
მმართველ გუნდში ფიქრობენ, დღეავდენლი გადმოსახედიდან ჯერჯერობით შეუძლებელია თქვა, რუსეთ-უკრაინის ომში ვინ არის გამარჯვებული, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს დამარცხებულები - ევროკავშირი და უკრაინა. ექსპერტების ნაწილი პაპუაშვილის განცხადების არსს იზიარებს, ნაწილი კი მას „ამორალურს" უწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება".
„ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი. ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის ევროკავშირის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება გამარჯვებული. თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინას, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა, ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე.
„ევროკავშირს ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს უკრაინის ფინანასური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი. ამ ყველაფრისთვის ევროკავშირი იღებს სესხს, აძლევს უკრაინას. ამ სასესხო ვალდებულებებში ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს, შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ. ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშილი ფიქრობს, რომ პაპუაშილის განცხადება მიუღებელია, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ომი არ დასრულებულა.
„პაპუაშვილის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია, ომი ჯერ არ დასრულებულა, რუსეთმა ვერსად წარმატებას ვერ მიაღწია, ვერ მაიღწია უკრაინის დენაციფიკაციას, ხელისუფლების შეცვლას, დემილიტარიზაციას და ვერ მიაღწია ნატოს გაფართოების შეჩერებას. პაპუაშვილის ეს განცხადება არის სრულად მიუღებელი, ამორალურიც კი, როცა ასეთი მკაფიო, ასეთი ცხადი ევროკაშირი არასდროს ყოფილა. გვერდით უდგას და ეხმარება უკრაინას. დღეს მითუმეტეს, როცა ორწლიანი დახმარება გამოუყო 90 მლრდ ევროს სახით, სრულიად გაუგებარია ეს განცხადება. ესაა ფარისევლობა, პირმოთნეობა რუსეთის წინაშე.რადგან ამ ომში რუსეთში არანაირი წარმატება არ აქვს, თუ ვინმე წარმატებულია, ეს პირველ რიგში უკრაინაა."
- პაატა ზაქარეიშვილი: „პაპუაშვილის ეს განცხადება არის სრულად მიუღებელი, ამორალურიც კია, როცა ასეთი მკაფიო, ასეთი ცხადი ევროკაშირი არასდროს ყოფილა."
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ომში უკრაინა წარმატებას აღწევს.
„აშკარად ჩანს, რომ უკრაინა წარმატებას აღწევს, 3 წელი გადის და არანაირი წარმატება არ აქვს რუსეთს, ის ტერიტორიებიც კი ვერ აიღო, რომელიც რუსეთის კონსტიტუციის ნაწილად აღიარა, ახლა ამერიკის იმედი აქვს, რომ უბრძოლველად აჩუქებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ვერანაირი საბრძოლო მოქმედებებით ვერ აიღო. ამიტომ, უკრაინელი ხალხის ნება მკაფიოდ, გამოკვეთილად არის წარმატებაზე ორიენტირებული, მითუმეტეს ევროკავშირი, და არა მარტო ის, დასავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას მხარში უდგას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი. ამბობს, რომ უკრაინას კარგავს ტერიტორეიებს და შესაძლოა ყოველი მომდევნო შეთნხმება უფრო საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ამჟამად განსახილველი. მისი აზრით, ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული ხდება და უკრაინისთვისაც და ისე ევროპისთვისაც სუვერენულობა იკვეცება
- ნუკრი შოშიაშვილი: როგორც უკრაინისთვის ისე ევროპისთვის სუვერენულობა იკვეცება. უკრიანის ომამდე მათ შეეძლოთ თუნდაც მეტანაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება."
„ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკურ პრობლემებს, როცა მთელი რიგი ინდუსტრიები ევროპიდან გადადის აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ევროპა ხდება უფრო მოწყვლადი და დამოკიდებული შეერთებული შტატებზე, მის სამხედრო მანქანაზე. შესაბამისად, სწორად აღნიშნა პაპუაშვილმა, თუ სუვერენულობის კუთხით შევხედავთ, როგორც უკრაინისთვის ისე ევროპისთვის სუვერენულობა იკვეცება. უკრიანის ომამდე მათ შეეძლოთ თუნდაც მეტანაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება," - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



