
თელავში 8 თვის ორსული, მაკა ასაბაშვილი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების მიზეზად სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი სახელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
"როგორც მითხრეს, მაკა მკურნალობდა. თრომბი რომ არ განვითარებულიყო, ნემსებსაც იკეთებდა. სამწუხაროდ, მაინც განვითარდა თრომბი და სახლშია გარდაცვლილი. სასწრაფოც გამოიძახეს თურმე, თუმცა რომ მოსულა, უკვე გარდაცვლილი დახვედრია. ვერც ნაყოფი გადაარჩინეს. საშინელებაა, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. თრომბოფილიის მართვა ძალიან ძნელია, ექიმმა უნდა მართოს კარგად ასეთ დროს ორსულობა. თუ მკურნალობდა, რატომ მოხდა ეს ტრაგედია არ ვიცი. ძალიან რთულია ზოგადად მართვა, სამწუხაროდ, ხშირად იღუპებიან ორსულები თრომბით”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.
მაკას გარდაცვალებას განიცდიან მის მშობლიურ კუთხეში, თელავში. ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მას რთული ცხოვრება ჰქონდა.
"ის ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. გაჭირვების მიუხედავად, მუდამ მომღიმარი სახით შეგხვდებოდა და თავის ტკივილს არ გაგრძნობინებდა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, სრულწლოვანია, მაკას პირველი მეუღლე გარდაცვლილია. მარტო ზრდიდა შვილს. თელავში ცხოვრობდა, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა მისი ძმა და მშობლებიც. დიდი ტკივილი გადაიტანა. მარტო უწევდა ცხოვრება თავის შვილთან ერთად... ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ასე მალე წავიდა ამქვეყნიდან. ძალიან დიდი გულისტკივილია.
პატარას მოლოდინში იყო, ალბათ როგორ ითვლიდა დღეებს, როგორი სიხარულით ელოდებოდა შვილის დაბადებას, უნდა გაეხარა და უცებ ამხელა ტრაგედია დატრიალდა. თანავუგრძნობ მის შვილს და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, მართლა ძალიან განვიცდი მომხდარს”, - განაცხადა ადგილობრივმა.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


