"საბითუმო ბაზარზე უკვე შესამჩნევია ცვლილება და ავტოგასამართ სადგურებზეც ნელ-ნელა დაიწყება ეს პროცესი"
თამარ ვეფხვაძე
(18.12.2025)

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა და 1 ბარელი 59 დოლარის ფარგლებშია. ბოლო დროს, გაიაფების ტენდენცია აშკარაა და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროგნოზს ქართველი ეკონომისტებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება. ლოგიკურად ჩნდება კითხვა - გაიაფდება თუ არა ბენზინისა და დიზელის საწვავი? სწორედ აქ, აზრი ორად იყოფა - ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების გამო, არ გაიაფდება, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ საბითუმო ბაზარზე ფასის კლება უკვე დაწყებულია და ცხადია, საწვავი აქაც გაიაფდება. 

ამჟამად, ბარელი "ბრენტის" ფასი 59 დოლარს შეადგენს, ხოლო ამერიკული "ლაითის" ფასი, დაახლოებით, 56 დოლარია. ერთწლიან პერიოდში, ნავთობი, საშუალოდ, 21%-ით გაიაფდა და ამჟამად ოპეკის სამიზნე ნიშნულზე დაბლა იმყოფება. უცხოელი ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გაიაფება სამი ფაქტორით არის განპირობებული: 

პირველი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივას უკავშირდება, რომელიც აჩენს იმის მოლოდინს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთს ბაზარზე გასაყიდად მეტი ნავთობის გამოტანის საშუალებას მისცემს; 

მეორე ფაქტორი ვენესუელას უკავშირდება, რომელიც პლანეტაზე ერთ-ერთი უდიდესი სანავთობო რეზერვის მფლობელია, თუმცა მას ამჟამად ექსპორტი შეზღუდული აქვს. თუკი ვენესუელაში მადუროს რეჟიმი მართლაც შეიცვლება, მაშინ მოსალოდნელია, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტირების საშუალებას მიიღებს, რაც ბაზარზე ჭარბ მიწოდებას წარმოქმნის; 

მესამე საკითხი ჩინეთთს უკავშირდება, რომლის ეკონომიკური აქტივობა და ადგილობრივი მოხმარება შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ახლა იმაზე ნაკლებ ენერგეტიკულ რესურსებს მოიხმარს, ვიდრე ეს ანალიტიკოსებს აქამდე წარმოედგინათ. ბუნებრივია, მიწოდების ზრდა და მოთხოვნის შემცირება პროდუქტის გაიაფებას იწვევს, რომელსაც სწორედ ახლა ვხედავთ.

„თიბისი კაპიტალის“ გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ ნავთობის, როგორც პროდუქტის ღირებულება ეცემა და მსხვილი საინვესტიციო ბანკების შეფასებით, გამორიცხული არ არის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, "ბრენტი" 53 დოლარი ღირდეს. ანალოგიური მოლოდინია 2026 წელთან დაკავშირებითაც. კალანდარიშვილმა უმსხვილესი ამერიკული ბანკის "ჯიპი მორგანის" პროგნოზი მოიშველია და აღნიშნა, რომ ნავთობის გლობალური ფასი მომავალ წელს 52-53 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც ამჟამინდელთან შედარებით, დაახლოებით, 7-დოლარიანი კორექციაა.  

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „რეზონანსთან“ნავთობის გაიაფების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. 

„მსოფლიო მასშტაბით, ნავთობის მიწოდება კვლავ მაღალია, განსაკუთრებით ამერიკისა და შიდა ბაზრების გამომუშავებით. ამან შექმნა ზედმეტობა ბაზარზე და დიდი რაოდენობით ნავთობია. მიზეზებს შორისაა საერთო ტენდენცია ბირჟაზე - ბირჟებზე ამ დღეებში სიმშვიდეა, ან ფასი მცირდება, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორზე მოქმედებს ბაზრის სენტიმენტები და მოლოდინი მომდევნო პერიოდის მონეტარული პოლიტიკის შესახებ. ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, დასავლეთ აფრიკა, უახლოეს პერიოდში იძულებულია, ნავთობის დიდი მარაგი ბაზარზე დატოვოს, რადგან შემცირებულია დაკვეთა, თანაც ახლო აღმოსავლური ნედლი ნავთობი უფრო იაფად იყიდება.

რამდენიმე გეოპოლიტიკურმა მოვლენამ, მაგალითად, ვენესუელას ბლოკადამ დროებით გააძვირა ნავთობი, მაგრამ ამან ვერ იმუშავა მკვეთრად. ამიტომ, ჯერჯერობით, ყველა ნიშანია იმისა, რომ ნავთობზე ფასი 2026 წლის პირველ კვარტალშიც ისევ დაბალი იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

ნავთობის გაიაფების მიზეზებს შეიძლება დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო კვირებში, ამერიკული დოლარი ოდნავ გამყარდა, რადგან ინვესტორები ელიან, რომ ფედერალური რეზერვი მალე არ დაიწყებს განაკვეთის მკვეთრ შემცირებას.

„ტრადიციულად ძლიერი დოლარი ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ნავთობი დოლარში იყიდება. თუ გადავხედავთ, აშშ-ში, ნავთობის მოპოვება ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს იწვევს გლობალური მიწოდების გადაჭარბებას, რასაც ვერ აბალანსებს "ოპეკი პლუსი", რადგან წევრ ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოება (მაგალითად, საუდის არაბეთს, ნიგერიასა და ირანს შორის) ართულებს შემცირების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ. 

„რეზონანსის“ კითხვაზე, თუკი ნავთობის ფასის კლება მომდევნო წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება, გაიაფდება თუ არა საქართველოში ბენზინი და დიზელი, ნიკა შენგელიამ გვიპასუხა: „ეს ყველაფერი, ჩვენს შიდა ბაზარზე ფასების შემცირების კუთხით, გავლენას არ მოახდენს, რადგან საქართველოში დიდი ხანია ჩამოყალიბებულია კარტელი და ფასებზე კარტელური გარიგებები მოქმედებს“. 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავი გაიაფდება, თუმცა ისე სწრაფად არა, როგორც ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება. 

„გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ნავთობპროდუქტებს უკვე ახალი ფასით შევიძენთ, საწვავის ფასი საქართველოშიც შეიცვლება. სხვათა შორის, საბითუმო ბაზარზე უკვე შესამჩნევია ცვლილება შემცირების მიმართულებით და საცალო, ანუ ავტოგასამართ სადგურებზეც ნელ-ნელა დაიწყო ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, თუ ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენცია გაგრძელდება ან შენარჩუნდება, ცხადია საწვავი საქართველოშიც გაიაფდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ზაალ იაკობიძემ.  

მისი ინფორმაციით, მართალია, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასი სხვადასხვაა, მაგრამ ბენზინი და დიზელი საწვავი 5-დან 10 თეთრამდე უკვე შემცირებულია. იაკობიძემ „რეზონანსს“ დაუდასტურა, რომ 2026 წლის იანვრიდან, საწვავი გაიაფდება, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს უფრო ადრეც მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე