
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ, წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ქვეითად მოსიარულე, 35 წლის ცისმარი მრელაშვილი. ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილი ხდება, ამ ტრაგედიას გარდაცვლილის დედაც შეესწრო, სავარაუდოდ, ამ დროს ისინი სახლში ერთად ბრუნდებოდნენ.
დედა შვილის საშველად გაიქცა და ამ დროს, არსებული ინფორმაციით, სასოწარკვეთილ დედას მეორე ავტომობილი დაეჯახა. იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება. შვილი, ცისმარი მრელაშვილიც შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ წაიყვანა, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.
ცხედარს ექსპეტრიზა ჩაუტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 276- ე მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.
ძალიან განიცდიან მომხდარს ის ადამიანები, ვინც დედა-შვილს იცნობდა. როგორც ირკვევა, ისინი ქუჩაში იდგნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ნაქირავებ ბინამდე სულ ცოტა მანძილი ჰქონდათ დარჩენილი, როცა ეს მძიმე ავარია მოხდა.
"ძალიან განვიცდი ცისმარის დაღუპვას. კეთილი და ჰუმანური ადამიანი იყო. ორივე დედა-შვილს ვიცნობდი. დედა, ლალი მრელაშვილი, როგორც მითხრეს, რეანიმაციაშია. შემთხვევით გავიგე გუშინ საღამოს ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცადე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ საშინელებას, უსაყვარლესი ადამიანი იყო ცისმარი.
დედა-შვილს ნაქირავები ჰქონდათ ნახალოვკაში ბინა, ეტყობა სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ავარია მოხდა. ცისმარი ადგილზეა გარდაცვლილი, იმედია, დედა მაინც გადარჩება, გული მიკვდება მათი საცოდაობით.
წვალებით გაჰქონდათ ცხოვრება. ორივე ითხოვდა მოწყალებას, სხვადასხვა ადგილას იდგნენ ხოლმე.
პარალელურად, მუშაობდნენ, სადაც შეეძლოთ, ხან მეზობელს ეხმარებოდნენ ნაგვის გატანაში და ასე შემდეგ, მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებდნენ იმ სამუშაოებს, რაც შეეძლოთ. არაფერს თაკილობდნენ. ძალიან კეთილი ადამიანები იყვნენ, ცხოველები უყვარდათ და თავიანთ ლუკმას უნაწილებდნენ.
ცისმარი ცხოვრებისგან და გარშემო მყოფი ადამიანებისგან ზედმეტად დაჩაგრული იყო და ძალიან დასანანია მისი ასე ტრაგიკულად დაღუპვა", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" მეზობელმა.
კიდევ ერთი ქალბატონი ადასტურებს, რომ დედა-შვილი წვალებით ცხოვრობდნენ:
"ამ ასაკში ჰქონდა პირველი ტორტი და ასეთი ბედნიერი იყო. არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ წვალებისთვის მოდიან ამქვეყნად და პირველი ტორტი ამ ასაკში ასე აბედნიერებს…. მაგრამ ფინალიც ტკივილიანი…
რაზე ვწუწუნებთ ადამიანები?!" - წერს ნაცნობი.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


