რეზონანსი
(27.01.2026)

ბათუმში თურქეთის სამმა მოქალაქემ, ასევე თურქეთის მოქალაქეს წაართვეს მობილური და პირადობის მოწმობა, სცემეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით  მათთვის საბანკო ანგარიშის გახსნა აიძულეს, შეუზღუდეს სახლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობაც - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, სამივე პირი დაკავებულია.

"თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს  დაბადებული ს.პ.  და წარსულში ნასამართლევი  2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად,  მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  ერთ-ერთ ბანკში მათ  სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას."  ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ იძულებას, ძალადობასა და  დოკუმენტის  მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრებას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე