
„ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციური ძალების მცდელობა ერთიან ალიანსად ჩამოყალიბდნენ უფრო პოლიტიკური შოუს შთაბეჭდილებას ტოვებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას „პოპორნის მომარჯვებას" ურჩევს. ამის პარალელურად მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალიანსში მომხდარი შიდა კონფლიქტის გამო, შესაძლოა თანამდებობიდან გადაგდეს ენმ-ის თავმჯდომარე, რაც შემდგომ თინა ბოკუჩავამ უარყო და „პროპაგანდისტული ბოდვა" უწოდა.
მისი მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ინფორმაცია 12 მარტს „რუსთავი 2"-სა და „იმედზე" გავრცელდა. მიზეზი კი, ამავე წყაროების ცნობით, „ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილისა და ენმ-ს ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის „ფეისბუქ" დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა" ცისკარიშვილს გაემიჯნა და პარტიის წევრებს შეთანხმების პირობები შეახსენა.
შეძლებს თუ არა ოპოზიციური ალიანსი ერთობის შენარჩუნებას, ამაზე ანალიტიკოსთა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ხოლო ნაწილს კი მიაჩნია, რომ ცალკეული პიროვნული დაპირისპირებები ალიანსის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.
პაპუაშვილისა და ბოკუჩავას განცხადებები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბოს, რომ ახალი ოპოზიციური ალიანსის სახით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია ხდება და ეს პროცესი შეიძლება ნამდვილ პოლიტიკურ სეირად გადაიქცეს.
„ასეთი ერთიანი დიდი ხანია არ ყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც აქვს არა რაიმე იდეოლოგიური ან გეგმებთან დაკავშირებით კონფლიქტი, კონფლიქტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი. ამაზე მიდის დავა შიგნით. ჩანს, ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხვრებად. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩების და ცხვრების გადანაწილებებს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
- შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩების და ცხვრების გადანაწილებებს".
ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი გადაჭრით უარყო მედიით გავრცელებული ცნობები მის მოსალოდნელ გადაყენებაზე.
„რუს-ქოცებს" და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.
„ტრუსკავეც-მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი, უნდა გავაწბილო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ. ვიბრძვით გამარჯვებამდე!" - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ.
შეძლებს თუ არა ალიანსი ერთობის შენარჩუნებას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ცისკარიძე-ჩერგოლეიშვილის ეს დაპირისპირება ცალკე აღებული შემთხვევაა და საერთო ჯამში ერთობის შენარჩუნებას შეძლებს ალიანსი.
„ოპოზიციური ალიანსი ერთიანობის შენარჩუნებას შეძლებს. ეს ცალკეული შემთხვევაა, სასიამოვნო ფაქტი არაა, მაგრამ ოპოზიციურ ერთობაში უფრო მეტია პასუხისმგებელი ადამიანი. (ჩერგოლეიშვილ-ცისკარიშვილის) დაპირისპირების რეალური მიზეზი კი ალბათ პიროვნული რაღაც საკითხია.
„ასეთი შემთხვევები საერთოდ სასურველია რომ არ მოხდეს, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მალევე გააკეთა განცხადება და ვფიქრობ ერთობას არ დააზიანებს ცალკეული შემთხვევები. შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება იყოს და ეს სრულიად ბუნებრივია, იქ ერთი ადამიანი ხომ არ წყვეტს ყველაფერს, როგორც ბიძინა ივანიშვილი წყვეტდა. შესაძლოა რაღაც საკითზე უთანხოება იყოს, მაგრამ ეს საჯარო არ უნდა გახდეს.
„ოცნება" დაინტერესებულია, რომ დაპირისპირება იყოს და ასეთი განცხადებით თითქოს საზოგადოებას ამზადებენ, რომ ერთიანობა არ იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „შესაძლოა რაღაც საკითზე უთანხოება იყოს, მაგრამ ეს საჯარო არ უნდა გახდეს. „ოცნება" დაინტერესებულია, რომ დაპირისპირება იყოს და ასეთი განცხადებით თითქოს საზოგადოებას ამზადებენ, რომ ერთიანობა არ იქნება".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ალიანსი მისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს, თუმცა ბევრი რამ საგარეო მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
„ერთობის შენარჩუნებას იმდენად შეძლებს, რამდენადაც ადრე შეძლო. ეს მერვე ალიანსია, თუ არ ვცდები. დიანა ტრაპაიძემ თქვა ეთერში - მერვეაო. ალიანსის ხალხთან გადაცემა ჰქონდა და უთხრა, რომ მერვე დოკუმენტია და ეს რითი იქნება განსხვავებულიო.
„არ მგონია ეს „მერვე ალიანსი" შეინარჩუნონ. თუმცა ისინი ძირითადად საგარეო პარტნიორების გავლენა-შეთანხმებით მოქმედებენ. ეს მარტო ქართული პროცესი არაა და დიდადაა დამოკიდებული, თუ დასავლეთში როგორი იქნება ოპოზიციური პროცესის შეფასება-ორიენტაცია. თუკი მათ გაერთიანებას მხარი დაუჭირეს, ესენი შეინარჩუნებენ. თუ მათ ქაოსზე ექნათ ორიენტაცია, მაშინ ეცდებიან ესენი მარტივ მამრავლებად დაიშალონ და ქუჩაში გავიდნენ.
- რამაზ საყვარელიძე: „ისინი ძირითადად საგარეო პარტნიორების გავლენა-შეთანხმებით მოქმედებენ. ეს მარტო ქართული პროცესი არაა და დიდადაა დამოკიდებული, თუ დასავლეთში როგორი იქნება ოპოზიციური პროცესის შეფასება-ორიენტაცია."
„ზოგადად პოლიტიკოსების დაპირისპირების სიღრმისეული მიზეზია პოლიტიკური შეუთავსებლობა, ზედაპირული კი - პიროვნული შეუთავსებლობა, ვფიქობ ახლა უფრო პიროვნული შეუთავსებლობაა, ვიდრე პოლიტიკურ-სიღრმისეული.", - ამბობს საყვარელიძე.
ბოკუჩავას მოხსნის საკითხი
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ენმ-ის თავმჯდომარეობოდან თინა ბოკუჩავას მოხსნის საკითხი, შესაძლოა, მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყოს.
„შესაძლოა „ოცნების" დეზინფორმაციაც იყო იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ოპოზიციაში დაპირისპირებაა..
„სულ ერთი არაა ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ თუ ბოკუჩავა გადააყენეს, ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს. ენმ როგორც იყო დარჩება პროქართულ-პროდასავლურ პარტიად", - განაცხადა ჩიტაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი გვეუბნება, რომ ენმ თავმჯდომარეებს ხშირად იცვლის, ბოკუჩავას კი უკვე „თვალი შეეჩვია" და შესაძლოა ოპოზიციის დასავლელ პარტნიორებს ის „მობეზრდათ".
„ბოკუჩავა უკვე დიდი ხანია თავმჯდომარეა. ვხედავთ, რომ მას მერე, რაც მთავარი თავმჯდომარე შეცვალეს, ხშირად იცვლის თავმჯდომარეებს. პარტიას გაწერილი აქვს თუ არა რაიმე პრინციპი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - ბოკუჩავას თვალი შეეჩვია და პარტნიორებს შეიძლება მობეზრდათ კიდეც.
„ალბათ ლაპარაკი შეიძლება იყოს სანიკიძეზე, ადრეც გავრცელდა ეგ ვერსია. პირველკაცობას მაშინ აქვს აზრი, თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ასე ქაოტურ მდგომარეობაში და ქუჩაში პირველკაცობას შეიძლება აზრი არ აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ვინ მართავს ალიანსს
ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ შესაძლოა ალიანსის გეგმებში ერთიანი მმართველი ორგანოს ჩამოყალილებაც იყოს.
„ოპოზიციურ ერთობას აქვს სტრატეგია-ტაქტიკა, მოსახლეობასთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს, იგივე პროგრამის შემუშავებას - აღნიშნული მიმართულებებით იმუშავებს და პლუს ერთობლივ ღონისძიებებს მოაწყობს.
„შეიძლება ალიანსის მმართველი ორგანო ოფიციალურად არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ იყოს, მაგალითად, საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სავარაუდოდ პარტიების ლიდერები შევლენ.
„ჩემი წარმოდგენით, საბჭოში ლიდერები შევლენ - ნიკა გვარამია, თინა ბოკუჩავა, თამარ ჩერგოლეიშვილი და ა.შ. თუმცა, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა ჩიტაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ერთიანი მმართველი ორგანო ალიანსისთვის აუცილებელია.
„არ ვიცი როგორი მართველი რგოლი ეყოლებათ, მაგრამ თუკი ერთიანი მართვა არ იქნა, ვერც ერთიან პოლიტიკას გაატარებენ და თუ ერთიანი პოლიტიკა არ გატარდა, შედეგიც არ იქნება... თუ გამარჯვება უნდათ" - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



