
"ადამიანი ციხეში გყავდეს გამოკეტილი, მეორეს ურტყამდე, მესამეს აჯარიმებდე, მეოთხეს ქონებას ართმევდე და მელაპარაკეო მეუბნები, არაადეკვატურია" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ჯერ სინდისის და პოლიტიკური პატიმრები, წინასწარი მოთხოვნების გარეშე, ციხიდან უნდა გამოუშვას და შემდეგ თქვას, რომ ლაპარაკის დრო არის.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე ქვეყანას დრეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება კონსოლიდაცია, თუმცა "ერთობას ყველაზე მეტად ხელს "ქართული ოცნების" ჯიუტი პოლიტიკა უშლის ხელს".
ვერავინ ვერ ივაჭრებს ქვეყნის გარეთ, ისევ თუ ქვეყნის მოსახლეობასთან არ შეთანხმდა. ეს არის "ოცნების" ნარატივი და მცდელობა, რომ შეფუთოს რაღაცები თითქოს ქვეყნის გარეთ წყდება. ზუსტადაც რომ ქვეყნის შიგნით წყდება ყველაფერი და ქართულ საზოგადოებასთან თუ ვერ მოილაპარაკა, ჩვენ გარეშე, ჩვენ სათქმელს ვერავინ ვერ ეტყვის და ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ მოელაპარაკება. ამ პატიმრების სახელით ვერავინ ვერ მოელაპარაკება ქვეყნის გარეთ. პოლიტპატიმრებმა თვითონ თუ არ თქვეს და თვითონ პოლიტპატიმრებს თუ არ მოელაპარაკე და მათ არ შეუქმენი განცდა, რომ დიდსულოვნება გამოაჩინე, შენი მხრიდან და ვთქვათ "ქართული ოცნების" პერსპექტივიდან, რომ გამოუშვი ადამიანები და არ გთხოვო წინასწარ არაფერი, უბრალოდ გამოუშვა ეს ადამიანები და მერე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეხლა დრო არის ვილაპარაკოთ.
როგორ - ადამიანი ციხეში გყავდეს გამოკეტილი, მეორეს ურტყამდე, მესამეს აჯარიმებდე და მეოთხეს ქონებას ართმევდე და მელაპარაკეო მეუბნები, ეს არ არის ადეკვატური, ეს არის სიყალბე. ამ სიყალბეში, რა თქმა უნდა, ვიღაცა შეიძლება შეყვეს, მაგრამ რომ შევყვეთ არც არაფერს არ მივიღებთ, ამიტომაც არც არაფერი შეიცვლება.
ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციიდან, ძალიან გლობალური, დიდი გამოწვევებიდან გამომდინარე, სჭირდება როგორც არასდროს კონსოლიდაცია. იმაზე მეტი უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენი ერთობა არის, ქვეყანას არ ექნება, ვერანაირი თავდაცვის სისტემები, ვერანაირი ალიანსები, დღეს, ამ სიტუაციაში, საქართველოს უსაფრთხოებას ისე ვერ უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი ერთობა, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ერთობას ხელს უშლის "ქართული ოცნების" ჯიუტი პოლიტიკა, უნდა თავისი გაიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ არ გააქ, ვერ გაიტანა და არ გაუვიდა ამდენი ხნის განმავლობაში," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



