თამთა ჩაჩანიძე
(19.12.2025)

ბრიუსელში 15-საათიანი ცხარე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა სესხის სახით უკრაინა 90 მილიარდი ევროთი დააფინანსოს, თუმცა ვერ შეთანხმდა რუსული გაყინული აქტივების გამოყენებაზე, ძირითადად ბელგიის წინააღმდეგობის გამო, სადაც აქტივების ძირითადი ნაწილია განთავსებული.

ბელგია შიშობს, რომ ასეთი უპრეცენდენტო ნაბიჯი, მის ქვეყანას ბუმერანგით დაუბრუნდება და დიდი იურიდიულ შარში გახვევს. ამას გარდა ბევრი შიშობს, რომ აქტივების წართმევა ევროპას ისეთ რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებს, რომ მომავალში იქ ინვესტირებას არავინ განახორციელებს.

ამას გარდა არის კიდევ ერთი მომენტი - რუსეთს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება და იმ ევროპული აქტივების კონფისკაცია, რომელზეც ხელი მიუწვდება. ამისთვის პუტინმა სპეციალური კანონმდებლობა მიაღებინა სახელმწიფო დუმას, რომელიც აქტივების წართმევას ავტომატიზმამდე ამარტივებს.

ბელგიის მთავრობის მეთაურმა ბარ დე ვევერმა შეთანხმებამდე რუსეთის შურისძიებისგან დასაცავად მტკიცე სამართლებრივი გარანტიები მოითხოვა, თუ ევროკავშირი შეთანხმდება რუსული გაყინული აქტივების გამოყენების თაობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიაშია განთავსებული ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი „ევროქლეარ გრუპი", რომელიც უკრაინის ომამდე რუსეთის ცენტრალური ბანკის ობლიგაციებს ინახავდა. ობლიგაციებს ვადა ამოეწურა, თუმცა დასავლეთის სანქციების გამო, ნაღდი ფული „ევროქლეარში" რჩება. ვევერმა დასძინა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ბანკის რეპუტაცია შელახოს და ინვესტორებს უბიძგოს იმისკენ, რომ ობლიგაციები გაყიდონ და ბანკიდან რესურსები გაიტანონ, რაც ეკონომიკას დაარტყამს.

90-მილიარდიან სესხზე ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა აირიდა ქაოსი და განხეთქილება. მისი თქმით, ამ შეთანხმებით უკრაინამ გაიმარჯვა, მან მიიღო სასწრაფო, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება.

უნდა აღინიშნოს, რომ 90 მილიარდი ევრო უკრაინას უნდა გამოეყოს 2026-27 წლის განმავლობაში. გეგმა არ მოიცავს უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. გერმანია კი, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებოდა ამ ტიპის დაფინანსებას, ამ გეგმას დაეთანხმა. უკრაინა კი ამ სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

„უკრაინისთვის ფინანსური პაკეტი მზადაა: უკრაინა მიიღებს 90 მილიარდი ევროს უპროცენტო სესხს, ჩემი შეთავაზებისამებრ.ეს პუტინს მკაფიო სიგნალს უგზავნის ევროპიდან: ეს ომი არ ღირს. ჩვენ რუსულ აქტივებს გაყინულს შევინარჩუნებთ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის", - წერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

„მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს", - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 90 მილიარდიან დაფინანსებას.

რა სახის დაფინანსება მიიღო უკრაინამ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი უკრაინას ორი წლის განმავლობაში გამოეყოფა.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული თანამშრომლობის გზით, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტის თავისუფალი რესურსებით და მრავალმხრივი სავალუტო გეგმის შესწორების ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე.

ლაიენის თქმით,ევროკომისიამ საბჭოს საკითხის გადაწყვეტის ორი გზა შესთავაზა : ერთი მხრივ, ევროკავშირისგან სესხის ბაზარზე აღება და მეორე მხრივ, რეპარაციის სესხის გამოყოფა.

„მივაღწიეთ შეთანხმებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ. უკვე გასულ კვირას, ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო და ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში რუსული აქტივების გრძელვადიან პერსპექტივაში იმობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზით და ამის საფუძველზე შევთანხმდით, რომ გვეპოვა გამოსავალი უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსებისთვის. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეპარაციის სესხის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

„მანამდე, აქტივები უძრავი დარჩება და კავშირი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ნაღდი ფული სესხის დასაფინანსებლად. ეს არის გამოსავალი, რომელიც ერთად ვიპოვეთ და როგორც ბოლო კვირების განმავლობაში განვიხილეთ, უკრაინის დაფინანსება 2027 წლის შემდეგ იქნება შემდეგი მრავალმხრივი სავალუტო გეგმის განხილვის ნაწილი", - აღნიშნა ლაიენმა.

ვინ ეწინააღმდეგება

ურაინის დაფინანსების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ „გრძელი და რთული ღამე გადაიტანეს, მოახერხეს მოახერხეს ომის რისკის თავიდან აცილება, არ დავუშვეს, რომ ევროპას რუსეთისთვის რუსული აქტივების გამოყენებით ომი გამოეცხადებინა". მისი მტკიცებით, ეს გეგმა ევროპას ომში ჩაითრევდა და უნგრეთს 1000 მილიარდი უნგრული ფორინტის გადახდის ტვირთს დააკისრებდა.

„ჩვენ შევძელით უნგრული ოჯახების ამისგან დაცვა. ამავდროულად, 24 წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის ომის სესხის გამოყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუ უკრაინა ვერ შეძლებს სესხის დაფარვას, ამ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ", - აცხადებს ორბანი.

მისი თქმით, აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღონ.

„საბედნიეროდ, V3-ის [ვიშეგრადის სამეული - რედ.] თანამშრომლობა კვლავ აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, რომ ამ მატარებელში არ ასულიყვნენ. ამით ჩვენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დავიცავით ამ უზარმაზარი 90 მილიარდი ევროს სესხის ტვირთისგან. ცუდი ამბავი ის არის, რომ ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება. უნგრეთი ევროპაში მშვიდობის ხმად რჩება და არ დაუშვებს, რომ უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული უკრაინის დასაფინანსებლად გამოიყენონ," - აცხადებს ორბანი.

ბელგიის პოზიცია

პრემიერ ბარტ დე ვევერის განცხადებით, ბელგია არაა თანახმა, რომ რუსული გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად იყოს გამოყენებული, ვიდრე გარანტიები არ იარსებებს და იურიდიული საკითხები არ იქნება მოგვარებული.

  • „ჩვენ სწორ მხარეს ვართ, მზად ვართ მსხვერპლისთვის, მაგრამ უფასო ფული არ არსებობს. პუტინის ფული უფასო არ არის. მოქმედების თავისუფლება ასევე არ არის უფასო. ფული ხეს არ მოუსხამს. ეს არის ფული, რომელსაც სხვა რამეზე ვეღარ დახარჯავ.

 

„ჩვენ მზად ვართ ამ მსხვერპლისთვის. იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე მზად ვიქნებით გამოვაცხადოთ, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ მივაგენით პოლიტიკურ ენას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ქვეყანას, რომელიც ათასობით მოქალაქეს კარგავს ყოველ დღეს საშინელ ომში, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის", - თქვა ბარტ დე ვევერმა.

მისივე თქმით, ბელგიას სჭირდება მყარი გარანტიები ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან და ეს გარანტიები უნდა იყოს ძალაში, ვიდრე სასამართლო დავები გაგრძელდება. მისი თქმით, შესაძლო სასამართლო დავების ფარგლებში ხარჯების ანაზღაურება ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს.

„სიტყვიერი დაპირებები არაა საკმარისი, ვალდებულებები უნდა იყოს წერილობითი და შესასრულებლად სავალდებულო. მეორე პირობაა, რომ რისკი უნდა იყოს სრულად გაზიარებული, მათ შორის ბელგიის სახელმწიფოს პოტენციური პასუხისმგებლობის კუთხით, რუსეთთან ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დღესაც მოქმედებ.

„ჩვენ თუ გადავხტებით, სხვებიც უნდა გადახტნენ, ეს ნიშნავს სანდო და სამართლიან გამოსავალს, რომელიც უნდა გაცდეს ბელგიას და „ევროქლეარს", უნდა გავრცელდეს სხვა ქვეყნებზეც, სადაც რუსეთის გაყინული აქტივები ინახება", - თქვა დე ვევერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე