რეზონანსი
(02.11.2025)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული.

„რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ტოპ 20 ქვეყანას შორის არის აბსოლუტურად ყველა რეიტინგში, რაც დემოკრატიას ეხება. ცალკე მადლობას ვიღებთ იმისთვის, რომ გამჭვირვალედ ვმუშაობთ, რათა საქართველო რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ქვეყანა არ იყოს.

დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და მეორე - აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ და მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ, მაგრამ ბოლო წლებში საზოგადოებამ დააგროვა გამოცდილება და თეთრზე შავს რომ ამბობენ, აღარ იჯერებენ", - განაცხადა მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წარმოებული კამპანიის ავტორებმა ვერ შეძლეს დარღვევების მტკიცებულებების წარმოდგენა.

„მაშინ, როდესაც შარშან ისტერია იყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. ეს რაღაც ზღაპრები 400 000 გაყალბებულ ხმაზე, 100 000 პირადობაჩამორთმეულ ადამიანზე და ასე შემდეგ, არაფერი ეს ეუთო/ოდირის ანგარიშში არ მოხვედრილა. ამ ანგარიშში ხაზგასმული იყო არჩევნების კონკურენტულობა, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა, რომ ცესკომ არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე უზრუნველყო და რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამასთან შეგუება არავის უნდოდა. ევრობიუროკრატები, ALDE თუ სხვა ჯგუფები, ყველანი ამბობდნენ, რომ ქართული არჩევნების შეფასებისას მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირი და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ შემდეგ კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აწყობდათ ანგარიში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე