
ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში ყოველდღიურად მიმდინარე გამოსვლები აღარ არის ისეთი მასობრივი, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა არც ბოლომდე გამქრალა. ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვარაუდობდა, რომ აქციები 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეწყდებოდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.
4 ოქტომბრის არშემდგარი „რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების ოპონენტთა შორის მართლაც გაჩნდა სერიოზული იმედგაცრუება და ნიჰილიზმი, თუმცა, ღამის საპროტესტო გამოსვლები, მეტნაკლები ინტენსივობით მაინც დღემდე გრძელდება ამაზე არც კანონმდებლობის გამკაცრებამ იმოქმედა და არც იმან, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობა ამჟამად სხვადასხვა ბრალდებით ციხეში ზის.
დაძლია თუ არა ოპოზიციამ „4 ოქტომბრის შოკი", რა ფაქტორებმა განაპირობა ეს, რა შემთხვევაში შეწყდება აქციები და ექმნება თუ არა ამის გამო ხელისუფლებას დისკომფორტი?
„რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება" - ამ სლოგანით, 5 დეკემბერს ღამით დედაქალაქში მორიგი აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სიმართლის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ამ მოტივით ითხოვენ. მოგვიანებით მათ გზა გადაკეტეს.
აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, მათ შორის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან, არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვან, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე - სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან.
„კითხვები, რაც არსებობდა მანამდეც, არსებობს ახლაც. აუცილებელია, რომ ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება და საჭიროა, რომ უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მსვლელობისას მოქალაქეებმა პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც სიმბოლურად დაწვეს პლაკატი ვლადიმირ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.
პოლიციამ ერთი პირი, გიორგი მელითაური დააპატიმრა. როგორც ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ განუცხადა, გიორგი მელითაური, სავარაუდოდ, პოლიციასთან არაკორექტული საუბრისთვის დააკავეს.
„უკნიდან მოეპარნენ ჩუმად და დააკავეს ჩემი ქმარი. უთხრეს, რომ არაკორექტულად საუბრობდა. ჩემი მეუღლე მანამდეც ორჯერ იყო დაკავებული", - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ, მაკო ქაფიანიძემ.
ბოლოს, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან დაბრუნდნენ.
სადამდე გაგრძელდება აქციები
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ აქციების უწყვეტობაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და არ გამორიცხავს, რომ კიდევ დიდხანს, თუნდაც 2028 წლამდე არ შეწყდება.
„ვამბობდი, რომ ეს აქციები ასე მალე არ შეწყდება. ასეთ მცირერიცხოვან აქციებს რაც შეუძლიათ დიდხანს გააგრძელებენ, რადგან ერთია დაფინანსება, არიან ადამიანები, რომლებიც ამით დაინტერესებული არიან და დასავლეთთან კავშირები აქვთ.
„სხვათა შორის, ჩემს მეგობრებს აინტერესებდათ, რას ფიქრობენ აქციის მონაწილეები და სპეციალურად 4 დეკემბერს გავიდნენ. აქცია მალევე დაიშალა და ჰკითხეს, ამით რას მიაღწევთ? იმათმა კი უთხრეს - დასავლეთი ჩვენგან ელის, რომ რაღაცას ვიზამთ.
„მეორეა, რომ მართლაც არსებობს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ამ მოძრაობით ნამდვილად აღტაცებულია. ამბობენ - „ჩვენი სახელები სამუდამოდ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების". კი, არიან ასეთებიც, რომლებმაც მართლა დაიჯერეს.
- „ეს მცირერიცხოვანი აქციები თუნდაც 2028 წლის ჩათვლით გაგრძელდება, ოღონდ ახლა განსხავებულ ფორმატში.
ხომ ხედავთ უკვე მილევადია და შეუდარებელია წინა აქციებთან. ახლა იქნებაც რაღაც თარიღებზე, ამის მეტი რა არის... მთავარია, რომ ეს მასობრივ პროტესტში არ გადადის, რადგან, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანსაღია", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ აქციები კიდევ გაგრძელდება, თუმცა ბევრი რამე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„4 ოქტომბერი სხვა მხრივ უფროა საყურადღებო, ვიდრე ის, აქციები გაგრძელდა, შეწყდა, თუ როგორ არის, რადგან ამ დღეს პარალელურად ორი პროცესი მიდიოდა - ბოიკოტი და არჩევნები. პრაქტიკულად, ოპოზიცია ორად იყო გაყოფილი. შესაბამისად, ამან აქციებზე გავლენა დიდად არ მოახდინა.
„თავად ბოიკოტის მომხეები სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, რომ ერთ დღეში ხელისუფლებას შეცვლიდნენ. ბევრი იქ ინტერესის გამო მივიდა და როცა პრეზიდენტის სასახლესთან დარბევა დაიწყო, თავისუფლების მოედანზე იდეაც არ გაჩენილა, რომ წასულიყვნენ და მათ შეერთებულიყვნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც მთელი წელი პროტესტში იყვნენ ჩართული, მათშიც გარკვეული სკეპციტიზმი იყო პროცესისადმი. შესაბამისად, თუ ეს დასრულდებოდა ისე, როგორც ბურჭულაძე და ძმანი მისნი გვაიმედებდნენ, მაშინ ეს აქციები შეწყდებოდა. თუმცა როცა თან სკეპტიკურად ხარ განწყობილი და თან იმ შედეგს ვიღებთ, რა თქმა უნდა, ეს აქციებზე გავლენას ვერ მოახდენდა, რადგან სხვადასხვა კატეგორიის და ინტერესების ხალხია.
- „გავბედავ და ვიტყვი, რომ თუ ერთ დღესაც პრეზიდენტი სინდისის პატიმრებს შეიწყალებს, რუსთაველზე პროტესტი დასრულდება.
„ცოტა რთული სათქმელია, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს აქციები. თუ ხელისუფლება კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს, პროტესტანტებს დამატებით საზრდო გაუჩნდებათ, რაც აქციას გაზრდის, ოღონდ არც ისე, რომ ხელისუფლებისთვის დიდი ხიფათი იყოს. ეს დამოკიდებულია რა შეცდომებს დაუშვებენ.
რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მეორე დღესვე, მაგრამ გარკვეული დროის მერე, შეჩერდება, - აღნიშნა ძაბირაძემ.
რეალური საფრთხე, თუ უმნიშვნელო დისკომფორტი ხელისუფლებისთვის
პეტრე მამრაძის აზრით, ხელისუფლებას ამ აქციებით რაიმე სერიოზული პრობლემები არ ექმნება.
„ეს აქციები ხელისუფლებას პრაქტიკულად არანაირ რეალურ დისკომფორტს არ უქმნის. თუ ხელისუფლება თავის გზას გააგრძელებს სხვადასხვა მიმართულებით, გააკეთონ ამათმა ეს, ამით ვერაფერს დააკლებენ", - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძეც ასევე ფიქრობს, რომ აქციები ხელისუფლებისთვის დიდ დისკომფორტს არ წარმოადგენს და მითუმეტეს, არც საფრთხეს.
„დღეს რუსთაველზე საპროტესტო აქციებს ახანგრძლივებს ერთი ის, რომ ძირითადად აქციების დროს დაკავებულების მშობლები და ახლობლები არიან და მეორე ისინი, ვინც მათ სოლიდარობას უცხადებენ. ესენი ისინი არიან, რომლებსაც პირადი ინტერესები გააჩნიათ ამ პროცესისადმი.
„რეალურად ეს აქციები ხელისუფლებას არავითარ დისკომფორტს და მითუმეტეს, ხიფათს არ უქმნის. რასაკვირველია, არ მოსწონთ, რომ ყოველ საღამოს იქ პოლიცია უნდა იყოს, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ძალაუფლებას კარგავენ, არ აქვთ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



