
ევროპარლამენტში გუშინ რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ იყო ჩვენება, რას ნიშნავს ჩავარდნილი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე. ძალიან მარტივი დასანახია პარალელები 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან, რომელსაც ასევე მხარდაჭერა ჰქონდა ბრიუსელიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები რეალობას იყო აცდენილი.
„გახსოვთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას და სოლიდარობას უცხადებდა. შეადარეთ, გააკეთეთ პარალელი. 4 ოქტომბერს, საღამოს გამზადებულმა სპიკერებმა დაიწყეს მოძალადეების მიმართ მხარდამჭერი ტექსტების გამოქვეყნება სოციალურ მედიაში. უბრალოდ დაიწყეს მაშინ, როდესაც დამხობა უკვე ჩაფუშული იყო, ყველანაირად ჩავარდა. როგორც ჩანს, ტექსტები მომზადებული იყო. მაშინ როდესაც მურთაზ ზოდელავა ეულად იდგა რუსთაველს გამზირზე, პარლამენტის წინ, ზოგიერთი ევროპარლამენტარი სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ტექსტებს, რომ მხარს უჭერდა ქართველ ხალხს, იმ მოძალადეებს, რომლებიც იქ უკვე აღარ იყვნენ. ვინაიდან სცენარი არსებობდა, ტექსტები დარიგებული ჰქონდათ და უნდა გამოექვეყნებინათ. მიჰყვნენ ამ განრიგს, ვის ცხრა საათზე უნდა დაედო, ვის ათ საათზე, ვის – თერთმეტის ნახევარზე. ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს, თუმცა უკვე აცდენილი იყო თბილისში არსებულ რეალობას – დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, ჩავარდა. იგივე მოხდა გუშინ. სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ „ბიბისის“ ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები. ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ „ბიბისის“ რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი, სინამდვილეში, გამოძიება არ ჩატარდებოდა. გუშინ რა ტექსტებიც მოვისმინეთ, არის გამზადებული, რომ არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი ხდება საქართველოში, ეჭვები არსებობს „კამიტზე“, მოვუწოდებთ გამოძიებასო და ასე შემდეგ. წინასწარი დაწერილი ეს ტექსტები კვლავ აცდა რეალობას, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ აქვს კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები და მზად ვართ, ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავხედოთ, ვაჩვენოთ, განვუმარტოთ. ამიტომ მათი გუშინდელი განცხადებები აცდენილი, არაადეკვატური იყო.
ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო „ბიბისი“, რომელმაც დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმის, პროპაგანდის იარაღად იქცა. ვნახეთ ჰიბრიდული თავდასხმა აშშ-ში „ბიბისის“ გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა „ბიბისის“ გამოყენებით. ამიტომ, ეს ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა. გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველას სასაცილოდ აქვს, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც. თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე, ამ ცრუ ნარატივზე. 4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან, გუშინ კი ტრიბუნასთან იდგენენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. მათ შორის რასა იუკნევიჩიანე და სხვები, რომლებიც კიდევ ბედავენ საქართველოზე საუბარს. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში კინაღამ მოხდა არეულობა, დაპირისპირება. ვისი ტყვია გაისროდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, შემდეგ ქალბატონ რასას ნაკლებად ადარდებს, რადგან მას თავისი პოლიტიკური გეგმები აქვს, რომელსაც ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები. კიდევ ერთხელ ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის, ევროპარლამენტარების მხრიდან, თვეების განმავლობაში ამზადებდნენ იმ ექსტერმისტებს, რომლებიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ამზადებდნენ, რათა წასულიყვნენ ძალადობაზე, რადიკალურ ნაბიჯებზე. დამხობის მცდელობის პერიოდში გარედან აგულიანებდნენ. შეგახსენებთ, მოლდოვის პრეზიდენტი მხარს უჭერდა ძალადობას, როდესაც იმ მომენტში ვხედავდით თბილისში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ევროპარლამენტსა და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



