თამთა ჩაჩანიძე
(17.12.2025)

საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს კვლავ სთავაზობს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას - ირაკლი კობახიძე გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას "კონკრეტული გზამკვლევით", სადაც ასახული იქნება "ორმხრივი სარგებელი". თუმცაღა, ჯერ აშშ-სგან შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს, არც მათ შორის საელჩოს დონეზე.

საქართველოს ხელისუფლებისგან მსგავსი შინაარსის განცხადება ბევრჯერ გაკეთდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას არჩევნების შემდეგ. "ოცნება" ამბობს, რომ "მოთმინების რეჟიმშია და "პრაგმატულ პლიტიკას" აწარმოებს.

"თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ", - განაცხადა პრემიერმა.

რატომ არ პასუხობს ვაშინგტონი "ოცნებას"

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაშინტონის დუმილი არ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" განცხადებები არ ესმით. მისი თქმით, ეს არის შეგნებული პოზიცია, რადგან "ოცნებამ" აშშ-ს გზავნილები არ გაითვალისწინა და ვაშინგტონისგანაც საპასუხოდ იმას იღებს, რომ პასუხს არ სცემენ.

"ვაშინგტონი რომ არ პასუხობს, ეს კი არ ნიშნავს, რომ არ ესმით, ეს არის შეგნებული პოზიცია. აშშ-ს ბოლო და ყოფილმა ელჩებმა საქართველო გააფრთხილეს იმ შედეგბის შესახებ, რაც ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას მოჰყვებოდა, რომელსაც "ქართული ოცნება" ბოლო წლების განმავლობაში აწარმოებდა, შესაბამისად აშშ-სგან ეს შეგნებული პოზიციაა.

"იმ პირობებში, როცა საქართველო ანტიდასავლური ძალების საყრდენი ხდება, ხელისუფლება ამ რიტორიკას იყენებს, დემოკრატიულ საზოგადოებას შორდება და უახლოვდება არალიბერალურ აქტორებს, როგორიცაა: ჩინეთი, ირანი, რუსეთი და უარს ამბობს დასავლეთთან დაახლოებაზე, ასეთი ტიპის რეჟიმთან ურთიერთობა აშშ-სთვის საინტერესო არაა და ელჩი ამიტომაც არ ჰყავთ ჩვენთან დანიშნული. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო 33 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ.

"ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო საგარეო პოლიტიკაში ისეთი პოზიციები, რომ აშშ-სთან რამის შეცვლა მოახერხოს, ისევე, როგორც ევროკავშირთან. მათი საგარეო პოლიტიკის გუნდი და თუნდაც ხედვა, ძალიან სუსტია, თუ შევადარებთ თუნდაც წინა ხელისუფლებას და ეს იმ შედეგბიდანაც ჩანს, რაც ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანხა ჩაიდო ლობისტებში და ა.შ. მაგრამ სიტუაცია არ იცვლება.

 

  • "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-მა რამდენჯერმე გამოუგზავნა "ქართულ ოცნებას" დიპლომატიური არხებით საკუთარი გზავნილი, მათ მშვენივრად იციან რა უნდა შეასრულონ. სანამ საკუთარ გადაწყვეტილებებს არ გადახედავენ და დასავლეთთან ძირეული ცვლილება არ მოხდება, არ მგონია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ აშშ-მა ეს პოზიცია შეიცვალოს. თუ "ოცნება" თავის პოზიციას არ შეცვლის, არ შეიცვლება პოზიცია არც აშშ-სგან და არც სხვა პარტნიორებისგან"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი არაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიცაა ასახული და ამიტომაც არაა პასუხი "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების თაობაზე.

 

"ინტერესი არაა, აშშ-ში არანაირი ინტერესი არაა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მკვეთდარაა ასახული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელი ქვეყანაც უშუალოდ ჩვენ არ გვეხება, მათ დემოკრატიაში არანაირად არ ჩავერევითო. სხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს? ეკონომიკურ-ფინანსური ინტერესი ნული - საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელსაც კატარის მსგავსად შეუძლია პირადად ტრამპს ერთ მილიარდ დოლარად ღირებული თვითმფრინავი აჩუქოს. როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გვაქვსო, ტრამპმა უპასუხა - რომ გქონდეთ გამოგართმევდითო.

"ანდაც ისეთი ქვეყანა არ ვართ, არაბეთის მსგავსად პირველ ჯერზე აშშ-ში 500 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია ჩადოს და მერე კიდევ გაზრდის. ამასთანავე პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზები დგას, თან თბილისთან ახლოს და ტრამპის ადმინისტრაციას რა ინტერესი უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ?

"სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი კონფლიქტი და ნამდვილი ეთნიკური წმენდა იყო, რომელიც არა და არ ჩერდებოდა და ტრამპმა ნობელის პრემიის მიმართულებით გადადგა თავის ჭკუაში ნაბიჯი. ამ სურათმა მსოფლიო მედია მოიარა - ფაშინიანი და ალიევი ხელს ართმევენ და ამას ტრამპი ხელს ადებს, როგორც ბეჭედი. დღესაც კი ამბობს ხოლმე, რომ შევარიგეო, ამიტომ წავიდა ამაზე, დაარწმუნეს, რომ ნობელის პრემიისთვის კარგი პიარ ნაბიჯი იქნებოდა. აქ ამის მსგავსი არაფერია.

 

  • "ამ ეტაპზე გამოხმაურებას არ ველი. შესაძლოა ტრამპის მერე იყოს ადმინისტრაცია, რომელიც აბსტრაქტულ ინტერესებზე დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ, ახლა კონკრეტულად არაფერი ჩანს. ტრამპის დოქტრინა ზუსტად პრეზიდენტ მონროს დოქტრინაა, რომელიც შეეხება ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტებს, რომ აქ ჩვენ არავის არ გავაჭაჭანებთ და ჩვენი პირდაპირი ინტერესებიაო. ვენესუელას უკვე სერიოზულადაც მიადგა.

 

"სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში რჩებიან ადამიანები - შაჰინი, რიში და სხვები, რომლებიც იძახებენ გიგაურს და იმისგან ისმენენ რა ვითარებაა საქართველოში, ტრამპს კი ამ სენატორების ყოველი ხმა სჭირდება. "მეგობარი აქტი" დაბლოკა არა ადმინისტრაციამ, არამედ სენატში არ მოინდომა ვიღაცამ და მან დაბლოკა, ადმინისტრაცია არ ერევა და ესე იგი ინტერესი არაა",- განაცხადა მამრაძემ.

რას ამბობს კობახიძე

"ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან. აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პრემიერის თქმით, მთავარია, რომ ქვეყანამ განაგრძოს იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც აქვს არჩეული.

 

  • „მთავარია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც გვაქვს არჩეული. რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც აბსოლუტურად გაცხადებულია ჩვენი სურვილი და მიზანი. ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან.

 

აქაც ველოდებით აშშ-ის პოზიციას. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს. თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და კეთილი ნება მათი მხრიდან, ბუნებრივია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა კობახიძემ ისაუბრა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და თქვა, რომ აშშ-ში აშკარად ჩანს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და ე.წ. „დიფ სთეითს" შორის, რომელთაც აქვთ გავლენა ჯერ კიდევ აშშ-ზე.

მისივე თქმით, თუ ტრამპის ადმინისტრაციასა და არაფორმალურ ძალებს შორის ბრძოლაში, საბოლოოდ, არაფორმალური ძალები გაიმარჯვებენ, ევროკავშირის უკუსვლის პროცესი იქნება შეუქცევადი, ხოლო თუ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მეტი შანსი ექნება ევროკავშირს პოზიციების გასაძლიერებლად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე