
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ტრაგედია დატრიალდა - საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია დედა-შვილი.
ხაბუმეს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩხოროწყუს მერიის წარმომადგენელი, ნესტან ქარჩავა Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ხანძარი დღეს, 19 დეკემბერს დილით, შენგელიების ოჯახის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
„ხანძარს, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა დედა-შვილი. დედა - ნანი (ჟოზია) საჯაია 90 წელს მიღწეული ქალბატონია, შვილი - როზა შენგელია, 60 წლის. მათ ორი სახლი აქვთ გვერდიგვერდ, ესენი ოდაში იწვნენ. ამბობენ, რომ ელექტროენერგია გახდა ხანძრის მიზეზი, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. მაშველები როცა მივიდნენ, სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მათ მეორე სახლის გადარჩენა მოახერხეს, ადვილი შესაძლებელი იყო, მასაც გადასდებოდა ცეცხლი. იმ სახლში რძალი და ბავშვი იყო, ჟოზიას ვაჟი - ბორისი სახლში არ იმყოფებოდა, თბილისშია სამკურნალოდ წამოსული. საბედნიეროდ, ისინი მაინც გადარჩნენ. საშინელი ტრაგედიაა სოფელში“, - ამბობს ნესტან ქარჩავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



