
„გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. მისი ეს გადაწყვეტილება „ოცნებაში" შეაფასეს, როგორც „დრამაქვინობა". მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღების მიპყრობას.
ჯაფარიძე ციხეში 22 მაისიდან იმყოფება. მას 23 ივნისს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნო. ის დეკემბერში უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და როცა ამ ავდის ამოწურვამდე ერთი თვე დარჩა, ხელისუფლებამ მას ოფიციალურად შესთავაზა ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაზეც უარი მიიღო.
ჯაფარიძეს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და შექმნილ სიტუაციას „ტრაგედია უგმიროდ" უწოდა.
„ზოგადად, რაც ამ პიროვნების გარშემო ტრიალებს, არის „ტრაგედია უგმიროდ". ძალიან უნდა გმირობა, მაგრამ ამის არც ადამიანური რესურსი ჰყოფნის და არც პირობები აქვს ამ ყველაფრისთვის, რომ თავი გმირად წარმოაჩინოს.
„გახსოვთ თქვენ მისი დაკავების დღე - თეატრალური დრამა, რაც მან დადგა მის დაკავებაზე, რომ მსოფლიო ტრაგედია მოხდა იმის გამო, რომ ის დააკავეს. ახლაც იგივეა, „დრამაქვინობს" ზურა „გირჩი" ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ მას შესთავაზეს, ცას ახედა, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვა.
„სამარცხვინოა, როგორც ცდილობს მართლა „დრამაქვინობით" გმირად წარმოაჩინოს თავი. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ნებისმიერ პატიმარს ეხება გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. შეუძლია მიმართოს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე და შემდეგ მიიღება თითოეულ პატიმართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, მოხდეს მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება თუ არა. ამ შემთხვევაში, მას როგორც ყველა სხვა პატიმარს ამის შესაძლებლობა აქვს - მათემატიკურად გავიდა გარკვეული პერიოდი, შეეძლო მიემართა, არ მიმართა. კი, ბატონო, ნუ მიმართავს, მაგრამ აქედან თავი გმირად წარმოაჩინოს, რა ვიცი... მისი გმირობა ვნახეთ საოკუპაციო ხაზთან, რასაც გულისხმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჯაფარიძის უარს დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე კახა კალაძეც გამოეხმაურა:
ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, როდესაც ემსახურები არა საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს და ხარ დამოკიდებული გარე ძალებზე, ვერ გექნება საზოგადოების მხარდაჭერა:
„ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია", - განაცხადა კალაძემ.
თავად ჯაფარიძე თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე უარს" ასახელებს. „ფეისბუქში" მის ოფიციალურ გვერდზე 22 ნოემბერს ასეთი ჩანაწერი გამოქვეყნდა:
„ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.
„სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
„დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



