
12 დეკემბერს სოხუმში გამართულმა დე ფაქტო მინისტრთა შეხვედრამ აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და პანიკა გამოიწვია. საუბარია რუსეთში მყოფი აფხაზი ახალგაზრდების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, რაც თეორიულად შეიძლება ნიშნავდეს შემდგომში მათ გაწვევას რუსულ არმიაში და უკრაინაში საომრად გაგზავნას. თბილისში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს პროცესი ახლა იწყება და დე ფაქტო ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაახმაურა, რათა მოსკოვის ეს გეგმა ჩავარდეს.
12 დეკემბერს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ოლეგ ბარციცსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ანუას, შეხვედრა გაიმართა. „ოფიციალური" პრესრელიზის თანახმად, „საუბრისას განიხილეს შემთხვევები, როდესაც რუსეთში ხდება აფხაზეთის მოქალაქე იმ ახალგაზრდების აყვანა სამხედრო აღრიცხვაზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ".
ამან აფხაზურ საზოგადოებაში ანტირუსული ისტერია და გარკვეული თვალსაზრისით პანიკაც გამოიწვია. მიზეზი ისაა, რომ რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. „შეთანხმების" თანახმად, ორმაგი რუსულ-აფხაზური მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა არ უნდა აიყვანონ სამხედრო აღრიცხვაზე რუსეთში, თუკი ის აფხაზეთში უკვე აყვანილია სამხედრო აღრიცხვაზე.
სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში კეთდება განცხადებები, რომ რუსეთი არღვევს „შეთანხმებას", რომ რუსულ არმიას ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს, დანაკლისის შევსებას ახლა აფხაზი სტუდენტების ხარჯზე აპირებს და უკრაინაში გეგმავს მათ გაგზავნას „საზარბაზნე ხორცად".
აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ 14 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იძლებული გახდა ახალი განცხადება გაევრცელებინა.
ამ „ოფიციალურ" განცხადებაში უკვე აღარ არის ნახსენები აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის „შემთხვევები". მასში უკვე იმაზეა საუბარი, რომ რუსეთში „პერიოდულად არსებობს მცდელობები, რომ რუსეთის ფედერაციაში სამხედრო აღრიცხვაზე სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანონ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები".
„შეხვედრის მიზანი იყო ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომელიც გამორიცხავს რუსეთში სამხედრო აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულებას აფხაზეთის მოქალაქეებისათვის, რადგან ისინი შედიან აფხაზეთის რესპუბლიკის სამობილიზაციო რეზერვში და სახმედრო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ სწორედ აფხაზეთში", - ნათქვამია 14 დეკემბრის განცხადებაში.
რა ხდება რეალურად
ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსულ ჯარში რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზების გაწვევა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მათი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შეიძლება ამ პროცესის დაწყებას ნიშნავდეს.
„ჯარში გაწვევა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღრიცხვაზე აყვანა ამის ნიშანია. დღემდე ეთნიკური აფხაზები, ვინც იბრძვის რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ყველა მოხალისეა, ამაში თანხას იღებს და ფულის გამო იბრძვის, თუმცა ძალიან ცოტანი არიან, რამდენიმე ათელული ადამიანია. ამასობაში კი რუსეთის ტერიტორიაზე ბევრი ახალგაზრდა ადამიანი სწავლობს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საქართველო არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას, ყველაფერი, რასაც ვსაუბრობთ, ეს საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას.
„ამ ფონზე რუსეთმა დაიწყო ამ ახალგაზრდების რეგისტრაცია. არსებობს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები არ შეიძლება გაიყვანო აღრიცხვაზე, ან გაიწვიო ჯარში, თუ ის სამხედრო აღრიცხვაზე მეორე სახელმწიოფშია აყვანილი. თუ აღრიცხვაზე ახალგაზრდა აფხაზეთშია აყვანილი, მას აღრიცხვაზე რუსეთში ვერ აიყვანენ. ამაზე იყო საუბარი 2 უწყების ხელმძღვანელს შორის, თუ რასთან აქვთ საქმე. მათ სურთ ამ საკითზე ჰქონდეთ ურთიერთობა რუსეთთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
მისი შეფასებით, დე ფაქტო მინისტრების შეხვედრისა და მათი საუბრის თემის ასე გასაჯაროვება ძალიან უცნაურია. ზაქარეიშვილის აზრით, ეს მიზანმიმართულად მოხდა:
„ცოტა არ იყოს უცნაურია, თუ რატომ გააკეთეს ეს საჯაროდ. ეტყობა სერიოზული პრობლემაა და მოუწიათ საზოგადოების წინაშე ასეთი სხდომა გაეკეთებინათ, რადგან, როგორც წესი, სამინისტროებს შორის ფარული სამუშაო შეხვედრებია და სულაც არ არის აუცილებელი საზოგადოებამ იცოდეს, თუ რაზე საუბრობენ ისინი ყოველდღე. თუმცა, ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და გადაწყვიტეს საჯარო მსჯელობის საგნად გაეხადათ.
„მართლაც უცებ მოხდა აფხაზურ საზოგადოებაში ამ თემის აწევა და ყველა აღშფოთებულია - თუ ჩვენ (აფხაზებს ) რუსებთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული, სადაც ჩვენი ახლგაზრდების აღრიცხვაზე აყვანის უფლება არ აქვთ, რატომ აყავთ?!
- პაატა ზაქარეიშვილი: „ეს არის აშკარად სოხუმის მცდელობა, რომ გაახმაუროს თემა, რათა ჩააგდოს ეს ამბავი, რადგან საფრთხე რეალურია"
„ეს არის აშკარად სოხუმის მცდელობა, რომ გაახმაუროს თემა, რათა ჩააგდოს ეს ამბავი, რადგან საფრთხე რეალურია, რათა ის ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთში სწავლობენ ამ დოკუმენტით დაცულები იყვნენ."
თუმცა, ზაქარეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა ყველაფერი არასწორადაა გაგებული, ან უბრალოდ რუსეთმა პირობები დაარღვია.
„როგორც ჩანს, რუსეთმა ან დაარღვია ეს პირობა, ან არასწორადაა ყველაფერი გაგებული. ტემპერატურა აიწია იმ იმედით, რომ საზოგადოება ამას არ დაუშვებს და რუსეთს მოუწევს თავისი გარკვვეული გადაწყვეტილების თუ ინიციატივის უკან წაღება, რათა არ აიყვანოს აღრიცხვაზე აფხაზი ახალგაზრდები. როგორც ჩანს, ეს ხმაურისთვის გაკეთდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე ყოფილა თუ არა შემთხვევები, როცა რუსეთში მყოფი აფხაზი ჯარში გაიწვიეს და შემდეგ უკრაინაში გაგზავნეს, ექსპერტი გვპასუხობს:
„ყოფილა ასეთი ფაქტები, ოღონდ ის ახალგაზრდა წინააღმდეგი არ იყო, რადგან მან კარგად იცოდა, რომ, როგორც რუსეთის მოქალაქეს, შეეძლო პირველად აღრიცხვაზე აყვანილი რუსეთში ყოფილიყო. ვინც პირველად სამხედრო აღრიცხვაზე იყო აყვანილი რუსეთში და მანამდე არ იყო აყვანილი აფხაზეთში, ისინი ან გაწვეულნი არიან, ან აღრიცხულები არიან. მოგეხსენებათ, რუსეთი დიდი ტერიტორიაა და ყველა სამხედრო უკრაინაში არ მიდის. არაა გამორიცხული კორუფციაც. ვიცით, რომ რუსეთში ძლიერი კორუფციაა და შესაძლოა აფხაზი ახალგაზრდა, რომელიც ჯარში რუსეთში გაიწვიეს, სულაც არ წასულა უკრაინაში. ფაქტები იყო, რომ რამდენიმე ახალგაზრდა უკრაინაში მსახურობდა, თუმცა ამას ხმაური არ გამოუწვევია, რადგან თვითონ არ იყვნენ ამის წინააღმდეგი", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



