
უკვე ორი კვირაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დემონსტრაციულად არ ესწრებიან იმ საკვირაო ლიტურგიას, რომელსაც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II ატარებს. ამის ნაცვლად ფაშინიანი ოვანავანკის მონასტერში გამართულ ლიტურგიაზე დადის, რომელიც ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის, სტეფან ასატრიანის ხელმძღვანელობით ტარდება.
კვირას, 2 ნოემბერს, ოვანავანკის მონასტერში მეორე ასეთი ლიტურგია გაიმართა. მის დაწყებამდე, პრემიერმა ფაშინიანმა „ფეისბუქზე" მოკლე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ ოვანავანკში ლიტურგია „წმინდა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძრის გათავისუფლების გზაა მათგან, ვინც მას სიბინძურის კლანჭებში აკავებს".
პრემიერ-მინისტრის გარდა, ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენიმე მინისტრი, სომხეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი, ასევე მმართველი პარტიის პარლამენტის წევრები და მთავრობის მხარდამჭერები.
ცერემონიის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის შეცვლა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს.
„მანამდე (არჩევნებამდე) ამის პოლიტიზირება არ შეიძლება", - თქვა მან.
სომხური ეკლესიის მეთაურის შეცვლის გადადების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხისას სიმონიანმა მოუწოდა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ II-ს გადადგომისკენ და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი არ შეჩერდება.
„მან უნდა გაიგოს, რომ არ უნდა დაუშვას, რომ საქმე იმ წერტილამდე მივიდეს, სადაც მას ალტერნატივა არ ექნება. სანამ მას ალტერნატივა აქვს, შეუძლია თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განუცხადა სიმონიანმა „არმენი თუდეის".
მანამდე, 26 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან ერთად, ასევე მიიღო მონაწილეობა ოვანავანკის მონასტერში ჩატარებულ ლიტურგიაში.
ათვლის წერტილი
მღვდელი არამ ასატრიანი ოქტომბრის დასაწყისში კათოლიკოსმა გარეგინ II-მ „სომხური ეკლესიის დისკრედიტაციის" და „საეკლესიო წესრიგის დარღვევისთვის" განკვეთა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მონასტერში მსახურებას აგრძელებს.
ფაშინიანმა კათოლიკოსი ცელიბატის აღთქმის დარღვევასა და შვილის გაჩენაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, გარეგინ II-ს ეს თანამდებობა უკანონოდ აქვს დაკავებული და უნდა გადადგეს.
თავის მხრივ, კათოლიკოსის მომხრე სასულიერო პირებმა პრემიერ-მინისტრი ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულეს. ფაშინიანი ამ ბრალდებებს უარყოფს და საკუთარ თავს სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთგულ მიმდევარად მიიჩნევს, რომელიც კორუფციისა და არალეგიტიმურობისგან მის გათავისუფლებას ცდილობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



