
დღეს, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე დაიგეგმა, რაც ათეულობით წლის წინანდელ კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. საქმეში ფიგურირებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელიც პროკურატურამ მკვლელობის შემკვეთად დაასახელა.
ამჟამად ბუსა ჟვანიაზე ძებნა ცხადდება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბუსა ჟვანიას სახელი საზოგადოებისთვის აქამდეც არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მას ყოველთვის ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდად ახასიათებდა, მისი ცხოვრება არაერთხელ გადაიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებთან.
2020 წლის 2 აგვისტოს ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე საკუთარ სახლში დანით მძიმედ დაჭრა. ინციდენტის მიზეზად ეჭვიანობა დასახელდა - ბუსას ყოფილი შეყვარებული თოფაძეებთან სტუმრად იმყოფებოდა, რასაც ჟვანიას აგრესია მოჰყვა.
ამ დანაშაულისთვის ბუსას 3 წელი მიესაჯა, თუმცა მან საპატიმროში წელიწადნახევარი გაატარა.
ნინო ქადაგიძის ინფორმაციით, ბუსამ ციხეში ყოფნისას საერთაშორისო გამოცდა GMAT-ი უმაღლესი ქულებით ჩააბარა და მსოფლიოს ტოპ 3%-ში შევიდა.
ბოლო ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგისტრატურა დაამთავრა და კომპანია "ამაზონში" მუშაობდა.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდება გაცილებით მძიმეა, ვიდრე მის წარსულში არსებული ნებისმიერი სხვა შემთხვევა. თუ პროკურატურა ბუსა ჟვანიას ბრალის დაამტკიცებს, მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



