
სამედიცინო საზოგადოება ახალგაზრდა ექიმს, ნიკოლოზ ხაბელაშვილს გლოვობს. 33 წლის ხაბელაშვილი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო. ღუდუშაურის კლინიკის ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და პირველ სამედიცინო ცენტრში.
კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს სტენტი ჩაუდგეს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ექიმი რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ექიმი, რომელიც ყველას ეიმედებოდა დიდსა თუ პატარას. ექიმი, რომელიც ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი სხვაც ამშვიდებდა და არ კარგავდა იუმორს. როცა მისი ცუდად ყოფნა გავიგე, მეგონა მისი მორიგი ხუმრობა იყო... როცა პალატაში მოსანახულებლად ავედი, ისევ ჩვეული იუმორით დამხვდა: „რამ შეგაშინათ ხალხო? ჩემგან თავს ვერ დააღწევთ, 15-ში ვარ მორიგე და მანდამდე არ მოიწყინოთ“. რამდენი 15 რიცხვი გავა უშენოდ? რამდენი ლამაზი გეგმები დაგრჩა ასასრულებელი შენს არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად. ძალიან დაგვაკლდები ყველას. საქართველომ შენი სახით არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი დაკარგა. შეხვედრამდე ნიკა ექიმო“, - წერს გარდაცვლილის მეგობარი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


