წინასწარი პროგნოზი იმდენად ოპტიმისტურია, რომ ეკონომისტები უკეთეს შედეგს ელიან
თამარ ვეფხვაძე
(17.12.2025)

მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე ძალიან ოპტიმისტურია. „გალტ ენდ თაგარტში“ მიიჩნევენ, რომ 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგ წელს მშპ იმაზე მეტად გაიზდება, ვიდრე 2025 წელის. ამ პროგნოზს იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები და აცხადებენ, რომ ეს სრულიად რეალისტურია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას სტაბილურად ინარჩუნებს. 

საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებების გაგრძელება, ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება. 

„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებების გაგრძელება (განსაკუთრებით ტურიზმიდან, რომლის შემოსავალიც 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს), ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე პოზიტიურად აისახება. დამატებით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9.4%-იანი წლიური მატება და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება. ჩვენი პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, რისკი, ძირითადად, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს უკავშირდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, მთავრობაში ირწმუნებიან, რომ 2030 წლისთვის, საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით უფრო მეტია დაინტერესება ბიზნესწრეების მხრიდან, რომ ქვეყანაში ინვესტიციები დააბანდონ. მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 7-8%-ის დონეზე იქნება, რაც გაისად კიდევ უფრო გაიზრდება. 

ამ პროგნოზებს ეთანხმება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ძალიან სწრაფი წინსვლა გვქონდა. ზოგადად კი ეკონომიკას ციკლურობა ახასიათებს, შესაბამისად, ძალიან მაღალი ზრდიდან, შედარებით უფრო ზომიერი ზრდის ფაზაში გადადის:

„ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში, ისევ მაღალი ტემპი გვექნება, შედარებით ზომიერი, მაგრამ მაინც მაღალი. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უახლოეს წლებში, წლიური მაჩვენებელი 5.5-6% იქნება. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუ გავითვალისწინებთ, რა ტენდენციაა ევროკავშირში, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ყველაზე ოპტიმალური სურათით, შეიძლება 1,5-2% იყოს. ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს საუკეთესო შედეგი. 

აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზები არ არის მხოლოდ საქართველოს ინსტიტუტების მიერ გაკეთებული შეფასებები. მსგავსს ანალიზს აკეთებენ წამყვანი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სარეიტინგო სააგენტოები, რომლებიც პერიოდულად მშპ-ს პროგნოზებს აკორექტირებენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ. 

მისივე თქმით, თუ მაღალ მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველობაში, ბუნებრივია, 2030 წლისთვის, ნამდვილად ვიქნებით საშუალო ევროპულთან ახლოს მყოფი ქვეყანა შემოსავლების მიხედვით. ბუნებრივია, ევროკავშირშიც გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ჩვენი ტემპი დაახლოებით სამჯერ მაღალი იქნება და ჩამორჩენა სწრაფად შემცირდება. სწორედ ამიტომ, ყველა პროგნოზი აბსოლუტურად რეალურია და თავსებადია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებთან. 

ამ მოსაზრებას ეთანხმება ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც, რომელიც უკვე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 6%-ზე უფრო მაღალიც კი იყოს. როგორც წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები წინასწარ გათვლებში მოზომილები არიან, ამიტომ, ის მაჩვენებელი, რასაც „გალტ ენდ თაგარტი“ ვარაუდობს, კაპანაძის აზრით, მინიმუმია. გამორიცხული არ არის, რომ გაისად უფრო მაღალი შედეგი გვქონდეს.  

„წელსაც, „გალტ ენდ თაგარტი“ პროგნოზირებდა, რომ ეკონომიკური ზრდა 5.5-6% იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, დადებითი ტენდენციების ფონზე, ეს მაჩვენებელი გაცილებით გაზარდეს. სავარაუდოდ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება და მოლოდინი, რომელიც არსებობს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან, აძლევს საფუძველს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ივარაუდოს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც პროგნოზირებს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა შევძლოთ 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის მიღწევა. 

ყველაფერს ცხადყოფს დღეს არსებული მონაცემები - წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 000 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, შეძლებს ნელ-ნელა გაიუმჯობესოს კეთილდღეობის მაჩვენებელი და 2030 წლისთვის, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე