოფიციალური განცხადებაა გამოქვეყნებული, რომელიც 31 ოქტომბრით თარიღდება, სადაც აღნიშნულია, რომ 1-ლი ნოემბრიდან ახალი კანონის ამოქმედება განათლების სექტორზეც ვრცელდება.
„საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი.
„სიახლე ვრცელდება განათლების სექტორზეც. კერძოდ, ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას, საჯარო მოსამსახურე და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირი, მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით შეძლებს - ხელმძღვანელის თანხმობას ერთწლიანი ვადა აქვს.
„რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაიცემა.
„საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) პარალელურად შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ ხელმძღვანელის თანხმობით. თანხმობას ამ ერთწლიანი ვადა აქვს.
„თანხმობების გაცემაზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში მიიღება და მისი გასაჩივრება კანონის მოქმედებას არ აჩერებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის მესამე თავის (თანამდებობრივი შეუთავსებლობა) მეცამეტე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ პირი უნდა „ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე".
რას გამოიწვევს ახალი კანონი
განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსს" ეუბნება, რომ ეს აკრძალვა საჯარო მოხელეებს ეხებათ და წესით საჯარო მოხელე არც სკოლის პედაგოგი და მისი დირექტორია და არც უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი.
„ეს კანონით საჯარო მოხელეებს ეხება - საჯარო მოხელე არ არის მასწავლებელი და პროფესორი, არც დირექტორი და რექტორი, არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სკოლის დირექციის წარმომადგენელი. საჯარო მოხელე არის განათლების სამინისტროს და მისი ქვესტრუქტურების თანამშრომლები. ყველა დროის კანონში ეწერა და ამჟამინდელშიც წერია, რომ პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამეცნიერო და სპორტულ მოღვაწეებს არ ეხება და რატომ გააკეთა სამინისტრომ განმარტება რომ ეხება, ეს არ ვიცი.
„ორ სკოლაში რატომ მუშაობს მასწავლებელი, ამის ისტორია ვიცით? „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, შვებულებაში მყოფი მასწავლებლები კანონმდებლობის დარღვევით აგვისტოს თვეში, ისე, რომ შვებულებიდან არც კი გამოუძახებიათ, ისე გაყარეს. ბოდიში ჩემი კოლეგების მიმართ არააკადემიურ სიტყვას რომ ვამბობ. ძალიან ბევრი მასწავლებელი, ვითომ პენსიონერები და ძალიან ბევრი არაპენსიონერი ისე გაუშვეს, სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ვადები დააჩქარეს, არც იყო ამოწურული, 14 ათასამდე მასწავლებელი სამ ნაკადად გაუშვეს.
„საქართველოში 20 წელზე მეტია უნივერსიტეტებში პედაგოგები არ მზადდება. ახლა დაწყებითის პედაგოგებს აზადებს, ისიც ძალიან ცოტას. რომც მოემზადებინა, დალაგებული და რეფორმიურებული ქვეყანაც რომ იყოს, უცბათ 14 ათასი სპეციალისტის მოძებნა აშშ-სა და ინგლისსაც გაუჭირდება. ამიტომ შეიქმნა დეფიციტი. ვიღაც მცირესაათიანი მასწავლებლები იქ ჰყავდათ და იმათ გადაუნაწილეს.
„სპეციალისტები არ იყო, დეფიციტი ამიტომ შეიქმნა და არსებულ მასწავლებლებს, ვისაც 22-25 საათი დატვირთვა ჰქონდა, 36 საათამდე გაუზარდეს. ორი განაკვეთი ბუნებაში არ არსებობს, კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება და სახელწიფომ ამიტომ დართო ნება, რომ ორ სკოლაში ყოფილიყვნენ. თვითონ დაუშვეს და ახლა უკრძალავენ? რა უფლებით? სახელმწიფო თამაშობს ადამიანის უფლებებით...
„უკმაყოფილების ტალღა რა თქმა უნდა წამოვა, არსებობს მცირესაათიანი საგნები, რომლის პედაგოგებიც აუცილებლად ორ სკოლაში უნდა იყოს - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ინფორმატიკა. მცირეკონტინგენტიანი სკოლის მასწავლებმებმა, რომლებსაც კვირაში ერთი, ორი და სამი საათიც კი აქვთ, მათ აუცილებლად უნდა იმუშაონ ორ სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ერთ განაკვეთს ვერ მოაგროვებენ.
„ეს გამოიწვევს იმას, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი ისეთ ხელფასზე დარჩება, რომ სასიკვდილოდ იქნება განწირული, ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ექნება. თანაც მასწავლებლების მეუღლეების უმეტესობა დაუსაქმებელია, ისინი ოჯახის მარჩენლები არიან. აბსოლუტურად ყველა არა, მაგრამ მასწავლებლების ძალიან მაღალი პროცენტი ორ სკოლაში მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა განსაკუთრებით რეგიონებისა და სოფლების სკოლებში სერიოზულ საკადრო დეფიციტს, ექსპერტმა გვითხრა:
„რადგანაც სახელმწიფო ამას აკეთებს, ესე იგი ვიღაცეები დასასაქმებელი ჰყავთ. შეავსებს თუ არა ამ დეფიციტს კადრებით, ეს ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ - რამდენად აქვთ გათვლილი ეს. მაგრამ ახლა მაგის განხორციელება როგორ შეიძლება, სასწავლო წელი თვენახევარია დაწყებულია, დაგეგმილია, ცხრილები აწყობილია, აქამდე რას ელოდებოდნენ? ეს იმიტომაა, რომ განათლების სამინისტროში სკოლათმცოდნეები არ სხედან და პრემიერის აპარატშიც არაა მრჩეველი სკოლათმცოდნე. ლევან იზორიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ან სკოლა რა იცის და ან უნივერსიტეტი? როდის გახდა განათლების ექსპერტი?" - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



