
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. განცხადებას "ოცნებაში" თვალთმაქცობას უწოდებენ, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ კოსის გზავნილი პირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური შანსი კიდევ აქვს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს უფრო დიპლომატიური განცხადებაა, ვიდრე პოლიტიკური მნიშვნელობის, რადგან თავად ევროკავშირშიც იციან "ოცნების" პოზიცია. ეს გზავნილი უფრო მოსახლეობის მისამართითაა გაჟღერებული, ვიდრე კონკრეტულად ხელისუფლების.
რას ამბობს კოსი
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" ევროპულ გზას დაუბრუნდება.
„დასკვნებს გააკეთებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამაზე. მაგრამ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ", - აღნიშნა მარტა კოსმა.
მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.
„ნამდვილად, ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია", - აღნიშნა ევროკომისარმა.
რა გზავნილია ევროკავშირისგან კოსის განცხადება
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კოსის განცხადება უფრო გზავნილია საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის, ვიდრე შანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის.
"მემგონი ეს უფრო დიპლომატიური განცხადებაა, ვიდრე პოლიტიკური, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ამ ხელისუფლების ხელში ეს შეუძლებელია. კოსი ამაზე უბრალოდ რბილად საუბრობს იმისთვის, რომ სრულად არ გაწყვიტოს საქართველოსთან ურთიერთობა.
- "იციან, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას შანსს მისცემენ თუ არა, ისინი თავის იზოლაციის გზას უკვე დაადგნენ, მაგრამ უნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობისა და ამომრჩევლების წინაშე რაღაცა გამართლება მაინც მოუძებნონ იმას, რომ საქართველოს არ ართმევენ კანდიდატის სტატუსს.
"განცხადებას უფრო დიპლომატიური ხასიათი აქვს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა რაღაცნაირად შეინარჩუნონ. "ოცნება" ამ გზებს არ ეძებს, ისინი ამ პროცესს სულ სხვანაირად უყურებენ, იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ისე რბილად ჩამოშორდებიან, რომ ჩვენი მოსახლეობა არ აღშფოთდება. ისედაც აღშფოთებულია, მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც ეგონება, რომ ეს ყველაფერი თითქოს მათი ბრალი არაა.
"ადრე თუ გვიან მკაცრი ზომების გატარება რა თქმა უნდა მოუწევს ევროკავშირს. თუმცაღა, ამაზე მეტი მკაცრი ზომა რა უნდა იყოს - ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, წელს ევროკავშირმა ანგარიშში საქართველო მაინც ჩართო და გაისად შეიძლება არც ჩართოს. ამით აჩვენოს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა პრაქტიკულად გაწყვეტილი აქვს.
"ეს განცხადება იყო ხალხის გამო, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოსახლეობის, რომ სულ არ გადაეწუროთ იმედი",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" ეჭვობს, რომ ამით ევროკავშირი რაიმე შანსს აძლევდეს საქართველოს ხელისუფლებას.
- "მე ხომ მათი განწყობა ვიცი, აქ უფრო ლაპარაკია იმაზე, რომ გაიძულებთო. ანდა ბოლოს და ბოლოს იმ ძალებს მოვიყვანთო, რომლებიც არ ცხრებიან. ხელისუფლებისგან მსგავსი რაღაცა თქმულა, მაგრამ, სრულიად სამართლიანი იქნება, უფრო მკვეთრად ითქვას ხელისუფლების მხრიდან, რომ აი თქვენ დაუბრუნდით იმ გზას, რასაც ჩვენ წარმოვიდგენდით როგორც ევროპა და ვის გამოც ევროპაში ინტეგრაცია გვინდოდა.
"დაუბრუნდით, ისევ ისეთები გახდით, დაიცავით ის პრონციპები და აგერ არ ვართ? სრულიად აბსურდული მდგომარეობა შეიქმნა, ტრამპის დოქტრინაში ისევ რომ წერია ევროპაში სიტყვის, მასმედიის თავისუფლება და ა.შ. ეს ხომ არ გგონიათ მათი ფანტაზიაა, ეს სტატისტიკაზეა დამყარებული, ცენზურის შედეგად რამდენი რამ ხდება ევროპაში ასეთი, რაც საბოლოო ჯამში, ევროპული სტრუქტურების მხრიდან მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა და ამას მთელი დემოკრატიისთვის საბოლოოდ დიდი ზიანი მოაქვს",- განაცხადა მამრაძემ.
"ოცნების" პასუხი და ოპოზიციის შეფასება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კოსის განცადებას თვალთმაქცობას უწოდებს.
"მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ. ამ განცხადების სათაურია - თვალთმაქცობა პოლიტიკაში.
ევროკომისია კვლევების შედეგებს ყოველდღე აქვეყნებს, სადაც საქართველოს მონაცემები ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ასწრებს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ მარტა კოსი მაინც ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რასაც საქართველოს სისხლისღვრაში ჩართულობა ჰქვია.
გარკვეული გარემოებები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ხაზი არ შეცვლილა. აღარ მალავენ, რომ ევროპისთვის უკრაინელები იხოცებიან და რუსეთისგან ევროკავშირს საფრთხე ემუქრება. მათთვის საქართველოში ისეთი ხელისუფლების არსებობაა აუცილებელი, რომელიც ქვეყანას ამ პროცესებში ჩართავს",- განაცხადა ვოლსკიმ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კოსის განცხადება ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავ აქვს შანსი ევროინტეგრაციის.
"ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი",- ამბობს გეგელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



