მარიამ ვეკუა
(02.11.2025)

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის 1-ლ ნოემბერს დაკავებული ერთი პირის, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. ეს ახალი კანონების ამოქმედების შედეგად პირველი პრეცედენტია, როცა გზის განმეორებით გადაკეტვის გამო დემონსტრატის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების ოპონენტებს ყოველ საღამოს ქუჩის გადაკეტვაზე უარის თქმას აიძულებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ცნობით, მენთეშაშვილი რუსთაველზე გზის გადაკეტისთვის პირველად 24 ქტომბერს დააკავეს, რისთვისაც მან უკვე მოიცადა 7-დღიანი პატიმრობა.

ამჯერად კი მას უკვე ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმუშავებს დაკავებების „მეორე წრე"?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ პროტესტი სხვა ფორმას მიიღებს, თუმცა არ შეწყდება.

„საპროტესტო ტალღა არ შენელდება, უბრალოდ შეიძლება ცვლილება იყოს და შესაძლებელია ხალხმა არ გადაკეტოს გზა, თუმცა შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და გამოხატავენ პროტესტს სწორედ პარლამენტის წინ. არის სხვა ადგილებიც, შესაძლებელია თუნდაც პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მოხდეს შეკრება. შეიძლება პროტესტმა ფორმაც შეიცვალოს, მაგრამ უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი.

„მითუმეტეს, რომ ბევრმა ადამიანმა დაინახა რა კორუფციულ გარიგებებთან გვქონდა საქმე, რა თანხებზე იყო საუბარი, თვითონ „ოცნება" რასაც აღიარებს. ბევრი, ვინც იძახის, რომ არც „ოცნება" მინდა და არც ოპოზიცია, იმას უფრო მეტად გაეზრდება „ოცნების" მიმართ უკმაყოფილება.

„საპროტესტო აქციები უნდა აგაგრძელდეს და გაგრძელდება, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ პრობლემა ექმნებათ გზის გადაკეტვაზე და ეს ადამიანები ყველანი გარეთაა საჭირო. ან რატომ უნდა იჯდეს უდანაშაულო ადამიანი ციხეში, როცა ჩინოვნიკებს მილიონობით აქვთ მოპარული და მათ არავინ აპატიმრებს?" - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე იმუშავებს თუ არა ახალი კანონები და დაკავებების „მეორე წრე", გვპასუხობს, რომ შესაძლებელია იმუშავოს.

„შესაძლებელია იმუშავოს, თუმცა ხალხი შეიკრიბება, უბრალოდ არ დადგება გზაზე და დადგება პარლამენტის წინ. აქ ლაპარაკია იმაზე, შენელდება თუ არა მუხტი. აქციები კი არ შეწყდება და ამაშია საქმე", - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ დაკავებების „მეორე წრე" იმუშავებს, აღნიშნავს, რომ პროტესტი უკვე ისედაც გამქრალია.

„მე სავსებით ნორმალურად მიმაჩნია ის, რასაც ახლა სახელწმიფო მიმართავს, მე ვიტყოდი ანტიეროვნული, ანტისახელწმიფოებრივი და ანტიქართული ელემენტების მიმართ. იმუშავებს ეს მეორედ დაკავებები, რატომ არ უნდა იმუშავოს? უნდა გადაკეტვა? - კი, ბატონო, გაატაროს 1 წელი ციხეში.

„გამქრალია უკვე პროტესტი. რისი პროეტესტია 150 კაცი? სახელწმიფოა ბოლოს და ბოლოს. ასეთი ხალხი სულ იქნება და ამათ ვაკეტინოთ ახლა ქუჩები? ეს სრულიად წარმოუდგენელია", - განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე