
ბევრჯერ დადასტურდა, რომ საზოგადოება ცვლილებისთვის მზად არის, მაგრამ ეს მშვიდობიანი ფორმებით უნდა განხორციელდეს. პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად კონსტიტუციური გზები უნდა გამოვიყენოთ, რომ შესაბამისი ცვლილება დადგეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შემოსვლის გზა აირჩია და ამ პლატფორმიდან იბრძვიან.
„რაც შეეხება პოლიტიკური მდგომარეობის მეტად დამძიმებას და არაკონსტიტუციური გზებით, რაღაც ალტერნატიული მთავრობებით, სათათბიროებით და ამ ერთობებით ბრძოლას, მოსახლეობა ამ ყველაფრით დაიღალა, რადგან წლებია, ეს მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი გავაქროთ, რასაც პირიქით აღვივებს ასეთი გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ გადადგმული ნაბიჯების მდგომარეობა, წინ წავიდეთ და არ ვიცხოვროთ ილუზიაში, რომ ტყუილი ერთობებით და რაღაც სათათბიროებით რეჟიმის დამარცხებას შევძლებთ, რადგან მრავალჯერადი ერთობების შექმნის ფონზე „ოცნება“ უფრო გაძლიერდა და არა, პირიქით, დასუსტდა. არ ვიცი, ამ გზას ისევ რატომ ირჩევენ, თუმცა 4 ოქტომბერი ვნახეთ და ამ ფურცელს ვერ გადავფურცლავთ, რადგან დღემდე, ვინც ეს გააკეთა, ეს ქვეყანა კიდევ უფრო უარეს დღეში ჩააგდეს, ამაზე პასუზისმგებლობა არ აუღიათ. ისევ იმ ჩიხში ყოფნა, სადაც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, მავნებლობაა“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



