
ოპოზიციაც და ხელისუფლებაც „ბოლომდე" ბრძოლის გზას ადგას - პერმანენტული ქუჩის აქციების პარალელურად, „ოცნება" კანონებს ეტაპობრივად ამკაცრებს. ოპოზიციაში უკვე ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათმა მიდგომამ არ გაამართლა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ასეთი ხისტი მიდგომების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე საუბრობენ და ბელარუსის მოვლენებთან ავლებენ პარარელს.
13 დეკემბერს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეთანხმების შედეგად აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე სანქციები მოხსნა.
საქართველოში ხელისუფლების ოპონენტები ამას ბელარუსზე დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ანალოგიური ზეწოლით ბოლო 1 წლის განმავლობაში დაკავებული აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების გათავისუფლებაც მოხდება, რომელთა რაოდენობაც, მათი შეფასებით, დაახლოებით 150-ია.
ანალიტიკოსების ნაწილი კი ამას განხვავებულად აღიქვამს. მათი შეფასებით, ბელარუსის მიმართ აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხისტმა პოლიტიკამ არ გაჭრა. ტრამპის ადმინისტრაციამ კი პოლიტიკა მნიშნელოვნად შეარბილა, რის შედეგადაც მოიძებნა კომპრომისი და დადგა კონკრეტული შედეგი.
ორი „ბოლომდე"
ოპოზიციონერი აქტივისტი, ენმ-ის ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთმანეთის წინააღმდეგ „ბოლომდე" ბრძოლა აქვს არჩეული, თუმცა ამ სტრატეგიით ხელისუფლება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ოპოზიცია.
„არსებობს ორი „ბოლომდე". ერთი არის, როდესაც ჩვენ გავჯიუტდით და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ და ივანიშვილს მოვაშორებთ. მე ეს მეჩვენება ძალიან რთულად და თითქმის შეუძლებლად.
„არსებობს მეორე „ბოლომდე", სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ის ბოლომდე გავა და გაგვანადგურებს ჩვენ ყველას.
„ივანიშვილი უფრო ახლოს არის მიზანთან, ვიდრე ჩვენ, ოღონდ, ივანიშვილს ამის გაკეთება ასევე ძვირი დაუჯდება და მისთვის ეს არის რისკი
„შეიძლება ივანიშვილი იგებს დროს, შეიძლება ჩვენ ვიგებთ დროს, რომ საბოლოოდ არ გავნადგურდეთ 2028-მდე და 2028-შიც მაინც ვცადოთ რამე.
„დღეს მე ვხედავ, რომ არ გვაქვს სათქმელი, რომ „ხალხო, რევოლუცია მოვაწყოთ"; არ გვაქვს სათქმელი, რომ გრძელვადიან დემონტაჟს ვაკეთებთ; დღეს არ გვაქვს სათქმელი, რომ არჩევნები როცა იქნება, მაშინ დავამარცხებთ, ამასაც ვერ ვამბობთ", - განაცხადა ობოლაძემ „ფორმულასთან".
ხისტი პოლიტიკის არჩევის მიზეზები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ პოლიტიკის გამკაცრება ოპოზიციის სიხისტის შედეგია.
„ხელისუფლებას უნდა, რომ ახალი კანონების შემოღებით ქაოტური ელემენტები მინიმუმზე დაიყვანოს. რაც შეეხება ოპიზიციას, მის მიდგომას, რომ ღამის რუსთაველით ხელისუფლება შეცვალოს, არანაირი შედეგი არ აქვს. მიკვირს აქამდე რატომ ვერ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ხისტი მიდგომა არ ამართლებს. მათი ამ პოლიტიკის ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ ამას მათი უცხოელი პარტნიორები ითხოვდნენ. ოპოზიციისთვის კი ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს, ფაქტიურად, მისი ერთადერთი მხარდამჭერია, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
„ოპოზიციას ეს ხისტი მიდგომა მხოლოდ იმას მოუტანს, რომ უცხოელ პარტნიორებს შეინრჩუნებენ. ქვეყნის შიგნით არაფერს არ მოუტანს, ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. დიდი ეჭვიცაა, რომ რეალურად შეცვლაზე ჰქონდეთ ორიენტაცია. ემოციურები კი არიან, მაგრამ ლოგიკა იმდენად დახშობილი არ აქვთ, რომ ვერ მიხვდნენ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი. მაგალითად, გახარიამ უარი თქვა პოლიტიკის ქუჩაში წარმოებაზე. თუ ხელისუფლება გინდა, ეს არჩევნებით უნდა მოიპოვო.
„თუ წარსულს გადავხედავთ, სადაც ხელისუფლებამ დათმო, იქ ოპოზიცია შეტევაზე გადავიდა. ახლაც შანსია, რომ თუკი უკან დაიხიე, იფიქრებენ, რომ წაგების პირას ხარ და შეტევაზე გადმოვლენ. ახლა იძახიან, რომ ჩვენ გავიმარჯვებთო და საკმარისია ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, გამარჯვების ყიჟინა გაცილებით მეტი იქნება, გაიზრდება მხარდამჭერების რაოდენობა და ფინანსები.
„ოპოზიციის ეს დასკვნა, რომ ლოზუნგმა „ბოლომდე" არ გაამართლა, მყარი არაა. მაშინ, თუ არ გაამართლა, გაჩერდებოდა საპროტესტო პროცესები. არც ოპოზიციის დასკვნაა მყარი და არც იმხელა გავლენა აქვთ, რომ საპროტესტო აქციები მართონ, აქციები დიდწილად ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიდის. ხელისუფლებაც ფაქტიურად ერთი წელია დათმობაშია, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპიზიციის სიხისტე ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია.
„ოპოზიციის მხრიდან თუ ხისტი მიდგომა არსებობს, ეს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. ოპოზიცია იძულებულია ხისტად უპასუხოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას სადამდეც გაუვა, იქამდე იმოქმედებს", - განაცხადა ჩიტაძემ.
როდის ამართლებს ხისტი მოდგომა და როდის - არა
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ხისტი მიდგომა არ ამართლებს მაშინ, როცა წნეხის ქვეშ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩდება.
„(ხელისუფლების მხრიდან) ხისტი მიდგომები არ ამართლებს, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ხისტი მიდგომების წნეხის ქვეშ აღმოჩდება. მაშინ დიდი ნაწილი გამოდის ქუჩაში და რევოლუციას იწყებს, რაც დღეს ოპოზიციას უნდა; მაგრამ ვინაიდან მცირე ჯგუფია ხისტი მიდგომებების მსხვერპლი და ისიც დროებით ხვდებიან წნეხის ქვეშ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესის მიმართ გულგრილია, მით უმეტეს, როდესაც არ აქვთ იმის განცდა, რომ ეს წნეხი უსამართლოა.
„ხისტი მიდგომები ამართლებს მაშინ, როცა მეტოქე ჯიუტია და თან ჭკვიანი, როცა იცის როგორ გამოიყენოს ხელისუფლების შეცდომები და თავისი პლუსები.
- „მხოლოდ სიჯიუტე არ კმარა, სიჯიუტე ევროკავშირსაც აქვს, მაგრამ არ გაამართლა და სადაც ევროკავშირის დონეზე სიჯიუტე გამართლებული არაა, საქართველოს დონეზე ეს მით უფრო არ იქნება. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ამ ჯიუტი პოლიტიკის შედეგია ის, რაც საქართველოში ხდება. ამ საპროტესტო აქციას ისინი აღვივებენ ბევრგან და მათ შორის საქართველოში.
„თავიდანვე გაუმართლებად მიმაჩნდა საქართველოსთან, ისევე როგორც სხვა ქვეყანასთან, დასავლეთიდან მარტო მუქარის ტონი. გვეუბნებოდნენ - სანქციებს შემოვიღებსთ, დაგსჯითო. შეცვალეს ეს ტონი ლუკაშენკოსთან და შედეგიც მიიღეს. აქაც თუ შედეგი უნდათ, შეცვალონ ტონი და შეიძლება მიიღონ იგივე შედეგი. მე უბრალოდ ეჭვი მეპარება იმაში, რომ დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ საქართველოს პოლიტიკა შეიცვალოს" - განაცხადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ხისტი მიდგომების მიზანშეწონილობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან ხდება ამ მიდგომით დაპირისპირება.
„თუ ბოროტებას ებრძვი, ხისტი მიდგომები ამართლებს. თუ შენ პოლიტიკურ ინტერესს, სახელწიფო ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებ, მაშინ, რა თქმა უნდა, არ ამართლებს. გააჩნია ვის წინააღმდეგ იბრძვი.
- „ბელარუსის მაგალითზე ორი ვარიანტია - რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ ან რუსეთთან გარკვეულ გარიგებაზე წასვლას ცდილობს და ამის ფარგლებში ბელარუსთან არბილებს პოზიციას, ან ვაშინგტონს სურს რუსეთს პოტენციური მოკავშირეები ჩამოაცილოს და ბელარუსმა საგარეო ორიენტაცია შეცვალოს. ეს გარიგება ბელარუსსაც აწყობს და ამერიკასაც.
„თუ დასავლეთი „ოცნების" მიმართ პოზიციას შეარბილებს, ამას („ქართულ ოცნებაში") სისუსტედ აღიქვამენ. იტყვიან, რომ აი, დასავლეთი მიხვდა შეცდომას და აღიარებენ და ჩვენ ტერორისტებს ციხიდან არ გამოვუშვებთო. ვითარება განსხვავებულია - ბელარუსის შემთხვევაში ბურთი ამერიკის მხარეს იყო. საქართველოს შემთხვევაში კი, სანამ კონკრეტული სანქციები არ ამოქმედდება, სიხისტე ნამდვილადაა საჭირო. მერე ბურთი მერიკის მხარეს იქნება იმ კუთხით, რომ „თუ ცვლილებებს გაატარებთ, სანქციებს მოგიხსნით", - განაცხადა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



