
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით დატვირთული კიდევ ერთი გემი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილ მარშრუტს გადიოდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა,“ – აცხადებენ პენტაგონში.
„როიტერის“ ინფორმაციით, გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, როდესაც მას სამხედრო ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ ფარგლებში დაარტყეს. ეს სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული აშშ-ის სამხედროების მიერ ნარკოტიკების გადამზიდავ გემზე განხორციელებული 21-ე თავდასხმაა, რასაც ამერიკელები შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ნაკადის შეჩერების მიზნით ხსნიან. თავდასხმებს საერთო ჯამში 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს („მზეთა კარტელი“) უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი ორგანიზაციას ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 24 ნოემბრიდან შეიყვანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, კარტელს ნიკოლას მადურო და მისი უკანონო რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც „სამხედროები, დაზვერვა და საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოები მოისყიდეს“.
ვაშინგტონი კარტელს ადანაშაულებს ძალადობაში და აშშ-სა და ევროპაში ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობაში. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ კვლავ გამოიყენებს ყველა საშუალებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასცავად და ნარკოტერორისტების რესურსებისა და დაფინანსების აღსაკვეთად. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არ გამორიცხავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



