
ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭის, 21 წლის საბა მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბა თავის მშობლიურ სოფელში, ქარელის სოფელ ბებნისში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა ელექტრობოძს შეეჯახა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. გლოვაა დღეს მის მშობლიურ სოფელში, სადაც საბა ყველას უყვარდა.
ის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და როგორც ჩანს, სოფელში მშობლებთან იყო ჩასული.
“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სახლამდე სადღაც 300 მეტრში მოხდა ეს უბედურება. საბა 21 წლის იყო. ელექტროგადამცემი ხაზის ბეტონის ბოძს შეეჯახა. კლინიკაში მიჰყავდათ, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თბილისში სწავლობდა, სტუდენტი იყო, თან კურიერადაც მუშაობდა, მოტოციკლით მოძრაობდა, ტარების გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ეს უბედურება დატრიალდა. ძალიან დიდი ტკივილია, სიტყვები არ მაქვს. მთელი სოფელი დამწუხრებულია. რა უნდა გითხრათ, სიცოცხლით სავსე ბიჭი აღარ გვყავს”, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
“დღეს ჩემი ბავშვობის ნაწილი წავიდა. ჩემი ბიძაშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ადამიანი, ვისთანაც ყველაზე თბილი და უდარდელი წლებია დაკავშირებული. ერთად გავიზარდეთ - საბავშვო ბაღში სულ ჩემი „პარა“ იყავი, ერთად ვცეკვავდით, სკოლაში, პირველ კლასებში ერთ მერხთან ვისხედით და სულ ნერვებს მიშლიდი. კომაროვიდან გამოსულები, მშობლების ჩუმად „ერთჯერად სუპებს“ ვჭამდით და ეს პატარა საიდუმლოებიც კი ახლა ყველაზე ძვირფას მოგონებად მექცა. აღდგომა დღეს ერთად დავრბოდით და წითელ კვერცხებს ვაგროვებდით, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღეები ოდესმე მხოლოდ მოგონებად დარჩებოდა. ბოლოს მაშინ გნახე, როცა ბებოს ვემშვიდობებოდით... იდექი მარტო და ტიროდი. სიტყვები ვერ ვიპოვე, უბრალოდ, მოვედი და ხელი ჩაგკიდე. მაშინ ვგრძნობდი რამდენად გტკიოდა გული…
დღეს კი ვერ ვიჯერებ, რომ შენზე მიწევს ამის თქმა, შენთან ერთად ჩემი ბავშვობის ნაწილი წავიდა, მშვიდად განისვენე, საბა... შენ ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონება”, - ასეთ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილი.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


