
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელთა 61% ენდობა, არ ენდობა – 32%.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნოემბრის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვა თითქმის ანალოგიური ნდობისა და უნდობლობის მაჩვენებელს აჩვენებდა.
ამავე გამოკითხვით, უკრაინელების სამი მეოთხედი ეწინააღმდეგება ისეთ „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც დონბასიდან ძალების გაყვანას, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას ითვალისწინებს და არ მოიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს.
რუსეთის სამშვიდობო გეგმა კატეგორიულად მიუღებელია გამოკითხულთა 75%-სთვის, მხოლოდ 17% მზად არის, დათანხმდეს სამშვიდობო გეგმის რუსულ ვერსიას.
ამასთან, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რესპონდენტთა 72% მზად არის, მხარი დაუჭიროს ევროპისა და უკრაინის სამშვიდობო გეგმას, თუმცა ძირითადად ენთუზიაზმის გარეშე. გამოკითხულთა 14% კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ გეგმას.
როგორც აღინიშნა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა 26 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს გზით, რა დროსაც გამოიკითხა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 547 რესპონდენტი. ფორმალურად სტატისტიკური ცდომილება 5,6%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა სოციოლოგები ამბობენ, რომ ომის პერიოდში შესაძლოა, ცდომილება გარკვეულწილად მაღალი იყოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



