
ძნელია პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილის ზოგიერთ გამონათქვამსა და ქმედებას გონივრული ახსნა ან რაიმე გამართლება მოუძებნო, მაგრამ იმაში სრულიად ვეთანხმები, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ (წევრმაც) კანონით უნდა იხელმძღვანელოს და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი არ უნდა ხელყოს.
თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებას შევახსენო, რომ აღნიშნული პრინციპი გარდა იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობაშია ასახული, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითაც არის აღიარებული, როგორც სიხლის სამართალწარმოებაში ადამიანის დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალ რედაქციებში უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი არსებითი ხარვეზებით არის ასახული (რისთვისაც პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ავტორებთან ერთად, იმ პოლიტიკოსებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ქართველ მეცნიერთა თვალსაზრისის იგნორირებით ცდილობენ კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვას, რაც ცალკე მსჯელობის თემაა), თუმცა, ევროინტეგრაციაზე ორინტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იურისტებს, აუცილებლად უნდა ესმოდეთ აღნიშნული პრინციპისა და მისგან გამომდინარე ძირითადი მოთხოვნების არსი, რომ თუნდაც ენებლიედ არ ხელყონ რომელიმე თანამოქალაქის ე. წ. არაქონებრივი უფლებები.
სწორედ, ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე იციან ევროპელმა უფლებადამცავებმა, რომ ერთი უდანაშულო ადამიანის ციხეში გამწესებას, ასი დამნაშავის გარეთ დატოვება სჯობს, რის გამოც შეიმუშავეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებული სახით მიცემული ადამიანის (სავარაუდო დამნაშავის) უფლებების დაცვის სპეციალური მექანიზმი, რომელსაც უდანაშულობის პრეზუმფცია უწოდეს და ადამიანის უფლებათა სტარბურგის სასამართლოს სახელმწიფოების მხრიდან მის რეალიზაციაზე კონტოლი მიანდეს.
ყველასთვის რომ იყოს გასაგები, განვმარტავ, რომ აღნიშნული პრიციპის თანახმად, სახელმწიფო მანამდე თვლის ადამიანს (ეჭვმიტანილი, დაკავებული, პოლიციაში მიყვანილი თუ წარდგენილი, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი, ბრალდებული, განსასჯელი) უდანაშაულოდ და შესაბამისად ეპყრობა (თუნდაც დუმილის უფლებას იყენებდეს), სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენას სასამართლოში საქმის განხილვისას ღიად (საქვეყნოდ, საჯაროდ) და უტყუარი მტკიცებებულების გამოყენებით არ დაამტკიცებს ბრალმდებელი (პროკურორი) და არ დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო კანონიერ ძალაში შესული (ამოქმედებული) გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, ბრალდებულის დუმილი ან დანაშაულის აღიარება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, თუ დანაშაულის ფაქტი არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული უტყუარი მტკიცებელებების ერთობლიობით.
ამდენად, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, „აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით", თუ მოქალაქეებს უფლება გვაქვს, ჩვნი აზრით დამნაშავეები მაგ., მექრთამეებად, მოღალატეებად ან ტერორისტებად მოვიხსენიოთ, ხელისუფლების წარმომადგენლები (საჯარო მოსამსახურეები) ვალდებული არიან, ემოციები მოთოკონ, სს პასუხისგებაში მიცემული პირებიც კი მხოლოდ პროცესუალური სტატუსით მოიხსენიონ, ხოლო ქმედებების სამართლებრივი შეფასება შესაბამის სამართლდამცავ ორგანოებს მიანდონ.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობის საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებიდან გამომდინარე („ტერორისტია და უნდა დაისაჯოსო"), „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით" მიგრძნო გულმა, რომ თუნდაც მხოლოდ უდანაულობის პრეზუმფციის ხელყოფისთვის დააკისრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ელისაშვილისთვის სოლიდური კომპენსციის გადახდას. აქედან გამოდინარე, კარგის იქნებოდა, პარლამენტს სოლიდური სანქციები სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრიციპის ხელყოფისთვის დაეწესებინა, რაც კონკრეტული ადამინების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაიცავდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან...
რაც შეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების უმკაცრესი ჯარიმა-სასჯელებით „მორჯულების" მცდელობებს (როგორც წესი, დღის განმავლობაში რამდენიმე მოქალაქეა, საღამოს რამდენიმე ასეული უერთდება და გზის სავალ ნაწილზე ინაცვლებენ), ხელისუფლების ადგილზე, დაჟანგული ლითონით შემოღობილ „ბოსტანს" ავიღებდი და ტროტუარს სავალი ნაწილისგან მოაჯირით გავმიჯნავდი (როგორც ეს რუსთაველის გამზირის შუა ნაწილშია). ამ შემთხვევაში, ათასამდე მოქალაქეს საშუალება ექნებოდა პარლამენტთთან პროტესტი ისე გამოეხატა, რომ დანარჩენი მოქალაქებისთვის პრობლემა არ შეექმნა, ხოლო ვინც ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიის სრულად გადაკეტვას შეეცდებოდა, გზის სავალ ნაწილს უნებართვოდ დაიკავებდა და პოლიციის მითითებას არ დაემორჩილებოდა, სასამართლო პირველ ჯერზე მაგ., 500 ლარით დააჯარიმებდა (გონივრული ოდენობაა...), ხოლო განმეორების შემთხვევაში, ორ კვირამდე გაამწესებდა ციხეში...
ისიც ფაქტია, მათ მიმართაც, ვინც პოლიციელები ან/და პარლამენტის შენობა დააზიანა (როგორც ვიცი, 150-მდე მინა იყო ჩამსხვრეული), პროკურატურას უტყუარი მტკიცებულები რომ წარედგინა (თუნდაც, მკაფიო ვიდეოჩანაწერები), სასამართლო რამდენიმე დღეში მიიღებდა გადაწყვეტილებას და „სინდისის პატიმრების" საქმის განხილვა გაუმართლებალად არ გაჭიანურდებოდა...
ამდენად, ვრწმუნდები, რომ „ვიღაც მესამე" დაინტერესებულია ქართველების „პოლარიზაციით", „უწყვეტი" საპროტესტო აქციების ორგანიზებით, და მართლმსაჯულების არაეფექტურობით, რის გამოც, ფაქტობრივად, აღარავის ახსოვს რეალური საფრთხეეები... ფაქტია, მიწა იყიდება, სოფლები ცარიელდება, ქართველები მესამედი დავრჩით და ისიც, დაპირისპირებულ პარტიებში ვართ გადანაწილებულები... სამაგიეროდ, კონსტიტუცია („უზენაესი კანონი") შევცვალეთ სამჯერ და სამივე სახელმწიფო სიმბოლოც ახალი („ნაციონალური") გვაქვს, ხოლო პარლმენტის შენობის წინ აღმართულ დამცავ ფარზე დღემდე პარტიული („ნაცმოძრაობის") დროშა გვაქვს გამოსახული. არადა, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე მოქალაქეები ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად უნდა ვყოფილიყავით გაერთიანებულები, რაც რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებით უნდა დაგვეწყო, ვინაიდან „სამართლებრივი სახელმწიფო" - „დამოუკიდებელი სასამართლო" = „პლუტოკრატიულ ტირანიას"...
ავთანდილ კახნიაშვილი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



