
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთოს გზა არის რუსეთის ეკონომიკის გამოშრობა და უკრაინის დაფინანსების გაგრძელებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამგზვრებამდე ბრიფინგზე თქვა. ზელენსკის დაუსვეს კითხვა, სჯერა თუ არა ომის დიპლომატიური გზით დასრულების, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, „ნებისმიერი ომი სრულდება მოლაპარაკებებით“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ძლიერი პოზიციის მაგალითად ზელენსკიმ ე.წ. რეპარაციული სესხი დაასახელა.
„რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ 2026-27 წლებში უკრაინა უზრუნველყოფილია ფულით. ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ დაეცემა. საჭიროა რუსეთის ეკონომიკის გამოშრობა და შემცირება სანქციების გზით, რათა მან ომზე ფული არ დახარჯოს. უკრაინას თუ ექნება სტაბილური დაფინანსება და რუსეთს შეუმცირდება, რუსეთისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ უნდა გადავიდეს დიპლომატიურ გზაზე“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
მან ასევე თქვა, რომ ომის დასრულების შემთხვევაში რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე გაცემული სესხი უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯება. ზელენსკის თქმით, რუსეთის აქტივების გამოყენების საკითხი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული
„მე გავესაუბრები ყველა ლიდერს, დავუსახელებ ჩვენს არგუმენტებს, დიდი იმედი მაქვს, რომ დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამის გარეშე უკრაინას დიდი პრობლემა ექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე ე.წ. რეპარაციული სესხის გამოყოფის შესახებ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მსჯელობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



