თამთა ჩაჩანიძე
(13.12.2025)

18-19 დეკემბრის ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან. მთავარი განსახილველი საკითხებია ბლოკის გაფართოება, უკრაინა და ევროკავშირის უსაფრთხოება. ამასთან, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ევროკავშირი გაფართოების პროცედურის გამარტივებასაც განიხილავს, რათა უკრაინა ბლოკში დაჩქარებულად, 2027 წლის 1-ლ იანვრამდე მიიღოს. რამდენად რეალისტურია ეს გეგმა და შეეხება თუ არა ის ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ანალიტიკოსთა ნაწილი გეგმას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი ამბობს, რომ თეორიულად ეს დასაშვებია და არაა გამორიცხული, რომ გაწევრიანების პროცესზეც ისევ იმოქმედოს პოლიტიკურმა კონტექსტმა, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს მოხდა, თუმცა აქაც პროცედურებს და ფორმალობებს გარკვეული დრო სჭირდება.

„ფაინენშალ თაიმსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლეს პროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გახდეს. ეს ის საკითხია, რასაც ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები განიხილავენ. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი ნაბიჯი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურების შეცვლას გამოიწვევს და ევროკავშირს აიძულებს, რომ პროცესს სრულად გადახედოს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამშიდობო პროცესის ფარგლებში, პირობას დებს, რომ უნგრეთის ლიდერ ვიქტორ ორბანს ვეროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნაზე, ხოლო ევროკავშირის ლიდერებს გაწევრიანების პროცედურის გამარტივებაზე დაითანხმებს.

რამდენად რეალურია გაწევრიანების პროცესის გამარტივება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს სცენარი თეორიულად დასაშვებია, თუმცა, პრაქტიკაში რამდენად განხორციელდება, ახლა ძნელი სათქმელია.

„ევროკავშირს თავისი სტანდარტები აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კანდიდატობა, თუ სრული წევრობა განიხილება, მეორე მხრივ, ეს ხშირად პოლიტიკურ კონტექსტთანაა დაკავშირებული. კანდიდატის სტატუსი საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უფრო პოლიტიკური კონტექტით მიიღო და რადგანაც მსგავსი შესაძლებლობა არსებობდა, თეორიულად დასაშვებია, რომ პოლიტიკური კონტექტით, ან სახელმწიფოს დაცულობის კუთხით, გაწევრიანების პროცედურები გამარტივდეს.

„თავისთავად კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმებს საქართველოც უკრაინაც და მოლდოვაც სრულფასოვნად არ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღეს გადაწყვეტილება. თეორიულად დასაშვებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ალბათ მარტივი პროცესი არ იქნება. იქ ფორმალური პირობებია, ახალი პარტნიორების თემაც ჩნდება - სომხეთი ჯერ საწყის ფაზაშია, მაგრამ მაინც ცდილობს წინ წაიწიოს. იქნება ფაქტორები, რომლებიც დასაფიქრებელია. თან ყველა პარტნიორი სახელმწიფოს დათანხმება ასე მარტივიც არ იქნება, მაგრამ ვარაუდია, რომ შესაძლოა ეს საკითხი სახელწიფოებმა მიიღონ ურთიერთსარგებლობის პრინციპით, მათ შორის უნგრეთმაც, რომელიც წინაღობებს ქმნის ხოლმე", - განაცხადა გამზარდიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" საუბრისასამ გეგმის განხორციელების შესაძლებლობას სკეპტიკურად აფასებს.

„მე ამ გეგმას სკეპტიკურად ვუყურებ. ტრამპის განცხადებები ვიცით, სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ - ერთ დღეში დავასრულებ ომსო და აგერ ისევ ხოცვა-ჟლეტა მიდის. 28-პუნქტიან გეგმაზე როგორი აჟიოტაჟი ატყდა მსოფლიოში და დღეს სადაა ეს პროექტი?

„ფაინენშალ თაიმის" ასეთი განცხადება ნიშნავს, რომ ევროკავშირის მთელი სტრუქტურა უნდა დაანგრიონ იმისათვის, რომ უკრაინა მიიღონ იმ პირობებით, რაშიც 2027 წლის იანვარში იქნება.

  • „ქაოსის ეპოქაში ვართ და პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ დღეს გამორიცხულია ევროკავშირი, იგივე ტრამპის ზეწოლის საფუძველზე, ამას დათანხმდეს.

„დღეს უკრაინის ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, არც უკრაინა თმობს, არც პუტინი. იქ დებულებაა, რომ საზღვრები განსაზღვრული უნდა იყოს და ერთ წელიწადში რა იქნება, ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა სრულიად არასერიოზულია", - განაცხადა მამრაძემ.

სად არის საქართველო

არჩილ გამზარდიას შეფასებით, მთავარი ისაა, ისევ ერთ კონტექსტში განიხილება თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხი, რადგან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ძალიან მძიმე რიტორიკაა იმ ადამიანების მისამართით, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს". ამას გარდა, საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომ მოლაპარაკებების გახსნაზე საუბარი შეჩერებული გვაქვს, შესაძლოა გახდეს მთავარი წინაღობა სხვა ფაქტორებთან ერთად.

„მიუხედავად იმისა, რომ სამ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოგვცეს, მაინც თითოეული მათგანის მოცემულობა სხვადასხვაა. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს. ეს არაა პროცესი, რომელიც ფერხდება, მაგრამ საქართველო სურვილს გამოხატავს. ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა გართულებულია, ჩვენთან ძალიან მძიმე რიტორიკაა იმ ადამიანების მისამართით, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

  • „საკითხავია, აქ მოიძებნება ისეთი პოლიტიკური კონტექტი, რომ კვლავ სამივე ქვეყანა ერთ კონტექტში განიხილონ, თუ ინდივიდუალური მიდგომები იქნება და გავრცელდება ან მხოლოდ უკრაინაზე, ან უკრაინასა და მოლდოვაზე. საქართველო ამ წუთისთვის არანაირ პირობას არ ქმნის.

„მთავარი ღია ფაქტორი ეგაა - როცა შეჩერებული გაქვს (გაწევრიანებაზე მოლაპარაკება), გამოდის, რომ ამისკენ არ მიილტვი. შესაბამისად, პირობა რომც გქონდეს, სურვილი არ გაქვს. მაშინ საჭიროა საქართველომ მოლაპარაკებების პროცესი დააბრუნოს, გაჩნდეს მოლაპარაკებებზე სამოქმედო გეგმის საკითხი. ამ ურთიერთობებში ეს ასე მარტივი არაა. შესაძლოა საქართველოს გარკვეული დადებითი ტენდენციები ჰქონდეს, მაგრამ დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია.

„მოლდოვა მინიმუმ წინ იქნება, რადგან ის სურვილს გამოხატავს და მიილტვის, რაღაცით აკმაყოფილებს, რაღაცით - არა, მაგრამ სურვილი გამოხატული აქვს. საქართველოს კი - არა", - განაცხადა გამზარდიამ.

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ საქართველოს მთავრობა დღესაც მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა თავად ევროკავშირი ფაქტების ინტერპრეტირებით ამის საწინააღმდეგოს ამტიცებს. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება კი ისიცაა, რომ საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანას.

„მოლდოვას საქმე სულ სხვაა, ვიდრე საქართველოსი. ის რუსეთს არ ესაზღვრება, ესაზღვრება ევროკავშირისა და ნატოს წევრ რუმინეთს, მოლდოვის ენა მისას ემთხვევა და ერთმანეთთან სალაპარაკო პრობლემა არ აქვთ. რუმინეთი ეკონომიკურად ვერ შველის, მაგრამ ჯარი ძლიერი ჰყავს და ნატო-ს წევრია.

„საქართველო რუსეთს ესაზღვრება და არ ესაზღვრება ევროკავშირის არცერთ ქვეყანას. პრეცედენტი, რომ ევროკავშირმა ასეთი ქვეყანა მიიღოს, არ ყოფილა. ის ყოველთვის ისეთ ქვეყანას იღებს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებთან საერთო საზღვარი აქვს, დღეს ჩვენ ეს დაბრკოლებას გვიქმნის.

„ამას ემატება ის, რომ რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული. საქართველოს არ აქვს გაკეთებული საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია არცერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან, გარდა თურქეთისა და ამის პერსპექტივაც არაა. ჩემთვის ევროკავშირის მაღალი დონის დიპლომატებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, რომ ასეთი ქვეყნის სრულფასოვან წევრად მიღების განხილვაც კი დაიწყონ. სტატუსები, უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება - კი, ბატონო, მაგრამ წევრობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი უცებ შეიცვლება და რუსეთის ბაზებიანად საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ, შეუძლებელია.

„ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა და ბევრჯერ გაიმეორა, რომ თუ ევროკავშირი თუნდაც დღეს შემოგვთავაზებს, მოლაპარაკებას დავიწყებთო. საქართველოს გაცილებით უკეთესი პარამეტრები აქვს, ვიდრე ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას, ამას თვითონვე ადასტურებენ. ევროკავშირის ბიუროკრატია თაღლითურად ინტერპრეტორებს, რომ თავად ქართველებმა თქვეს უარიო, მაგრამ, თურმე შენ შეაჩერე ივლისში და ამას დღეს მეუბნები?!", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე