თამარ ვეფხვაძე
(15.12.2025)

მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გარდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებების, ბუნებრივი საფრთხეების იდენტიფიცირების, ჰაერის, წყლის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის, კლიმატზე დაკვირვების და ასევე, ამინდის პროგნოზის ფუნქციებისა, გარემოს დაცვის სფეროში ავტორიზაციის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმიანობა დაემატა.

რეფორმის ფარგლებში, გარემოსდაცვით სფეროში არსებული ავტორიზაციები გაიცემა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ „ერთი სარკმლის პრინციპით“, რაც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების გამარტივებას, მოქნილობას და გამჭვირვალობას. ასევე, შეიქმნება ელექტრონული პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სერვისების ერთიან ციფრულ პლატფორმაში ინტეგრირებას, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში მიიღოს საჭირო მომსახურება სწრაფად და მოქნილად.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, 2024 წლიდან ავტომობილებისთვის მოქმედებს ემისიის ევრო ხუთის სტანდარტი. გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს გამონაბოლქვის მიმართულებით დადგენილი ნორმების და სტანდარტების   შესაბამისობის დასკვნას. სააგენტოს მიერ სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურების შემდგომ, მომსახურების სააგენტო ავტომობილების რეგისტრაციას ახდენს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ ფუნქციებში შედის ქვეყანაში ნარჩენების კლასიფიკაცია, იდენტიფიცირება, რეციკლირება და დამუშავება, ქვეყნიდან გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გარეშე ექსპორტი, შიდა ტრანსპორტირება, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას და სპეციალურ ნებართვას. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტებს, რათა მიანიჭოს ნებართვა ნარჩენების შემომტან, გამტან და გადამამუშავებელ კომპანიებს და პირებს.

სააგენტოს უფროსმა წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივას, რომლის ვალდებულება ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.

„სამრეწველო ემისიებთან მიმართებაში, რომელიც სააგენტოს, ასევე ახალ ფუნქციებში შედის, იზრდება სტანდარტები, იქმნება ინტეგრირებული ნებართვის მოდელი, რომლითაც საქმიანობის განმახორციელებლებს განესაზღვრებათ ისეთი ღონისძიებების გატარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებას და უზრუნველყოფს ჩვენი გარემოს ნაკლებად დაბინძურებას ინდუსტრიული სექტორის მხრიდან. აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის პროცესს და უზრუნველყოფს საზოგადოების და ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას“, - აღნიშნა სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიში“  შევიდა ცვლილება. აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ამოქმედებიდან დღემდე, კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულებამ გამოავლინა გარკვეული საკითხები, რომლებიც გადახედვას, დაზუსტებასა და დახვეწას საჭიროებდა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, კანონი უზრუნველყოფს მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, მორგებული იქნება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და მიმართული იქნება შესაბამისი ბიზნეს ოპერაციების გამარტივებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება ადგენს გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილ წესს.

კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწა და გამარტივდა კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის, სკოპინგისა და გზშ-ის პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 2018 წლიდან ამოქმედდა და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი იყო, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების დირექტივებს სრულად დაუახლოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე