
ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვის ნაცვლად, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი – ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად არის მიღებული, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული როგორც ბიზნესსექტორის, ისე მოსახლეობის ინტერესები.
„ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეიცვალა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ აღარ აიკრძალება ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების რეგისტრაცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან. ნაცვლად ამისა, აღნიშნულ ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი – ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები, ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



