
ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირება დადასტურებულია. კონკრეტულად რამდენით მოიმატებს ტარიფი, ჯერჯერობით უცნობია. სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, რომელიც დეკემბრის ბოლოს გაიმართება. დანამდვილებით ცნობილია, რომ წყალმომარაგების ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება და 2026 წლის ბოლოს გადაიხედება.
რამ განაპირობა სატარიფო ცვლილება, რამდენად მყარი არგუმენტია სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და რაზე ჩივიან მომხმარებლები ყველაზე მეტად? - ,,რეზონანსის" კითხვებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია პასუხობს.
,,რეზონანსი": კონკრეტულად რომელი ტარიფები შეიცვლება და რა ფაქტორების ერთბლიობამ განაპირობა კორექტირება?
დავით ნარმანია: კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. ტარიფები დგინდება კომპანიების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ანალიზისა და მარეგულირებელი აუდიტის შედეგად. სემეკში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიების მიერ დოკუმენტაციის ანალიზი და მათი გაფილტვრა იმ კომპონენტებისგან, რომელიც არაა უშუალო კავშირში ელექტროენერგიის ხარისხიან და უწყვეტ მიწოდებასთან. ტარიფების კომპონენტების განხილვა და სამომხმარებლო ტარიფის დადგენა ხდება საჯარო წესით, საჯარო სხდომაზე.
ბუნებრივი აირის გადასახადის ზრდის მოლოდინი და წინაპირობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა რა მოცულობით, ეს ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე, სადაც იქნება სრული განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
,,რ": ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის პრეტენზიებმა იმატა, განსაკუთრებით ავარიებთან დაკავშირებით. რამდენად აისახა ეს დამოკიდებულება სემეკში დაფიქსირებულ საჩივრებზე, გარდა ამისა, კიდევ რაზე ჩივიან მომხმარებლები?
დ.ნ: მოსახლეობის მომართვაზე ყოველთვის დაუყოვნებლივი რეაგირება გვაქვს. სემეკი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს მომსახურების ხარისხს როგორც ტექნიკურ, ასევე კომერციულ ნაწილში. არაგეგმური წყვეტის შესამცირებლად და მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია გამანაწილებელი ქსელის მუდმივი რეაბილიტაცია და ამ მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა სადავო საკითხებზე, რომელიც აქვთ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიებთან. ეს შეეხება როგორც დარიცხვებს, ასევე ქსელთან მიერთების საკითხებს. სემეკი განიხილავს თითოეულ მიმართავს ინდივიდუაურად და იღებს გადაწყვეტილებებს, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით. მაგალითად, მიმდინარე წლის განმავლობაში, სადავო საკითხების განხილვის შედეგად, მოქალაქეებს ჯამში ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ ლარი. ამასთანავე, სემეკის გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 5.72 მილიონი ლარის კომპენსაცია.
მოქალაქეებს შევახსენებ, რომ თუ აქვთ სადავო საკითხები კომუნალურ კომპანიებთან, აუცილებლად მოგვართონ.
,,რ": რაც შეეხება ინვესტიციებს დარგში, რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით და რამდენად შეცვლის იგი არსებულ მოცემულობას, რას ითვალისწინებს?
დ.ნ: რამდენიმე დღის წინ, დავამტკიცეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები. მომდევნო 5 წელიწადში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, მომარაგების მდგრადობის მიზნით 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. სს „თელასი“ 2026-2030 წლებში - 400 308 116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განხორციელედება 1 564 060 886 ლარის ინვესტიცია. გეგმა ითვალისწინებს ჭკვიანი მრციხველების გაზრდილი რაოდენობის მოწყობას და იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.
,,რ": დაბოლოს, ისევ ტარიფები. დაახლოებით რამდენით გაიზრდება დენის და გაზის გადასახადი და რა იგეგმება წყლის გადასახადთან მიმართებაში?
დ.ნ: მოგეხსენებათ, ტარიფების გადათვლა არის კომპლექსური და მისი ცვლილება დამოკიდებულია არაერთ კომპონენტზე. ახალი ტარიფები ცნობილი გახდება საჯარო სხდომაზე და მაშინვე მიეწოდება საზოგადოებას. რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფს, ცვლილება არ იგეგმება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



