ნატალია ჯვარიძე
(01.11.2025)

საქართველოს დელეგაცია ევრონესტის სესიებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. იანვრის შემდეგ კი საქართველოს დელეგაცია აღარ მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებშიც. რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის და რამდენად გამართლებულია საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა?

საპარლამენტო ასამბლეა ევრონესტი ევროკავშირისა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების საპარლამენტო ორგანიზაციაა. საქართველოს დაარსებიდან, 2011 წლიდან მისი წევრია და რეგულარულად მონაწილეობდა სესიებში. ბოლო სესიის მუშაობაში, რომელიც ორიოდე დღის წინ ერევანში გაიმართა, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

ამავე სესიაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადება მიიღეს, რომელიც „ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეამ პარასკევს გამოაქვეყნა. რეზოლუციაშია აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

სწორედ ამ რეზოლუციას მოყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.

„საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულად", ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი „თვითგამოცხადებულად" მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავმდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, „პოლიტიკურ პატიმრებს" უწოდებს, რითიც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.

„ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავს მოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.

„საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში", - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს.

„საქართველოს არმონაწილეობა ევრონესტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოწვეულია იმით, რომ იქ საქართველოს დელეგაციას პირდაპირ დესტრუქციას უწყობენ. იქ იმიტომ იწვევენ, რომ საჯაროდ შეარცხვინონ, გაამათრახონ და შესაბამისად, ძალიან ცუდ კონტექსტში წარმოაჩინონ. მე პირადად საქართველოს ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, არც მე მივიღებდი მონაწილეობას, რადგან რა აზრი აქვს მონაწილეობას, თუნდაც იმის გამო, რომ თავის მართლება მოუწიოთ ევროპარლამენტარების წინაშე, როცა წინასწარ იცი, შენს სიამართლეში მათ ვერ დაარწმუნებ. სხვათა შორის, ეს არაერთხელ მომხდარა.

„ვცდილობ ხელისუფლების ტყავში ჩავძვრე და მათი პოზიციიდან შევხედო საკითხს. მათი მხრიდან არანაირი მნიშვნელობა აქვს სესიებში მონაწილეობას. ამით ხელისუფლებას პოლიტიკურად, რეპუტაციულად, პროპაგანდისტულად უფრო მეტი ზიანი ადგება, ვიდრე იქ ჩასვლა და ფორმალურად დასწრებაა. მონაწილეობის მიღებას მაშინ აქვს აზრი, როცა ამით სასარგებლო შედეგი დგება, ან ყოველ შემთხვევაში, ობიექტურ გაწვევას აქვს ადგილი. ევრონესტმა ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომლითაც, ფაქტობრივად, სახელისუფლებო შტოებს არ აღიარებს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ არაღიარებულმა დელეგაციამ რატომ უნდა მიიღოს მონაწოლეობა?", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე