რეზონანსი
(11.12.2025)

მომღერალი თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე რეზიკო არჩვაძე სამი თვის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მელანია და იონა დაარქვეს. წყვილის ცხოვრება პატარების დაბადებამ რადიკალურად შეცვალა. "პრაიმ ტაიმმა" თამუნა ამონაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

"შემეძინა ტყუპები მელანია და იონა, სამი თვის და 9 დღის არიან. მადლობა უფალს დედობისთვის. წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი ამის გამო, შემდეგ ეს დარდი გადამივლიდა. ქალის მთავარი მისია არის დედობა და ამის გამო სიცოცხლის ბოლომდე უდიდეს მადლობას ვეტყვი ღმერთს.

აბსოლუტური შემოტრიალება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რეჟიმით, სიყვარულით ემოციებით. დამღლელი მაგრამ სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ველოდი, რომ შვილის სახით ბიჭიც და გოგოც მეყოლებოდა. მთელი ცხოვრება ვემზადებოდი დედობისთვის, ალბათ კარგი დედა ვიქნები. პირველ რიგში ვეცდები კარგი ადამიანები აღვზარდო, დანარჩენს თვითონ გაიკვლევენ.

ორივეს გადაწყვეტილებაა, არ გვყავდეს ძიძა. აუცილებლად უნდა შეიგრძნო მშობელმა შვილების ყველა ემოცია. გამოცვლა, ჭამა, ზუზუნი. სამი თვის და 9 დღის არიან და ვერ წარმომიდგენია, სხვამ აჭამოს და გამოუცვალოს. როგორც კი ბავშვი იბადება, იქ იწყება მისი აღზრდა. თურმე ყველაფერს გრძნობენ და ესმით. კატეგორიულად გადავწყვიტეთ პირველ ეტაპზე ძიძის გარეშე გავზარდოთ. ჩვენ შემოქმედი ადამიანები ვართ, რაღაც საქმე უნდა გავაკეთოთ და როცა წამოიზრდებიან შესაძლოა დამხმარე გვყავდეს. კიბორჩხალა ვარ ზოდიაქოთი, ძალიან მიყვარს ბავშვები და ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ შენ ბაღის დირექტორი უნდა იყოო, მაგრამ ყოველთვის მეშინოდა გაჩენის, მშობიარობის, რაღაცნაირი კოდი მქონდა ჩადებული დიდი ტკივილის, შიშის გრძნობა მქონდა და ფსიქოლოგიურად ვერ ვაიგივებდი, რომ ამას შევძლებდი და ალბათ ეს შიშიც ბლოკავდა ყველაფერს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" თამუნა ამონაშვილმა.

წყარო: primetime.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე