
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანი განცხადებები სომხეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და რეალობას ასახავს.
ამის შესახებ რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ ისაუბრა, რითაც შეაფასა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომლის თანახმად, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა.
მისი თქმით, სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება მნიშვნელოვნად გართულდება, თუ საქართველო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რომელშიც დღეს არის.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს განცხადება გამომდინარეობს სომხეთის ეროვნული ინტერესებიდან. რასაც ფაშინიანი ამბობს, მართალია. სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა სერიოზულად გართულდება, თუ საქართველო დარჩება იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს განმარტებები არ გაუკეთებია, თუ რატომ არის გაჩერებული, მაგრამ სინამდვილეში ხომ ვიცით?! ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, საქართველოს რომ არ მართავდეს რუსი ოლიგარქი. ივანიშვილი, იგივე ქართველი აიათოლა დღეს მართავს საქართველოს. ამის გამო არის ევროკავშირთან გაჩერებული მოლაპარაკებები, საფრთხეშია უვიზო მიმოსვლაც, სხვათა შორის ასოცირების ხელშეკრულებაც საფრთხეშია“,- განაცხადა რუხაძემ.
რუხაძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ მდგომარეობაზეც და აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ვერ უშველის.
რუხაძის თქმით, საქართველოს მდგომარეობის მთავარი მიზეზი ივანიშვილის „რუსული და არალეგიტიმური ხელისუფლებაა“.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც ხელისუფლება დაინახავს, რომ ძალაუფლებას კარგავს.
„ამ ვითარებას ვერანაირი დიალოგი ვერ უშველის. მიზეზი რის გამოც საქართველო ამ მდგომარეობაშია, როგორც სახელმწიფო, ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ეს არის ივანიშვილის რუსული და არალეგიტიმური ხელისუფლება. მოლაპარაკებების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდება, რაც დადგება მომენტი, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დაინახავს, რომ კარგავს ხელისუფლებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა მოლაპარაკებებზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში გინახავთ „ქართულ ოცნებას“ რამეზე დაეხიოს უკან?
დღეს სალაპარაკო არაფერი არ არის. ვის უნდა ელაპარაკო, რუსებს? რაზე უნდა ელაპარაკო რუს ოკუპანტებს, რომ პოლიტიკაში რაღაც ადგილი გამოგიყონ? სამწუხაროდ, სალაპარაკო არაფერი არ არის“,- განაცხადა რუხაძემ.
მისი შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის უფრო ფართო ერთიანობაა, რაც რუხაძის თქმით, მმართველ პარტიას დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის.
„ერთადერთი გამოსავალი არის ერთიანობა. ამ ერთიანობის გაფართოება. გაფართოებული ერთიანობით „ქართული ოცნებისთვის“ კიდე უფრო მეტი პრობლემის შექმნა. ამას დაემატება გარე ფაქტორები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აღარ მუშაობს“,- აცხადებს რუხაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



