
65 საერთაშორისო პროფესორი და მკვლევარი კობახიძეს უმაღლესი განათლების რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამბობენ, რომ შემოთავაზებული კონცეფცია დემოკრატიულ პროგრესს აბათილებს და მოქალაქეების პერსპექტივებს ზღუდავს. აღიარებენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა ის კონცეფცია, რასაც პრემიერი სთავაზობს, „ვერცერთ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის ".
ერთობლივ განცხადებას კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჰუბერტუს იანი აქვეყნებს. პრემიერ ირაკლი კობახიძისადმი მიმართვა 15 დეკემბრით თარიღდება, მას ხელს აწერენ ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და მკვლევრები, როგორებიცაა ჰარვარდის, მიჩიგანის, კანზასის, კოლუმბიის, ნიუ-იორკის, ასევე კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის,იტალიის, ფინეთის, რუმინეთისა და ნიდერლანდების უნივერსიტეტები.
„ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ზომებითაც, რომლებმაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პატიმრობა საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმების კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აგირჩიეს... მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით საზიანო წინადადებას და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას", - წერია საერთაშორისო უნივერსიტეტების პროფესორთა და მკვლევართა განცხადებაში.
გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელმომწერთა სია საკმაოდ წარმომადენლობითია.
„(სიაში) ძირითადად ის ხალხია, რომლებსაც საქართველოსთან უმუშავიათ, ან საქართველოზე უწერიათ. ძალიან ცნობილი ექსპერტები და აღიარებული მკვლევარები არიან საქართველოსა და კავკასიის საკითხების. წერილის მთავარი მიზანია, რომ ისინი განათლების რეფორმებს შეშფოთებით ადევნებენ თვალს, რომელიც უფრო მეტ შეკითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებია.
„წერილში ისინი ეთანხმებიან, რომ განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება, მაგრამ ეს უნდა იყოს კონსულტაციების საფუძველზე. საჯარო განხილვების საკითხზე თვითონ აკადემიური პერსპონალი უნდა იყოს ჩართული, ანუ ვისაც ეხება, ის ხალხი თვითონ უნდა იყვნენ თართული - სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ეს არ ხდება.
„ამ გადაწყვეტილებას ძალიან ვიწრო წრე იღებს, ასევე შეკითხვები არსებობს აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან იქ ისეთი რაღაცეებია შემოთავაზებული, რაც ამ თავისუფლებას ზღუდავს და ბუნებრივია, ეს საკითხები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რომ როგორც ქვეყანა დასავლეთს პოლიტიკურად მოწყდა, ასევე არ მოწყდეს საგანმანათლებლო სივრცეს. შეშფოთების მიზეზიც სწორედ ესაა.
- „ხელისუფლება რაღაც კონცეფციას დაწერს-ხოლმე, რომელიც არავინ არ იცის. ამის საჯარო განხილვა არ ყოფილა. მაგალითად, ვინ მოიგონა „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპი? ამას ხომ დისკუსია სჭირდება, საიდან მოვიდა ეს იდეა? ეს ვისაც ეხება - სტუუდენტებს და პროფესორებს - მოსწონთ? ამას არავინ არ ეკითხება.
„ღიაობა და ტრანსფარანტულობა დაცული არაა, ამიტომაცაა შეკითხვები - ეს ხომ არ იქნება პოლიტიკური ანგარიშწორება და კონტროლის მექანიზმის შემოღება ხომ არ უნდა ხელისუფლებას?" - კითხულობს კაკაჩია.
პროფესორ და ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ხემომწერთა ობიექტურობაზე ეჭვი აქვს.
„პროფესორების პოზიცია ერთმა ქართველმა მეცნიერმა გაახმოვანა - საკმაოდ ჭკვიანმა და ნიჭიერმა, მაგრამ აშკარად ოპოზიციური ორიენტაციის მქონემ. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის გლობალიზაცია ხდება, ყველგან შედის ეს პოლიტიკა და სადაც შედის, ადამიანებს ობიექტურობის სურვილსა და უნარს უკარგავს.
„ამიტომ არ ვიცი, ეს ალბათ უაღრესად საპატივცემულო ადამიანები რამდენად ობიექტურები არიან. ვუყურებთ, დასავლეთში და კერძოდ ამერიკაში ტრამპის პროტესტს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დემოკრატები გამეფდნენო. ჩვენ აქაც ვხედავთ ანალოგიურ პროცესს, რომ არის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის ხალხის კონცენტრაცია ხდება. ვნახეთ ისიც, სალომე ზურაბიშვილმა, უმაღლესი კატეგორიის პოლიტიკურმა ფიგურამ, როგორ მოუწოდა მოსწავლეებს, რომ საპროტესტო აქციაზე გამოდითო.
„დასავლეთშიც იგივე ხდება, ამიტომაც არ ვიცი, ეს ავტორები არიან თუ არა პოლიტიკურად ნაიტრალურები და ამ ნეიტრალური პოზიციიდან ლაპარაკობენ თუ დასავლეთის გარკვეულ წრეებში „ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურთ".
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა კონცეფციის საბოლოო განხორციელებამდე დისკუსიები და შეხვედრები განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, საყვარელიძემ „რეზონანსს" უთხრა:
„არის დარგები, სადაც ხალხის ხმას თავს არიდებენ. განათლებაზე ითვლება, რომ ყველამ თავისი აზრი უნდა თქვას. ეს სწორი არაა. ის კი არა, მასწავლებლებიც არ არიან განათლებაზე სანდო ხალხი, რადგან ვინც სისტემაშია ჩართული, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. ამიტომაც სასურველია არსებობდეს ჯგუფი, ადრე იყო ასეთი პედაგოგიკის ინსტიტუტი, მერე მიშამ გაანადგურა და ეს იყო მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც განათლებოს სისტემაში ჩართული არ იყო, მაგრამ აკვირდებოდა და სწავლობდა ამ სფეროს ჩვენთან და უცხოეთში. რაღაც ასეთი ექსპერტული ჯგუფი თუ იქნება და შეისწავლის დასავლეთის და ჩვენი გამოცდილების ყველა ელემენტს, აი, მერე არის სანდო, მაგრამ მოსახლეობის ამის გაზიარება და, აბა, ხალხი რას იტყვის, ეს არ მიმაჩნია, რომ სანდოა", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 65 პროფესორ-მკვლევართაგან შეშფოთებაა, რომ საქართველო არ დასცილდეს განათლების სტანდარტებით დასავლეთს.
„საქართველო 2005 წლიდან ბოლონიის პროცესს შეუერთდა, რაც მიზნად ისახავს განათლების სფეროში დასავლური სტანდარტების დანერგვას, გულისხმობს თუნდაც საკრედიტო სისტემის არსებობას - ბაკალავრიაზე 240 კრედიტი, მაგისტრატურა 120 კრედიტი, დოქტურანტურა 180 კრედიტი, 12-წლიანი სწავლება სკოლაში და ა.შ. თუ ეს ცვლილება იქნება და პლიუს სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიურობა შეიზღუდება, საგანმანათლებლო სისტემაზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა გაიზრდება და თუნდაც იგივე აკადემიური პერსონალი ჩამოყალიბებული იქნება პოლიტიკური შეხედულების და არა პროფესიონალიზმის შესაბამისად. საფრთხეა, ხელისუფლებამ აწარმოოს აგიტაციური საქმიანობა, რომ სტუდენტები ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილები გახდნენ.
- „მით უმეტეს რამდენიმე ფაკულტეტი უნდა გადაიტანონ თბილისის გარეთ, რომ დედაქალაქში არ მოხდეს სტუდენტთა, როგორც ქვეყნის პროგრესული ნაწილის შეკრება.
„ვფიქრობ კობახიძე ამ მოთხოვნას არ გაითვალიწინებს", - განაცხადა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



