რეზონანსი
(10.03.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდა, აშშ-ს და ისრაელს პირველებს რომ არ დაერტყათ.

„ირანი ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისინი ახლო აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, თუ ჩვენ მათ არ დავარტყამდით“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ირანის რაკეტებისა და სხვა იარაღის „უმეტესობა“ ამჟამად განადგურებულია.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანიც აპირებდა ისრაელის განადგურებას, მაგრამ აშშ-მა სწორ დროს შეაჩერა ეს.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ამაში ვართ ჩართული. ეს მალე დასრულდება და თუ კვლავ დაიწყება, კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მიადგებათ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, თეირანის გადაწყვეტილება, აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები დაეწყო, „ძალიან სულელური იყო“.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანზე თავდასხმით ის ასრულებს 2015 წელს მიცემულ დაპირებას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლებას არ მისცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე