
სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. ასეთი ვალდებულება 2027 წლიდან გაჩნდება. ამას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
პროექტის მიხედვით, კანონით პირდაპირ განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი ვალდებული არიან მათი ვებ-საიტები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი გახადონ. კანონპროექტი კერძო სუბიექტთა ჩამონათვალს ადგენს და ისეთ სუბიექტებზე მიუთითებს, რომელიც საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საბანკო, საფოსტო, სადაზღვევო მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ და სურსათის რეალიზაციის სფეროში საქმიანობს.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ვალდებულება ასევე გავრცელდება პირზე, რომელიც ვებ-საიტისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით “მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას ახორციელებს“. ინიციატორთა განმარტებით, ასეთ პირებს ადგილობრივ ბაზარზე განეკუთვნებიან მაგალითად, ვებსაიტები - Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge.
პროექტის თანახმად, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის ადაპტირების ვალდებულება არ გავრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე, ასევე იმ ვებ-საიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნდა და მათზე განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ.
მთავრობა ტექნიკურ რეგლამენტით ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს. ასევე მთავრობა განსაზღვრავს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ ვრცელდება. პროექტის ავტორია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



