თამთა ჩაჩანიძე
(11.03.2026)

შიდა პოლიტიურ სივრცეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა კვლავ აქტუალური თემა ხდება. პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მხარეებს შორის შესაძლო მოლაპააკება დემოკრატიული პროცესებისა და კრიზისული საკითხების გადაჭრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად განიხილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდანაც, რომელიც საქართველოს 8-10 მარტს სტუმრობდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტის შესაფებისას თქვა რომ პოლიტიკური დიალოგის ნაკლებობაა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ განაცხადა, რომ დიალოგის ნაკლებობაა.

"წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია [ეუთო] ყველანაირ ძალადობას გმობს, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა, ასევე, მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვან.

"და წამოვაყენეთ დიალოგის ამ ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა", - განაცხადა სამპიეტრომ.

მხარეთა შეფასებები

"ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შევა".

"თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარებთ? წახვალთ? გეკითხებით. ვერ წახვალთ. მე კი არ უნდა მაღიარონ, სიტუაცია უნდა აღიარონ. არ აღიარებენ და კიდევ გეუბნებით, წახვალთ იმ პაემანზე იმ ადამიანთან, რომელიც არ გაღიარებთ ადამიანად?" - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებები დიალოგის პერსპექტივას სპობს.

"რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან",- ამბობს სამხარაძე.

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ტატა ხვედელიანი კი ამბობს, რომ "დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე კი ამბობს, რომ დიალოგისთვის ხელისუფლების მხრიდან ორი მთავარი პრობლემა უნდა გადაიჭრას.

"საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის და ფორმის გამოყენება. იმისთვის რომ ეს კრიზისი გადაიჭრას, უნდა გადავჭრათ მთავარი ორი გამომწვევი მიზეზი: სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური საქმეების და პროცესების შეწყვეტა პოლიტიკურ ველზე. ამ ორი საკითხის გარშემო დიალოგი, ერის კონსოლიდაცია გადამწყვეტად მიგვაჩნია", - აღნიშნავს კუპრაძე.

მზად არის თუ არა "ქართული ოცნება" დიალოგისთვის

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს "ქართული ოცნება" კომპრომისზე არ წავა, შესაბამისად არანაირი დიალოგისთვის მზად არაა.

"ქართული ოცნება" არანაირი დიალოგისთვის მზად არაა. ის პირიქითაა, ღიად არ ლაპარაკობს, მაგრამ მისი ქმედება, განცხადებები და ა.შ. ნიშნავს იმას, რომ ის დიალოგისთვის არათუ მზად არა, არამედ დიალოგი არ აწყობს და არ უნდა არც პარტნიორებთან ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. დიალოგი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" მზადაა რაღაც კომპრომისზე წავიდეს და რაღაც კორექტივები შეიტანოს თავის პოლიტიკაში.

"არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში ეს კორექტივები არ ჩანს, მაშინ დიალოგისთვის მზადყოფნა რას ნიშნავს? ნიშნავს სწორედ იმას, რომ მან კომპრომისები დაუშვას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. როცა ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ამისთვის მზად არაა",- განაცხადა ძაბირაძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "ქართული ოცნება" არანაირი დიალოგისთვის მზად არაა... იმისათვის რომ დიალოგი შედგეს, კომრპომისებია საჭირო და ეს კომპრომისი ძირითადად ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდეს და არა პირიქით"

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა ნებისმიერ ჯგუფთან, თუმცა კომპრომისისთვის არა.

"ხელისუფლებამ არაერთხელ გამოაცხადა, რომ დიალოგისთვის მზადაა, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ ჯგუფთან. პრემიერმა დისკუსიის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, ეს კამათის ის ფორმაა, როცა ჭეშმარიტების დადგენა უნდათ მხარეებს და არა მაინცდამაინც ოპონენტის გაშავება და თავისის გატანა. ვნახეთ რა დონეცაა. მზაობა კარგია, მაგრამ აპრიორი ჩანდა, რომ შეიძლება ეს განცხადებად დარჩეს, რადგან ამაზე მეორე მხარე არ წამოვა",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად მზადაა "ოცნება" კომპრომისისთვის, მამრაძემ გვითხრა:

"იმედი მაქვს, რომ ანტიეროვნულ ძალებთან, სახელმწიფოს მტრებთან ეს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ წავა კომპრომისებზე. იმ კომპრომისებზე, რომელიც პირველ რიგში საზიანოა ერისა და სახელმწიფოსთვის და ამ ანტიეროვნული ძალების მხრიდან მე სხვა მოთხოვნებს ვერ ვხედავ.

  • პეტრე მამრაძე: მათ (ოპოზიციას) დიალოგი არ შეუძლიათ, რაკი არ შეუძლიათ, ისინი იგონებენ ასეთ რაღაცას, რომ თითქოს, არავითარი დიალოგი არ იქნება მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება და ამ ადამიანებს არ გამოუშვებთო"

"თუ ანტიეროვნულ ძალებში გამოჩნდება ცალკეული ადამიანების რაღაც ნაწილი, რომლებიც ამ თავის ანტიეროვნულ ქმედებას შეცვლიან, შეიძლება დიალოგის სივრცე იყოს. მაგრამ მეეჭვება, რომ ქმედებებს შესცვლიან",- განაცხადა მამრაძემ.

ოპოზიციის მზაობა დიალოგისთვის

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ კომპრომისები ძირითადად ხელისუფლების მხრიდან უნდა წამოვიდეს და ოპოზიციას ამ მხრივ პასიური როლი აქვს.

"ოპოზიციას აქ პასიური როლი აქვს. როდესაც ხელისუფლება ნახევარ ოპოზიციას მოღალატედ და მტრად აცხადებს და იმას, ამბობს, რომ პარტიები უნდა გააუქმოს, მაშინ პარტიებს თუ აუქმებს, ხელისუფლებამ როგორ უნდა ილაპარაკოს? ოპოზიციამ რა უნდა ქნას მაშინ, ამ ყველაფერს დათანხმდეს?

"იმისათვის რომ დიალოგი შედგეს, კომრპომისებია საჭირო და ეს კომპრომისი ძირითადად ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდეს და არა პირიქით. ოპოზიცია ისეთს რას ითხოვს რომ? ითხოვს სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ ამისთვისაც არეალი არაა რომ დიალოგის პერსპექტივა გამოჩნდეს.

"ამიტომაც ოპოზიცია ამ შემთხვევაში სრულიად ნეიტრალური და ხელფეხშეკრულია, რადგან ყველაფრის ინიციატორი ხელისუფლებაა და ამიტომ მან უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს დიალოგი დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მზაობა გამოხატოს, და ამ მზაობისთვის მარტო განცხადებები არ კმარა, რომ "მზად ვარ დიალოგისთვის"-ო. რაღაც კონკრეტული კომპრომისების მოძებნაა საჭირო, ამის შემდეგ კი ბატონო, დიალოგი შედგება",- განაცხადა ძაბირაძემ.

პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას არ შეუძლია დიალოგი და მიზეზებს იგონებს, რომ საუბარი არ დაიწყოს ხელისუფლებასთან.

"ოპოზციისა და რუსთაველზე ყოველ დღე გამოსული პროტესტანტების მოთხოვნები იყო პირველი, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ამბობენ, რომ ეს იყო გაყალბებული, მაგრამ ყველაზე კარგად მათ იციან, რომ მართლაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. და მეორე, გამოუშვით პოლიტპატიმრები, როცა მსოფლიოში არცერთმა ორგანიზაციამ არ სცნო პოლიტპატიმრად. ეუთო-ს დელეგაცია იქნება, თუ სხვა, სიტყვა პოლიტპატიმარს არ ხმარობენ.

"არცერთი არაა ცნობილი პოლიტპატიმრად, ყველა მათგანს მოუწია და იძულებულები გახდნენ, რომ რაღაცა ხულიგნობა ჩაედინათ იმისათვის, რომ ციხეში წასულიყვნენ, სხვაირად მათ ისე არავინ იჭერდა.

"ამიტომაცაა რომ მათ დიალოგი არ შეუძლიათ, რაკი არ შეუძლიათ ისინი იგონებენ ასეთ რაღაცას, რომ არავითარი დიალოგი არ იქნება მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება და ამ ადამიანებს არ გამოუშვებთო",- განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე