
ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ერთობის გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გააკრიტა და გახარიას პარტიას ღალატში დასდო ბრალი. ამას მალევე პარტიის დეპუტატი გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ „ისტორია კარგად შეაფასებს - ვინ არის რეალურად მოღალატე". მმართველი პარტია კი ფიქრობს, რომ ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს რაიმე დაპირისპირება არსებობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიცია ერთობას მაინც მიაღწევს.
„ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ ერთობა და მოვიგოთ არჩევნები, რომელსაც ესენი ნამდვილად წააგებენ. დღეს მე არ ვიცი „ოცნების" მხარდამჭერი, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უშუალოდ ბოტებად მუშაობენ, კომპრომატებით არიან დაჭერილი და ფულით არიან გადაჯაჭვული „ოცნებასთან". „ოცნების" სხვა, თავისუფალი მხარდამჭერი მე არ ვიცი. „ოცნება" შეეხო ყველა სფეროს, ჯგუფს. არავინ არ არის, რომელიც რეალურად ამ ვითარებაში უვნებელი დარჩა. „ოცნება" შეეხო დიასპორას, მშობლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, ყველა უნივერსიტეტს. ხვალ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, რომლებიც ჯერ ფიქრობენ, გადავრჩითო. არავინ არ გადარჩა. „ოცნება" შეეხო ბიზნესსაც. ყველაფერი აკრძალულია ქვეყანაში და ვინ უნდა იყოს „ოცნების" მხარდამჭერი? სახელმწიფო პრაქტიკულად აღარ არსებობს, არც საზღვრები, ჩვენი თავდაცვა რა დღეშია, ომია ჩვენ ირგვლივ და უსაფრთხოების საბჭო არ იკრიბება. ეს არის სახელმწიფო? ეს ვინმეს უნდა მოსწონდეს, თუ „ოცნებასთან" მიჯაჭვული არ არის ადამიანი სხვადასხვა ხერხით?
- გიორგი შარაშიძე: „ღალატი არის ის, როდესაც ხალხს წარმომადგენლის გარეშე დატოვებ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში. როდესაც ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები ბრძოლის ველიდან."
მე ვარ ძალიან იმედიანად, რომ ჩვენ მოვიგეთ უკვე ბოლო არჩევნები. მოვიგებთ ახალ არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერად, თუ არ დავიწყებთ ერთმანეთის ჩაძირვას, ერთმანეთის მოტყუებას, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეგვიშალა და რასაც დღესაც ვხედავთ რამდენიმე პარტიისგან. არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების" გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების" დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლიტიკური შეფასებები
პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ღალატში ბოიკოტის მომხრეები დაადანაშაულა, თქვა, ისტორია კარგად შეაფასებს, ვინაა მოღალატეო.
„ღალატი არის ის, როდესაც ხალხს წარმომადგენლის გარეშე დატოვებ საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში. როდესაც ბრძოლის ველს გაეცლები, მოღალატეობრივად გაიპარები ბრძოლის ველიდან, ხალხს მოუწოდებ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, მოვიდნენ რუსთაველზე, სადაც მშვიდობიანი დამხობაა დაანონსებული და ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებ და საერთოდ არ ხსნი რატომ მოიქეცი ასე, ეს საჩუქარი რატომ გაუკეთე „ოცნებას", ეს არის ღალატი, ქალბატონო სალომე-თქო, გადაეცით ჩვენგან, სანამ ჩვენს ღალატზე ვინმე ისაუბრებს. და ამას კიდევ ისტორია კარგად შეაფასებს - ვინ არის რეალურად მოღალატე."
ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილმა „ოცნებას" 64-ვე მერის თანამდებობა „ლანგარზე მიართვა".
შარაშიძის განცხადებას „ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და თქვა: „გამოგვიცხადა კურდღელივით გაქცეული ბოსის შნირმა პოლიტიკოსებს, ვინც არ გავქცეულვართ და არც 13 000 ლარიანი ხელფასის გამო გვიღალატია პროტესტისთვის."
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის შეფასებით, „ეს არის მათი პატრონების მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოსრაიმე დაპირისპირება არსებობს".
„რაც შეეხება რიგითი „ნაცის", სალომე ზურაბიშვილის, რიგით „ნაც" გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს არის ზუსტად მათი პატრონების მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, რაიმე დაპირისპირება არსებობს და როგორმე ჩამორეცხონ ის მოღალატეობრივი ლაქა, რომელიც ერთი მხრივ, აქვს გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას", მეორე მხრივ „ლელოს" და „გახარიელებს". ცდილობენ, როგორმე „ლელოელი" და „გახარიელი" „ნაცები" საზოგადოებას შეასაღონ, როგორც „არანაცები", მაგრამ ეს მიზანს ვერ მიაღწევს. ახლა გინდა ერთმანეთს შეურაცხყოფები მიაყენონ, გინდა ლანძღონ - საბოლოოდ „ნაცი" რომ „ნაცია", ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის", - აღნიშნა გორდულაძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომლის მოვალეობა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა უნდა იყოს.
„მე „გახარიელების" დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როდესაც საუბარია პარლამენტზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის პატივისცემაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა, ყოვლად მიუღებელია მსგავსი ტიპის შეფასებები. ჩვენ სხვა ვერავის დამცველად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს - არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ამა თუ იმ პარტიის მიმართ - მინიმუმ ამის გამო უნდა გააკეთონ ნორმალური განცხადებები. ამ ტიპის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ახალი არ არის, ეს მისი სტილია, მისი სტრატეგიაა", - აღნიშნა მახაშვილმა.
„ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმაც გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ხალხმა დაინახა, სალომე ზურაბიშვილმა რა გააკეთა, როცა უცხოურ აგენტურაში ჩაეწერა.
„ერთმანეთს როდის დაასწრებენ და რა თემებზე იყო საუბარი, ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს. როგორც წესი, ეს ქალი წაგების ფორმულაა და იმედია, ოპოზიციის ლიდერი იქნება. გინდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჭკუა მოჰკითხოთ? ჭკუა და სამშობლოს სიყვარული რომ ჰქონოდა, აბა, სახელის და გვარის პრობლემა კი არ გვქონდა. აქედან გამომდინარეობს, მისი უჭკუობაც", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



