
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ისრაელისა და აშშ-ის სამიზნეების წინააღმდეგ „ყველაზე ინტენსიური ოპერაცია" დაიწყო, მეორეს მხრივ, ისრაელის დარტყმებიც ინტენსიურია. ამ ფონზე ჩნდება კითხვები, სადამდე შეიძლება კონფლიქტი გაგრძელდეს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია" დაიწყეს.
„ჩვენ უწყვეტ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება", - ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ომის გაგრძელების პირობებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" მტრის სრულ კაპიტულაციაზე ფიქრობს".
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.
პარალელურად კი ისრაელმა ისრაელმა ცენტრალურ ბეირუთს დაარტყა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, დარტყმის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე და მერვე სართულები განადგურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
სადამდე შეიძლება ომი გაგრძელდეს?
ვახტანგ მაისაია - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
"საბრძოლო მოქმედებების ტემპი დაცემულია, თუ არ გავიხსენებთ რამდენიმე სერიოზულ დარტყმას, რომელსაც მხარეები ახორციელებენ, მაგრამ ტემპი, ფაქტობრივად, დაგდებულია, როგორც ჩანს, ორივე მხარეს სჭირდება ტაიმაუტი.
ვფიქრობ, დასრულებულია ომის მეორე ფაზა, რომელიც იმპულსურად შეიძლება კიდევ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. მაგრამ, როდის დაიწყება მესამე ფაზა ეს არავინ არ იცის. შესაძლებელია ამერიკელებმა უკვე სახმელეთო ჩარევის კომპონენტიც გამოიყენონ."
კითხვაზე როგორ აისახება კონფლიქტის გაგრძელება მსოფლიოს ეკონომიკაზე გვპასუხობს: "ნავთობის ფასმა შეიძლება აიწიოს,120 დოლარს გასცდეს, მეტსაც გეტყვით, ამან სხვა მიმართულებითაც შეიძლება მოახდინოს სხვა ფასების ზრდა, სხვადასხვა ქვეყნებში."
"მეორე, ეს შეეხება სატრანზიტო კომუნიკაციებს, ეს მიმართულებაც იქნება შეჩერებული, დღეს გაჟღერდა, რომ ირანმა დაიწყო ორმუზის ყურის საზღვაო ბლოკირება, დანაღმვა. ამ შეფერხებამაც შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი ჯერ რეგიონულ და მერე გლობალურ დონეზე.
შესაძლებელია დოლარის ფასმაც დაიწყოს თამაში ბირჟებზე, გარდა ამისა, სპარსეთის ყურიდან გადის პირდაპირი ინვესტიციები უკვე აზიურ მიმართულებებით: ინდოეთი, მალაიზია და ა.შ"- განაცხადა ექსპერტმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



