
ბოლო ორ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი განცხადება გააკეთა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის თემაზე. 3 დეკემბერს სერგეი ლავროვის უწყება აცხადებდა, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო, დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. 16 დეკემბერს კი იგივე უწყება აცხადებს, რომ „რუსეთი სერიოზულადაა მომართული საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" და ამ განცხადებაში ოკუპურებული ტერიტორიები უკვე აღარაა ნახსენები.
ანალიტიკოსთან ნაწილის აზრით, ეს შეიძლება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტების ამოქმედებასთან იყოს კავშირში. საინტერესოა, რომ ეს განცხადებები დროში დაემთახვა ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში სატრანზიტო ჰაბის მშენებლობას.
თუმცა, ოფიციალური თბილისი აღნიშნული ჰაბის მშენებლობაზე ინფორმაციას საჯარო განცხადებებში გაემიჯნა. აღნიშნულ საკითხზე 10 დეკემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული მხარე პროცესში არაა ჩართული" და სპეკულაციებია იმაზე საუბარი, რომ „ოცნების" მხრიდან რაიმე ნაბიჯი გადაიდგა.
ამის პარალელურად კი აშხაბადში გამართულ ფორუმზე ერთობლივად იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ფორუმზე გადაღებულმა ერთობლივმა ფოტომ კი, სადაც ისინი ერთად არიან ასახული, ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
კალუგინის 16 დეკემბრის განცხადება და „ოცნების" პასუხი
რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვი საქართველოსთან „ურთიერთობის ნორმალიზებისკენ სერიოზულადაა მიმართული, მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული" არ გახდეს". მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ" ისწრაფვის.
„თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს", - ამბობს კალუგინი სამთავრობო გამოცემა „რია ნოვისტისთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ეს იმაში გამოვლინდა, რომ საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას" და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს".
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს", - განაცხადა კალუგინმა.
ამ განცხადებას თბილისიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ერთადერთი წინაპირობაა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.
- „ნათქვამი გვაქვს, თუ რა არის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის პატივისცემა. არ სცემს პატივს ჩვენს სუვერენიტეტს ბრიუსელი და მათაც ამისკენ მივუთითებთ. როგორც კი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ჩვენი ურთიერთობები მაშინვე სხვანაირად დალაგდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
აშხაბადის ფორუმი
ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 11-12 დეკემბერს, თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან დაკავშირებით აშხაბადში „მშვიდობისა და ნდობის ფორუმი გაიმართა, სადაც საქართველოდან პრემიერი ირაკლი კობახიძე დელეგაციით იმყოფებოდა. ამავე ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ფორუმის მსვლელობისას კობახიძემ თავის განცხადებაში ოკუპაციაზეც ისაუბრა:
- „ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს".
„საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების - ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის - გასაძლიერებლად.
„მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ვხელმძღვანელობთ მშვიდობიანი პოლიტიკის მკაფიო ორიენტირით და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში. წამოვიწყეთ და ხელი შევუწყვეთ დისკუსიებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას, რითაც ვადასტურებთ ერთგულებას მეტად სტაბილური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული რეგიონული გარემოს ხელშეწყობისადმი", - თქვა საქართველოს პრემიერმა.
მედიაში გავრცელდა ფორუმზე გადაღებული ჯგუფური ფოტო, რომელზეც სხვა ლიდერებთან ერთად, ირაკლი კობახიძე და ვლადიმირ პუტინი არია ასახული, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
თავად კობახიძემ ამას „არასერიოზული სპეკულაციები" უწოდა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კი ფორუმის მიმდინარეობის პარალელურად გამაცხადა, რომ „ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება" და ფორუმში ვლადიმერ პუტინი თუ მონაწილეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს.
რუსეთის საგარეო უწყების 3 დეკემბრის განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართვესთან დაკავშირებით დეკემბრის დასაწყისშიც გააკეთა განცხადება. მასში იმაზე იყო საუბარი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით თავად საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული, თუმცა აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო, დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტახულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თუმცა, უწყების მტკიცებით, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისი იქნება ამისთვის მზად.
„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რა უნდა მოსკოვს
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ დღეს რუსეთს ამ განცხადებების მიღმა მინიმუმ ორი მიზანი ჰქონდეს: ერთი - საქართველო დაითანხმოს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ სატრანსპორტო ჰაბის ამუშავებაზე და ასევე სამხრეთ კავკასიაში გავლენები შეინარჩუნოს, რაც ბოლო პერიოდში შეუსუსტდა.
„ასეთი განცხადებები მოსკოვიდან კარგა ხანია ისმის. მუსიკასავით ჩაესმით ის დაპირისპირება, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს, განსაკუთრებით ევროკავშირს შორისაა. საქართველო რაც უფრო იზოლირებული იქნება და ევროატლანტიკურ სივრცეს ჩამოშორდება, მათთვის უკეთესია. ეს რუსეთს გარვეულ საფუძველს და იმედებს აძლევს, რომ შეძლებს საკუთარი გავლენის დაბრუნებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ საკმაოდ შესუსტებულია", - განაცხადა კაკაჩიამ.
მისი თქმით ჩვენი ხელისუფლებიდანაცაა გარკვეული მინიშნებები.
„თუნდაც აშხაბადის ცნობილი შეხვედრისას რომ ითქვა, რომ „იქ წყდება საქართველოს ბედიო"... ბევრმა ჩაითვალა, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ იყო. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საზოგადოებას - ის ფოტო იმიტომ გადაიღეს, საზოგადოებრივი აზრი რაღაცნაირად შეაგუონ, რომ მომავალში არაა გამორიცხული, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რაღაც ურთიერთობები შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. ამას გავრილოვის ღამის გამცდილებიდან პირდაპირ ვერ გაბედავდნენ, მთავარი მიზანიც ალბათ სწორედ ეს იყო, რომ საინფორმაციო ველში ერთობლივი სურათი ენახათ და საზოგადოებრივი აზრი დაეტესტათ.
- „ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ის მაგისტრალი, რომელიც საქართველოზე, ირანსა და თურქეთზე უნდა გავიდეს. აფხაზეთის მონაკვეთიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეს ალტერნატიული გზა იქნება. სანქციების პირობებში თურქეთი და ირანი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გახდა.
„ასევე მნიშვნელოვანია გავლენის ამბავი, რუსეთმა სამხრეთ კავკასიისთვის ვერ მოიცალა და გავლენა ცოტა დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანზე, საქართველოსთან დაახლოება კი აწყობს, რაც სეროზულ უპირატესობებს მისცემს.
„განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უარს არ ამბობენ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე, ეს მაინცდამაინც იმედისმომცემ გარემოს ვერ ქმნის.
„ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ თქვა, რომ „ოცნებას" აქვს გეგმა, რომ რუსეთთან რაღაც ურთიერთობა დაამყაროს და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იყო საუბარი, თუმცა, ფასი რა იქნება ამის? რაც მთავარია, ეს გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს, რომელიც არ არის, არ იცის ხალხმა ჩვენი მიზანი რა არის, საქართველოს სახელით ვინ ლაპარაკობს, ეს კულუარებს მიღმა ხდება, თუ ჩვენი დიაპსორის წარმომადგენლები არიან ჩართულები.
„ლაკმუსის ქაღალდი იქნება, მაგალითად, „3 პლუს 3" და კიდევ რაღაც ფორმატები, რომელსაც თუ საქართველოს ხელისუფლება შეუერთდა, უკვე არაა გამორიცხული, რომ ამ მიმართულებითაც იყოს გარკვეული მოძრაობა", - განაცხადა კაკაჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



