
„იმ ფონზე, როცა აშშ მთავარ მოწინააღმდეგედ და კონკურენტად არა რუსეთს, არამედ ჩინეთს განიხილავს, წარსულში მისგან დიდწილად მივიწყებულ რეგიონში ამერიკის ამ ფორმით გამოჩენა სწორდ ჩინეთის გავლენის შესუსტების სურვილს უნდა დავუკავშიროთ"
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის იდეა დღემდე საკმაოდ პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის, არამედ რეგიონით დაინტერესებული ქვეყნების პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში. მისი განხორციელების მთვარ წინაღობად ყარაბაღის კონფლიქტი სახელდებოდა. კონფლიქტის დასრულებას, და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს სამშვიდობო დეკლარაცის ხელმოწერას ახალი ენერგია უნდა შეეძინა ამ პროცესისთვის. მაგრამ, მალე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ახლა, სწორედ მშვიდობის შედეგად დამდგარი ახალი რეალობა გახდეს მისი განხორციელების მთავარი წინაღობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სამივე ქვეყანამ სრული დეინდუსტრიალიზაცია განიცადა. ამაში არა უბრალოდ ფაბრიკა-ქარხნების გაქრობა იგულისხმება, არამედ უუნარობა შექმნა მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის. ინდუსტრიული მზაობის გაეროს ინდექსის მიხედვით, 140 ქვეყნიდან სომხეთი 89-ე, საქართველო 99-ე, ხოლო აზერბაიჯანი 103-ე პოზიციას იკავებს. ეს გარემოება ნათლად მეტყველებს, რომ სამივე ქვეყანის ეკონომიკა, არა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ტექნოლოგიურ მზაობასა და უნარებზე, არამედ ძირითადად გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული.
ამის მიზეზების ძებნა, სხვა მსჯელობის საგანია, მაგარამ ერთ გარემოებას მაინც უნდა შევეხო. სოციალურ მეცინერებებში არსებობს კონცეფცია „გათელილი გზის სინდრომი", ან სხვანაირად „წარსულზე დამოკიდებულება", რაც გულისხმობს, რომ წარსულში დამკვიდრებული ინსტიტუტების ახლით ჩანაცვლება იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ხშირად, მიუხედავად აუცილებლობისა, ქვეყნები მათი ერთგული რჩებიან.
იმედია ზემოთ ჩამოთვილი ქვეყნები არა ხელისუფლებების უუნარობით, არამედ სწორედ წარსულზე დამოკიდებულებით რჩებიან 90-იან წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნაკარნახევი ნეოლიბერალური ეკონომიკური პარადიგმის და ინსტიტუტების (მასობრივი პრივატიზაცია, ეკონიმიკის დერეგულირება, ბაზრის და ვაჭრობის ლიბერალიზაცია) ერთგულნი.
უკვე 90-იანი წლებიდან, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი სატრანპორტო დერეფნის ფუნქციის შეძენა ეკონომიკური განვითარების მთავარ ვექტორად იქცა. გავიხსენოთ ტრასეკას პროექტი, სადაც როგორც შავი ზღვის, ისე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მონაწილეობდნენ.
საქართველომ, შავ ზღვაზე გასასვლელის გამო მალე დაიმკვიდრა თავი, როგორც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტმა. ჩინეთსა და ევროპას შორის გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, რომელიც დღეს 845 მილიარდ დოლარს შეადგენს, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო მარშრუტს. დღეს ეს მარშრუტი შუა დერეფნის სახელით არის ცნობილი. ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის 90% ოკეანით, ძირითადად სუეცის არხის გავლით ხორციელდება. დანარჩენს კი სახმელეთო გადაზიდვები შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილი რუსეთზე გადის. ამ სატრანზიტო მარშრუტების ალტერნატივების ძიება ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყო, ხოლო რუსეთ უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის ზრდის ფონზე საჭირო გახდა მათი დივერსიფიცირება. ამიტომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნების მიერ ინფრასტრუქტურისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის შემთხვევაში შუა დერეფანს რუსეთის სახმელეთო გზის მთავარ ალტერნატივად განიხილავენ.
ცხადია, განსაკუთრებით დიდია ამ პროცესში ჩინეთის როლი, მათ შორის, როგორც ინვესტორის. ის შუა დერეფანს „ერთი სარტყელი ერთი გზის" პროექტის ნაწილად განიხილავს, რაც ამ ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებში ინვეტირებასა და განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
ჩინეთმა ეკონომიკით აშშ-ს უკვე გაუსწრო. გარდა ამისა ის მოწინავეა ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო არაინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია მას სასურველ პარტნიორად აქცევს რეგიონის ქვეყნებისთვის. შედეგად იზრდება მისი გავლენა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მის მთელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რესურსს ხარჯავს, რეგიონის ქვეყნები მისი გავლენის დაბალანსებას სხვა დიდი სახელმწიფოების შემოყვანით ცდილობენ. ამიტომ დღესდღეობით სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, ერთი შეხედვით ყველაზე სტაბილურ, მაგრამ ამავე დროს დიდი სახელმწიფობის გავლენების მთავარ საჯილდაო ქვას წარმოადგენს. ამის დასტურია ის, რომ სწორედ ვაშინგტონში მოეწერა ხელი აზერბაოჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდოებო დეკლარაციას აგვისტოში, 6 ნოემბერს კი ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის მეთაური ეწვია თეთრ სახლს, სადაც მრავალ საინვესტიციო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.
რეგიონში დიდი დიდი სახელმწიფოების გავლენებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი მაგალითია ე.წ. „ტრამპის მშვიდობის დერეფანი", ანუ ზანგეზურის კორიდორი, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით თურქეთს უნდა დააკავშიროს. შეერთებული შტატები მზადაა როგორც პროექტის ფინანსური მხარდაჭერის, ასევე მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთი შეხედვით ამ თითქოსდა უწყინარმა ეკონომიკურმა პროექტმა რეგიონის გეოპოლიტიკისთვის შეიძლება შორსმიმავალი შედეგი გამოიღოს. იმ ფონზე, როცა აშშ მთავარ მოწინააღმდეგედ და კონკურენტად არა რუსეთს, არამედ ჩინეთს განიხილავს, წარსულში მისგან დიდწილად მივიწყებულ რეგიონში ამერიკის ამ ფორმით გამოჩენა სწორდ ჩინეთის გავლენის შესუსტების სურვილს უნდა დავუკავშიროთ.
თუ შუა დერეფნის ქვეყნებს აქვთ ამბიცია, ის შეიძლება არა მხოლოდ შიდარეგიონალური ტვირთბრუნვის, არამედ ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ დერეფნად იქცეს. ზანგეზურის კორიდორის გახსნის შედეგად თეორიულად ამის განხორციელების უკვე ორი ალტერნატივა არსებობს. ერთის შემთხვევაში ჩინეთიდან წამოსული ტვირთები ცენტრალური აზიისა და შემდგომ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს პორტებიდან პირდაპირ მიემართება ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნებისკენ. ალტერნატიული მარშრუტი გულისხმობს უკვე აზერბაიჯანამდე მოტანილი ტვირთის თურქეთში ტრანსპორტირებას ზანგეზურის გავლით.
სომხეთის გადაწყვეტილება, აღიაროს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე და დაუზავდეს მას, არა მხოლოდ რეგიონში რუსეთის შესუსტებით არის გამოწვეული, არამედ მისი დიდი ხნის მისწარფებით, დააღწიოს თავი იზოლაციას და გახდეს სატრანზიტო ქვეყანა.
2025 წელს თბილისში აწ უკვე ტრადიციადქცეული აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობები ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შედეგად გაჩენილ რეგიონის ინტეგრაციის ახალ სულისკვეთებაზე საუბრობდნენ, მაინც იგრძნობოდა ერთგვარი უხერხულობა. ყველა მხარე აცხადებდა, რომ ზანგეზურის კორიდორი არა საქართველოს მარშრუტის ალტერნატივა, არამედ შემავსებელი იქნებოდა.
თუ რომელ მიმართულებას მიენიჭება პრიორიტეტი ეს ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული: რამდენად სწარაფად მოხდება სატრანზიტო დერეფნის ქვეყნებს შორის საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვა, ერთიანი ტარიფების შემოღება, დიგიტალიზაცია, ტვირთების ხასიათი და ტრანსპორტირების ფასი. მაგრამ, მთავარი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.
ნაკლებად სავარაუდოა, ჩინეთმა საკუთარი ტვირთები ამერიკის მიერ კონტროლირებად დერეფანზე გაატაროს. ამიტომ, მისი სურვილის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს შუა დერეფნის განვითარებას, საქართველოს მიენიჭება უპირატესობა, კონკრეტულად კი ანაკლიის პორტს. იმედია ამას როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე შუა დერეფნის რეგიონის სხვა ქვეყნებიც აცნობიერებენ.
როგორც ჩანს, ახალი კონფლიქტური ინტერესები, კიდევ კარგი ხნით გადასწევს დროში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ამ ერთობ იდეალისტური შეხედულების განხორციელებას.
ბექა ნაცვლიშვილი არის პოლიტეკონომისტი, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



