
„ბიბისის" გახმაურებულ სიუჟეტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება სამშაბათს უნდა მიეღოთ, თუმცა ეს 17 დეკემბრისთვის გადაიდო. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველმა პარტიამ მიზანმიმართულად შეარჩია ამ თემის განხილვისათვის ზამთრის საპარლამენტო სესიის ბოლო დღე, რათა ეს საკითხი „ჩაფარცხოს". ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს „ბიბისის" წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობას და პარალელურად გაირკვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასევე უჩივის „ბიბისის" ცილისწამებისათვის.
სამშაბათს გამართული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მანიფესტაციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის განხილვის გარეშე დასრულდა. ამის ინიციატორის - ფრაქცია „საქართველოსთვის" ინფორმაციით, განხილვა 17 დეკემბერს გაიმართება.
„საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში ასახულია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" დღევანდელი განხილვისთვის მზად არ იყო და მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ან არის მეორე მიზეზი - ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა ბოლოა, თებერვლამდე სხდომები აღარ გაიმართება და აღნიშნული საკითხი ბოლოსკენ მოიტოვეს. სურთ საკითხს შემდგომი გაგრძელება აღარ ჰქონდეს და უჩუმრად ჩაფარცხონ. მათ ეს საკითხი ძალიან ადარდეთ, რადგან იციან, რომ სიმართლეს ვერ გაექცევიან", - განაცხადა ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის" მოითხოვს საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის ფორმატშიც ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას.
მმართველ გუნდში ამას თავიდანვე არასერიოზულად აღიქვამდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი კატეგორიულად გამორიცხა ასეთი კომისიის შექმნა.
„მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მცდელობა აქვთ, ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ეს თემა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ოცნებასთან" ერთად ტრამპიც ჩივის
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება" „ბიბისის" წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ.
- შალვა პაპუაშვილი: „არავის მივცემთ შესაძლებლობას, ამ საძაგელ დეზინფორმაციას ჰქონდეს საპარლამენტო ტრიბუნა".
„დასტურდება უკვე ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა „ბიბისი". იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
აქვე საინტერესოა ის, რომ ბრიტანულ ტელეკომპანიას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც უჩივის ცილისწამებისათვის.
- დონალდ ტრამპი: „მალე იხილავთ, როგორ ვუჩივლებ „ბიბისის" ჩემთვის „სიტყვების ჩადების" გამო. პირდაპირი მნიშვნელობით - მათ „სიტყვები ჩამიდეს", მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს".
წარდგენილ სარჩელში აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კორპორაციის დოკუმენტურ ფილმში „პანორამა" ის „ყალბად, ცილისმწამებლურად, დამამცირებლად, პროვოკაციულად და ბოროტად" არის წარმოჩენილი. საჩივარი მაუწყებლის მიერ ტრამპის 2021 წელს წარმოთქმული სიტყვის რედაქტირებას ეხება, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს. აშშ-ის პრეზიდენტი ცილისწამების შესახებ სარჩელის ფარგლებში მინიმუმ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
„მალე იხილავთ, როგორ ვუჩივლებ „ბიბისის" ჩემთვის „სიტყვების ჩადების" გამო. პირდაპირი მნიშვნელობით - მათ „სიტყვები ჩამიდეს", მათქმევინეს ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვამს", - აღნიშნა ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას.
რა გავლენა იქონია „ბიბისის" სიუჟეტმა ქართულ პოლიტიკაზე
შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ „ბიბისის" სიუჟეტმა „ოცნებას" დიდი დარტყმა უკვე მიაყენა და ამ მხრივ ყველაფერი წინაა:
- ნიკა ჩიტაძე: „შეიძლება „ოცნებამ" არც შეიტანოს სარჩელი და შესაძლოა ეს განაცხადა იმიტაციისთვის".
„ჯერ ყველაფერი წინაა, ამ ეტაპზე საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აღნიშნულმა დიდი დარტყმა მაიყენა („ოცნებას"), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიცვლება მისი მომხრეთა რაოდენობა. სამწუხაროდ, „ოცნებამ" რაც არ უნდა დააშავოს, ვინც მისი მომხრეა, ის მომხრედვე დარჩება. თუმცა ნეიტრალურად განყობილ ადამიანების ნაწილზე ამან შეიძლება იმოქმედოს."
კითხვაზე, როგორ გამოიყენა ეს სკანდალი ოპოზიციამ და შეეძლო თუ არა საპროტესტო მუხტის ასაწევად გამოეყენებინა, ჩიტაძე გვპასუხობს:
„ალბათ, შეეძლო, თუმცა დღეს გარკვეული მასალები გადაგზავნილია და საერთაშორისო საზოგადეობას მიეწოდა", - განაცხადა ჩიტაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
„ფაქტია, რომ უცხოეთში დაგეგმილმა ამ დივერსიულმა პროპგანდამ საქართველოს საზოგადოებაზე ის შედეგი არ მოახდინა, რაც იყო დაგეგმილი - რომ ყოფილიყო მასობრივი პროტესტები თითქოს პოლიციის მიერ შარშან გამოყენებულ ქიმიურ იარაღთნ დაკავშირებით. ეს შედეგი გამოწვეულია იმ ბრიყვული არგუმენტებითაც - როცა გამოყენებული იყო ვითომ ქიმიური იარაღი და არცერთი დაზარალებული არ ჩანს.
„ამიტომ ეს მორიგი სისულელე ჩაფლავებულია. რაც არ უნდა ამტკიცოს რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც არ უნდა უნამუსო განცხადებები იყოს უცხოეთში, ვხედავთ - გავიდა დრო, მაგრამ ეფექტი არის ნულოვანი", - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან".
იჩივლებს თუ არა „ოცნება"
ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ „ოცნებამ" უარი თქვას „ბიბისის" წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე:
„შეიძლება „ოცნებამ" არც შეიტანოს სარჩელი და შესაძლოა ეს განაცხადა იმიტაციისთვის, რომ არ ეშინია გამოძიების, რომ აქეთ დაგვიმტკიცონ. მგონია, რომ არც აწყობს საჩივრის შეტანა, რადგან შესაძლოა წააგოს. ახლა უბრალოდ დროს იგებენ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება"
გია აბაშიძე კი ყურადღებას ამახვილებს ტრამპის სარჩელზე:
„სანამ „ქართული ოცნების" სარჩელს განიხილავს ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია და შემდგომ შესაძლოა სასამართლოებიც, უდიდესი ტექტონიკური დარტყმა იქნება „ბიბისისთვის" ტრამპის მიერ შეტანილი მრავალმილიარდიანიანი სარჩელი. ყველაფერ ამას ემატება შიდა უკმაყოფილება როგორც თავად „ბიბისის" კორპორაციაში, ასევე ბრიტანულ პოლიტიკურ წრეებში, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სიყალბის გამავრცელებლის დაფიანსება არ შეიძლება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



