
ოპოზიციაში უკვე ღიად დაიწყო საუბარი, რომ საჭიროა დაიწყონ მზადება მომავალი არჩევნებისთვის და შეიძლება ეს იყოს არა ვადამდელი, არამედ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოპოზიცია ბედს შეეგუა და რომ ქუჩის აქციებით, არჩევნების ბოიკოტითა და დასავლეთის ზეწოლით ხელისუფლების შეცვლის იმედი დაკარგა?
„საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ახლა ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის.
„ახლა, რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი. რა უნდა გაკეთდეს: უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ 3 წელიწადში, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება მომზადება, რაც ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს!
„მომზადება გულისხმობს:
„ა. წინააღმდეგობის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობას, საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით ერთიან სიას;
„ბ. პოლიტიკური გუნდის ხედვების მომზადებას და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას - საზოგადოებისთვის ნათლად ახსნას, რა სიკეთეს მოიტანს მათთვის პოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ხედვების წარმოდგენას გარდამავალი მართლმსაჯულების, სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე;
„გ. არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ მომზადებას.
„ამასთან, უნდა შეწყდეს მოკავშირეების/პოტენციური მოკავშირეების მიმართ სიძულვილის გაღვივება, დაუსრულებელი ბრალდებები, თავდასხმები, კუდიანების და აგენტების იარლიყის მიკერება;
„პარალელურად, პროტესტის გაგრძელება სასიცოცხლოდ აუცილებელია; უნდა გაგრძელდეს უკანონოდ დაკავებულთა, უკანონოდ გათავისუფლებულთა და სხვაგვარად რეპრესირებულთა უფლებებისთვის ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოში; პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობაა. შედეგები: საზოგადოების საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაცია ერთიანი პოლიტიკური ხედვის და იდეის გარშემო.
„აქტივისტებისთვის საკუთარი როლის და ადგილის პოვნა წინააღმდეგობის ორგანიზებულ ინიციატივაში; ნიჰილიზმის ჩანაცვლება ქმედებით; საზოგადოების როლის ზრდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში; რეჟიმის მიმართ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, რის მიმართაც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან",- წერს ნინო ლომჯარია.
იცვლის თუ არა ოპოზიცია სტრატეგიას
ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით, ოპოზიციამ ბოიკოტით მიზნის მიღწევის იმედი დაკარგა და ბუნებრივიც იქნება, რომ ახლა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება დაიწყოს.
„ოპოზიციის კონტურებიც კი არ არის გამოსახული საქართველოში. ანტიეროვნულ ძალებთან გვაქვს საქმე და ეს მეტად ართულებს მათთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ისინი მუდამ ეძებენ გზებს, თუ როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. მთავარი კი ისაა, რომ მათ არავითარი პოლიტიკური იდეები არ აქვთ. წარმოიდგინეთ, ასეთი მაფიოზური გზებით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამიტომ თუ არ გამოვა ბოიკოტი, გადავლენ სხვა გეგმაზე.
„არ გამიკვირდება, რომ იმ ფონზე, როცა თავიანთი ამომრჩეველი გააწბილეს, ფიქრობდნენ - ხომ არ ჯობს არჩევნებისთვის მოვემზადოთო.
„იმედი მაქვს ბოიკოტში მყოფი ორივე პარტია აიკრძალება. თუ მერე მათი ნაწილი რამეს შექმნიან და ამ სტრატეგიას როგორ მიიღებენ, არ ვიცი", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ სტრატეგია მართლაც შესაცვლელია.
„ჩემი აზრით, ზოგადად იმ პარტიებმა შეცდომა დაუშვეს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს და არა მარტო ეს, დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ არჩევნებში მონაწილე პარტიების მიმართ. 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო და ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმური გზა არჩევნებია.
„რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება - პოლიტიკური პარტია იმისთვის არის, რომ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა რას გულისხმობს ლომჯარია, აი, ეს არის გასარკვევი. პირველ რიგში ერთმანეთში უნდა დაალაგონ ურთიერთობა. არ ვგულისხმობ, რომ უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი სია შექმნან, მაგრამ კატეგორიულად უნდა შეწყდეს არა მარტო ერთმანეთის კრიტიკა, არამედ ლანძღვა-გინება.
„მეორე - ოპოზიცია თბილისიდან უნდა გავიდეს და შეიძლება ითქვას, ტელე-ეკრანებიდანაც. მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეხვედრების საშუალებით უნდა დაამყაროს.
„და მესამე - გარდა ლაპარაკისა, რომ ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავართ, უნდა ისაუბრონ რას შეცვლიან, როცა ხელისუფლებაში მოვლენ. მნიშვნელოვანია მოსახლეობის სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრონ. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობასთან შეხვედრა, რადგან კაბინეტებში დაწერილი პრობლემები არ მუშაობს.
„ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ გასაჭირში არიან- ხალხი არც ერთს არ ენდობა. ამიტომ საჭიროა ნდობის მოპოვება. თუ ლომჯარია ამ სტრატეგიას გულისხმობს - კი, ბატონო. თუმცა ამასთან ერთად მათ საპროტესტო მოძრაობაც უნდა ჰქონდეთ, ოღონდ გადასაწყვეტია მისი ინტენსივობა.
„ბოიკოტი გამოცხადებულია, სიები ჩახსნილი აქვთ და ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერაფერს შეცვლიან. ამიტომ სტრატეგია აქვთ განსასაზღვრი. აბსოლუტურად არ არის აუცილებელია ოპოზიცია გამოვიდეს და თქვას, რომ იწყებს მზადებას არჩევნებისთვის. რა განცხადებას გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



