
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ სამი ოპოზიციური ძალიდან, აკრძალვის საფრთხე ყველაზე ნაკლებად "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მეტიც, ფიქრობენ, რომ ენმ "ოცნებას" "ასაზრდოებს" და "შესაძლოა გააძლიერონ" კიდეც. "ქართულმა ოცნებამ" შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასმართლოში ოქტომბრის ბოლოს შეიტანა, სასამართლოს კი განხილვის 9-თვიანი ვადა აქვს.
სიაში არიან ენმ, "ლელო" და "ახალი". ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" სხვა პარტიების შესახებაც შეიტანოს სარჩელი, გააჩნია პოლიტიკური მოცემულობა როგორი იქნება.
ცოტა ხნის წინ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული იმ კანონების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებსა და კონკრეტულ პირებს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას უკრძალავს.
ოქტომბერში კი პარლამენტის 88 წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!") პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართა.
ოქტომბერში „ოცნებამ" პრაქტიკულად თავადვე აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პარტიების რეიტინგი იყო.
„სარჩელში მითითებულ პარტიებთან] მჭიდროდ დაკავშირებულები არიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა: „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება"... აგრეთვე „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო", „ფედერალისტები", „რესპუბლიკური პარტია" და სხვა, ფიქტიური და ერთკაციანი, მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზებული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
"ერთმანეთს ასაზრდოებენ"
"გახარია საქართველოსთვის" წევრის ვიკა ფილფანის თქმით, აკრძალვის საფრთხე ყველაზე ნაკლებად ენმ-ს ემუქრება.
მე მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ისედაც არავინ აკრძალავს. პირიქით, შეიძლება გააძლიერონ, როგორც აძლიერებდნენ ბოლო 12 წლის განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" ერთმანეთს ასაზრდოებს და ამ ორ ძალას ერთმანეთის გარეშე გადარჩენა უბრალოდ არ შეუძლია.
ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გადარჩება თუ არა რომელიმე პარტია ამ ქვეყანაში. ზოგადად, პარტიების კონსტიტუციური აკრძალვა არ არის კონსტიტუციური და ამაში რამდენჯერაც არ უნდა ჩავსვათ სიტყვა „კონსტიტუციური" ეს ვერ იქნება კონსტიტუციური, თუმცა მგონია, რომ "ნაცმოძრაობას" ეგ საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ეგ პარტია ფეხზე დამდგარიყო, გაძლიერებულიყო და ყოველდღიურად ადამიანებისთვის ზიანი მიეყენებინა მათთან ერთად," - განაცხადა ფილფანმა.
რომელ პარტიას აქვს აკრძალვის მეტი საფრთხე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას ენმ ჰაერივით სჭირდება და მხოლოდ მაშინ აკრძალავს, თუ მის ჩამნაცვლებელს მოსძებნის.
"ხელისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" იმ შემთხვევაში აკრძალავს, თუ მისი ჩამნაცვლებელი - "ნაციონალური მოძრაობა 2"- გაჩნდება. თუ პოლიტიკურ ასპარეზზე ასეთი ძალა იკვეთება, მაშინ ხელისუფლება დიდი ალბათობით ენმ-ს აკრძალავს, თუ ჩამნაცვლებელი ვერ ნახა, ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
- "ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" ჰაერივით სჭირდება, რომ მათზე მუდმივად იყოს ლაპარაკი, ხელისუფლებას სხვა სალაპარაკო არაფერი აქვს. ის ცდილობს, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი, რომელიც არც ქოცურია და არც ნაცური, "ნაციონალური მოძრაობით" დააშინოს. ამას ახერხებს და ამის საფუძველზე ქმნის უბრალოდ უმრავლესობას.
"როგორ გგონიათ, ენმ, რომელსაც ელექტორალური ზრდის შანსი ფაქტობრივად არ აქვს და ასეთ სამსახურს უწევს, ამას აკრძალავს და თავსატეხს გაიჩენს? თუნდაც 4 ოქტომბერი რომ გავიხსენოთ, მთლიანად ენმ-ს ნარატივი იყო ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, ამით ხელისუფლებას გზა გაუადვილეს იმისა, რომ ფაქტიურად ერთპარტული საკრებულოები ჩამოაყალიბებინეს. ხელისუფლებამ ასეთ ოპოზიციაზე უარი რატომ უნდა თქვას? ასეთ ოპოზიციაზე არცერთი ხელისუფლება უარს არ იტყვის.
"ერთადერთი ვარიანტია - მაშინ უნდა იყოს ენმ-2, ჯერჯერობით რაღაც კონტურები შეიძლება იკვეთებოდეს, მაგრამ ეს სრულფასოვანი არაა და ვნახოთ რა იქნება",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამივე პარტიას აქვს აკრძალვის საფრთხე.
"თავად "ნაციონალური მოძრაობაა" ამ ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საფრთხე და მისი გაძლიერება, რასაც გახარიას პარტიის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, ეს რა თქმა უნდა აბსურდია.
ამას იმიტომ ლაპარაკობენ, რომ თავზე აქვთ დამხობილი ყოველგვარი პოლიტიკური ჭერი, მათი პატრონი აღარავინაა და თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ვინ არიან და რას წარმოადგნენ, ამიტომ ეს უბრალოდ სიტყვებით მანიპულირებაა.
"სამივე პარტიას ერთნაირად აქვთ საფრთხე, ყველა ერთი პარტიის მიერაა ნაშობი, ესენი ენმ-ს განშტოებები არიან",- განაცხადა გვენეტაძემ.
გაზრდის თუ არა "ოცნება" სიას
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ დღეს არსებული ოპოზიციური სპექტრი "ოცნებას" ხელს აძლევს და ჯერჯერობით დიდი ალბათობით სიას არ გაზრდის.
"დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი "ქართულ ოცნებას" ხელს ნამდვილად აძლევს. შეიძლება სარჩელი შეიტანოს, რაღაც პროცესი წავიდეს, თუმცა, "ოცნება" ცდილობს ეს თემები ოპოზიციურ ფლანგზე შემოიტანოს იმისათვის, რომ ოპოზიციამ სხვა თემებზე ყურადღება არ გაამახვილოს და მუდმივად ამაზე იყოს ლაპარაკი.
"ჯერჯერობით რატომ უნდა გადადგას ასეთი მკვეთრი ნაბიჯები, რომ თავად შეუწყოს ხელი გაერთიანებას, გამსხვილებას, ან ერთმანეთში ინტეგრირებას, უბრალოდ არ მესმის და ამას არც გააკეთებს. არაა გამორიცხული, რომ სხვა პარტიებზეც შეიტანოს სარჩელი და მუდმივად მხოლოდ ამაზე ილაპარაკოს, რომ აქცენტი არ იქნას გადატანილი სოციალურ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ პრობლემებზე. ეს თემები "ოცნებას" ყველაზე მეტად უჭირს და თუ გადაიტანს თემას, რომ მხოლიდ პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაზე იყოს ლაპარაკი, მეტი რა უნდა?"-განაცხადა ძაბირაძემ.
ედიშერ გვენეტაძე კი არ გამორიცხავს, რომ მოვლენების შესაბამისად სია გაფართოვდეს.
"დაველოდოთ მოვლენებს და ამ მოვლენებიდან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ შესაბამისი მტკიცებულებითი ფაქტები გამოვლიდეს ზოგიერთი ისეთების შესახებ, რომლებიც ფაქტიურად "ნაცმოძრაობის" ფრთის ქვეშ არიან დაფრთიანებულები და შემდეგ მათ შესახებაც ალბათ სათანადო მსჯელობა იქნება და სამართლებრივი განსჯა მოხდება ამა თუ იმ ე.წ. პარტიების",- განაცხადა გვენეტაძემ.
რა იქნება 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ
ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ რა იქნება, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რა პროცესები წავა ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში.
"ამ 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ველოდები, რომ ხელისუფლება ეცდება შექმნას "ნაციონალური მოძრაობა 2", თუ ამას შექმნის, მაშინ 9 თვის შემდეგ ენმ-ს აკრძალავს, თუმცაღა ამ ვადის შემდეგ ან ქვეყანაში და ან მსოფლიოში რა ვითარება იქნება, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
"არ ვიცით რა იქნება, რა პროცესები წავა და "ქართული ოცნება" ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ერთი რაცაა, დაიწყებს ენმ-2-ის შექმნას და შემდეგ სიტუაციას შეხედავს რა უკეთესი იქნება. "ოცნების" გადასაწყვეტია რა ქნას და როგორ და არა ოპოზიციის",- განაცხადა ძაბირაძემ.
ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა პარტიებზე განაჩენი უფრო ადრეც გამოაცხადონ.
- "ამ 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ განაჩენი დადგება. მანამდეც ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ამის შემდეგ პოლიტიკური ლანდშაპტი შეიცვლება და სამართლებრივად ის პარტიები მოსცილდებიან, რომლებიც ფაქტიურად უცხო ქვეყნების აგენტები არიან და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან ქვეყნის სახელმწიფოებრივობისა და მოსახლეობის წინააღმდეგ",- განაცხადა გვენეტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



